კონსტანტინე ზანისი

კონსტანტინე მათეს ძე ზანისი (1864–1947) — რუსი ფოტოგრაფი.

კონსტანტინე ზანისი
კონსტანტინე ზანისის დიპლომი. პირველი კავკასიური ფოტოგამოფენა, 1897

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა ალექსანდროპოლში გაატარა. 1878 წელს ოჯახი გადმოსახლდა თბილისში და იმავე წელს სასწავლებელში ჩააბარა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოეწყო კერძო ფოტოგრაფიულ სახელოსნოში. 1890-1901 წლებში მიწვეული იყო კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურში ფოტოგრაფად[1]. 1897 წელს მონაწილეობა მიიღო მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების პირველ კავკასიურ გამოფენაზე, სადაც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1901 წელს საიუბილეო კავკასიის გამოფენაზე მას მიაკუთვნეს რუსეთის საიმპერატორო საზოგადოების ჯილდო — მცირე ოქროს მედალი (დიდი ოქროს მედალი ერგო ცნობილ ფოტოგრაფს ედუარდ კლარს), რომელიც მან დაიმსახურა იმ 220 ფოტოგრაფიული სურათისათვის, რომელიც მან ამავე საზოგადოების დაკვეთით გადაიღო. ფოტოები ასახავდა მევენახეობისა და მეღვინეობის ტექნოლოგიის განვითარებას, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. 1898 წლიდან კ. ზანისი აქტიურად სწავლობს და ფოტოზე ასახავს ქართული ფუტკრის მოვლისა და მოშენების ყველა წესს. ფოტოხელოვანის ობიექტივში მოხვდა ასევე ისეთი ახალი კულტურის შემოტანა და დანერგვა საქართველოში, როგორიცაა ჩაი და ციტრუსები. მის ფოტოებზე ასახულია ჩაის ბუჩქების პირველი სანერგე, პირველი ფაბრიკა ჩაქვში, საქართველოს ჩაის სპეციალისტის ლაო ჯინ ჯაოს მოღვაწეობა ბათუმის ოლქში.

1901 წელს დაინიშნა კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების ფოტოგრაფიის ხელმძღვანელად. საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში (1918-1921) იყო სამხედრო სამინისტროს ფოტოგრაფიის გამგე. საბჭოთა პერიოდში აგრძელებდა მუშაობას სამხედრო-ტოპოსგრაფიულ დაწესებულებაში. იგი მონაწილეობდა ფოტოგრაფიული შემოქმედებითი კავშირების მუშაობაში, ფოტოგამოფენებში, აზიარებდა ხელოვნებას ფოტოგრაფების ახალ თაობას. 1936 წელს მას მიენიჭა შრომის გმირის წოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ინასარიძე შ., „საქართველოს მესურათხატენი“, თბილისი, 2002, გვ. 13

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება