კამური თეთრი, თეთრი კამურა, კამურა, კამურის ყურძენი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან. სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას გამოჩენამდე კამური თეთრი ფართოდ ყოფილა გავრცელებული მაღლარების სახით გურიაში და ქვემო იმერეთში. მას ხშირად აივნების გასალამაზებლად და მარნების თავზე დასაჩრდილებლად აშენებდნენ.

თეთრი კამური

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ განტოტვილი და თხელი. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, მოგრძო-ოვალური. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი მკვრივხორციანია, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

კამური თეთრი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175 დღეა. მტევნის წონა 170-250 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 5.5-7.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.4-8.0 გ/ლ-ს.

კამური თეთრისგან მიიღება სუფრის თეთრი ღვინო, რომელიც ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, ხალისიანი მჟავიანობით, საკმაო ექსტრაქტულობით და მაღალი გემური თვისებებით ხასიათდება. ყურძენი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, კარგი შენახვისუნარიანობით და უძლებს ტრანსპორტირებას. წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოცირიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 355.
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბილისი, 2018, გვ. 171

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება