ტიმოთე გაბაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან გაბაშვილი, ტიმოთე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.

ტიმოთე გაბაშვილი (დ. 1703 — გ. 1764, ასტრახანი) — ქართველი საეკლესიო (მთავარეპისკოპოსი) და საზოგადო (მწერალი, მხატვარი, მოგზაური, დიპლომატი, კარტოგრაფი), მეცნიერი და მოღვაწე. ტიმოთე გაბაშვილი იყო მეტად განათლებული ქართველი მოღვაწე, რომელიც კარგად ფლობდა — ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებასა და რელიგიის ისტორიას. ამავდროულად იცოდა რუსული, ბერძნული და თურქული ენები. ავტორია მემუარული ჟანრის ნარკვევისა — „მიმოსლვა”, სადაც მოცემულია ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული ცნობები.

ტიმოთე გაბაშვილის მიერ 1737 წელს შედგენილი რუკის დეტალი
ჩხარის წმიდა გიორგისა და მაცხოვრის ეკლესიები (ფრაგმენტი ქუთათელ მთავარეპისკოპოსის ტიმოთე გაბაშვილის 1737 წლის იმერეთის რუკიდან)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტიმოთე გაბაშვილის შესახებ მეტად მწირი ინფორმაცია მოიპოვება და მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სრულად აღდგენა ვერ ხერხდება. პირველი ვინც შეეხეო ტიმოთეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, იოანე ბატონიშვილი იყო. მის „მცირე უწყებანში ქართველ მწერალთათვის“ ვკითხულობთ: ტიმოთე მთავარეპისკოპოსი ერისთავის გვარისა, თავადი, კაცი მეცნიერი, წარვიდა ტფილისიდამ და მივიდა სტანბოლს. სულთანმან კარგად მიიღო და უბოძა თხოვისაებრ მისისა ფარმანი მოსალოცველად წმიდათა ადგილთა. და ესე წარვიდა მუნით და მოილოცა იერუსალიმი და გარემოს მისა წმინდანი ადგილნი. და მივიდა ათონის მტასა შინა და მუნცა მოილოცნა წმინდანი მონასტერნი. და სადაცა რაჲ იხილა, ყოველივე აღწერა კეთილად და მშვენიერად, რომელსა უწოდა წიგნსა მას „ტიმოთიანი“. და სხვანიცა სწავლანი შესძინა წიგნსა მას შინა. დაკვალად მოვიდავე ქართლსა შინა და კეთილისა ცხოვრებითა განვლო წელნი თვისნი“[1].

იოანე ბატონიშვილის ცნობებიდან სანდოა მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც „მიმოსლვიდან“ არის ამოკრეფილი. საეჭვოა და საფუძველი არ უჩანს დანარჩენებს, კერძოდ, იმას რომ ტიმოთე ერისთავთა გვარისა იყო და, რომ, მოგზაურობის შემდეგ ქართლს დაბრუნებულმა, აქ, „ქართლსა შინა და კეთილისა ცხოვრებითა განვლო წელნი თვისნი“.

ტიმოთე გაბაშვილის ბიოგრაფიის დაწერის პირველი ცდა პლატონ იოსელიანს ეკუთვნის[2]. მაგრამ ეს ბიოგრაფიული ნარკვევი ღარიბსა და, ხშირ შემთხვევაში, არაზუსტ ცნობებზეა აგებული.

ტიმოთე გაბაშვილის თხზულებების მოკლე მეცნიერული ანალიზი და შეფასება აკად. კორნელი კეკელიძეს ეკუთვნის[3]. კორნელი კეკელიძის ვარაუდით ტიმოთე გაბაშვილი ქართლის აზნაურთა იმ შტოს ეკუთვნოდა, რომლიდანაც ზაქარია და ბესარიონ გაბაშვილები გამოვიდნენ[4].

ალექსანდრე ხახანაშვილის ცნობით ტიმოთე გაბაშვილი ბესარიონ კათალიკოზის მოწაფე იყო[5].

არსებული მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმერეთში წასვლამდე ტიმოთე მოღვაწეობდა კახეთში გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში, ე. ი. იქ, სადაც 1729 წლამდე ბერად იყო აღკვეცილი და სამწერლო მოღვაწეობას ეწეოდა ბესარიონ ორბელიშვილი. ამას ადასტურებს ტიმოთეს გადაწერილი ბესარიონ ორბელიშვილის „გრდემლი“[6].

30-იანი წლების დამდეგს ტიმოთე იმერეთში გადავიდა, სადაც ის ქუთათელ მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. ამ წლებში იმერეთში მომძლავრებული ოსმალეთი მეტად ავიწროვებდა როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ხალხსა და ეკლესიას. იმერეთში ჩასულ ტიმოთეს ქუთათელის საეპისკოპოსო ტაძარიც გუმბათმოქცეული და „უწირველ-ულოცველი“ დახვდა. ბუნებრივია, რომ კათალიკოსთან ერთად ქუთათელი მთავარეპისკოპოსიც აქტიურად ჩაება სახელმწოფოებრივ და საეკლესიო საქმეებში. ამ ასპარეზზე მოღვაწეობით ტიმოთემ მალე იმერთა მეფის ალექსანდრე V-ის ნდობა დაიმსახურა.

პირველი ელჩობა რუსეთში

რედაქტირება

ისტორიულ დოკუმენტებში ტიმოთე ჩანს 1737 წლიდან, ე. ი. იმ დროიდან, როდესაც ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი, 1738 წელს იმერეთის მეფემ ალექსანდრე V-მ რუსეთში დიპლომატიურ ელჩად გააგზავნა შანშე ერისთავთან ერთად, ოსმალეთის წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად.

1730-1735 წლებში სპარსეთ-ოსმალეთის ბრძოლაში ქართველები ირანს მიემხრნენ და ქართლ-კახეთიდან ოსმალები განდევნეს. ირანის ბატონობა მათ უფრო ნაკლებ ბოროტებად მიაჩნდათ, ვიდრე ოსმალობა. მაგრამ ნადირ-შაჰმა ქართლ-კახეთში ირანული გადასახადები და ყიზილბაშური წყობილება შემოიღო. ეს არა ნაკლებ მძიმე გამოდგა, ვიდრე ოსმალობა იყო. მაშინვე ქართლსა და კახეთში აჯანყებები დაიწყო. ქართლის აჯანყებას სხვებთან ერთად შანშე ქსნის ერისთავიც მეთაურობდა.

1737 წელს აჯანყებულთა წინააღმდეგ ნადირ-შაჰმა თავისი ძმა იბრეიმ-ხანი და აზერბაიჯანის ლაშქარი გამოგზავნა. აჯანყების მეთაურებმა დატოვეს ქართლი. შანშე იმერეთს გაიქცა. აქ მან იმერეთის მეფე ალექსანდრესთან ერთად სპარსეთ-ოსმალეთის მონობისაგან განთავისუფლების ფართო გეგმა დააწყო. როგორც ქართლი, ასევე იმერეთი რუსეთის მთავრობაზე ამყარებდნენ მთელ იმედებს. შანშე რუსეთს გაემგზავრა. მან თან წაიღო ქართლის თავადების ხელმოწერით საერთო თხოვნა. შანშესთან ერთად რუსეთს გაემგზავრა იმერეთის მეფის ელჩი ტიმოთეც. ქართლის თავადები რუს-ხელმწიფისაგან ბაქარს ითხოვდნენ; ალექსანდრე მეფე იმპერატორის ლაშქარს იმერეთში ოსმალთა წინააღმდეგ მოუწოდებდა.

1738 წლის მარტის პირველ რიცხვებში ტიმოთე და შანშე ჩავიდნენ მოსკოვს. შანშეს თამამ პოლიტიკურ გეგმებს რუსეთის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა და ირანთან ურთიერთობის გაფუჭების შიშით მოსთხოვა მას სასწრაფოდ დაეტოვებინა რუსეთი და დაბრუნებულიყო საქართველოში. ტიმოთემ კი ანა იოვანეს ასულს წარუდგინა ალექსანდრე იმერთა მეფის გაგზავნილი წერილი და აგრეთვე თავისი შედგენილი დასავლეთ საქართველოს რუკა, რომელსაც სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა: მასზე დეტალურად იყო ასახული რელიეფი, წიაღისეული სიმდიდრეები, ისტორიული ძეგლები, ციხესიმაგრეები და სამხედრო დანშნულების ობიექტები. წერილში ალექსანდრე მეფე აცნობდა რუსეთის იმპერატორს დასავლეთ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობას, მის ბუნებრივ საბადოებს, და, ბოლოს, დასავლეთ საქართველოს ოსმალთაგან განთავისუფლების გეგმას ხედავდა: „ჩვენა გზები და მათი ნავთ-საყუდლები და თათართ ციხეები დაგვიხატავს და გვიახლებია, ან რაც ჩვენ ქვეყანაში ქანია, ვეცხლისა, თუ ოქროსი, თუ სხვისა მრავალფერის კალისა, სპილენძისა, ტყვიისა, რკინისა. სამმაგი ჭაშნიკი მომირთმევია“.

თავის მხრივ ტიმოთე გაბაშვილიც თხოვნით მიმართავდა სახელმწიფო კანცლერს, რათა ალექსანდრე მეფეს „ძველი ულუფა უბოძონ, რომელიც რომ ძველითგან ჰქონებია“. ამას გარდა ტიმოთე ალექსანდრე მეფის დავალებით დამატებით ცნობებს აწვდიდა რუსეთის მთავრობას დასავლეთ საქართველოს შესახებ და აფართოებდა იმ სამხედრო გეგმებს, რომლებიც ალექსანდრე მეფის წერილში იყო ჩამოყალიბებული:

თიმოტეს აზრით, აღნიშნული ციხეების აღება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. ასევე შესაძლებელი იქნება ანატოლიაში ადვილად გადასვლა და შემდგომ მისი დაპყრობაც[7].

იმერეთის რუკის შექმნა

რედაქტირება
 
1737 წელს შედგენილი იმერეთის რუკა

გამგზავრებიდან ერთი წლით ადრე (1737) ტიმოთემ თავისი ხელით შეადგინა საყოველთაოდ ცნობილი ლიხთ-იმერეთის (ე.ი. დასავლეთ საქართველოს) რუკა, სადაც რელიეფურადაა გამოსახული დასავლეთ საქართველოს უმთავრესი მთები, ჰიდროგრაფიული ქსელი, მცენარეული საფარი, დასახლებული პუნქტები, სანაოსნო გზები, წიაღისეული სიმდიდრეების საბადოები და ისტორიული ძეგლები (განსაკუთრებით ციხესიმაგრეები და და სადაზვერვო კოშკები). ტიმოთეს მიერ შედგენილი რუკა მთლიანობაში ასახავს დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიულ, გეოლოგიურ, ისტორიულ და ხუროთმოძღვრულ მასალებს.

დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიას. რუკაზე დაიტანა დაახლოებით 150 გეოგრაფიული სახელწოდება. გარდა ამისა მის რუკაზე ფართოდ გამოისახა წიაღისეული სიმდიდრეები, მ.შ. აღნიშნულია გოგირდის, რკინისა და ვერცხლის საბადოები. ყურადღებას უთმობს ასევე საერო ნაგებობებსა და ტაძრებს.

რადგან რუკას სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა, მასზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ამა თუ იმ ციხესიმაგრეების გეგმებსა და მათთან მისასვლელ გზებს. აღწერილია სოხუმისა და ქუთაისის ციხეები და სხვ.

ტიმოთე გაბაშვილის ცხოვრების ეპოქას დაემთხვა XVIII საუკუნის მოვლენები. ამ პერიოდში ოსმალობა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. გაძლიერებული აგრესიის შედეგად ოსმალებმა მოახერხეს მრავალი ქალაქისა და ციხესიმაგრის აღება. XVIII საუკუნის 20-იანი წლებიდან მათ დაიპყრეს ბათუმი, ფოთი, რუხი, სოხუმი, ამასთანავე ხელთ იგდეს და ნაწილობრივ დაანგრიეს ციხესიმაგრეები. 1724 წელს სოხუმში არსებული ციხესიმაგრე ოსმალებმა კიდევ უფრო გაამაგრეს და მას „სოხუმ-კალე“ უწოდეს. მიუხედევად აჯანყებებისა, აფხაზთა ხალხმა მაინც ვერ შესძლო ციხის საბოლოოდ განთავისუფლება. მათი ბატონობა აქ დიდხანს გაგრძელდა. ოსმალებმა ფართოდ მოიკიდეს ფეხი ასევე ბათუმში და დაიპყრეს აქ არსებული ბათუმის ციხე (იგივე ლოსორიონი). ოსმალთა ხელში გადავიდა სახელგანთქმული რუხის ციხეც.

მათ აქ განათავსეს გარნიზონიც, მაგრამ შემდგომ ქართველებმა (რუსებთან ერთად) მოახერხეს ციხის გათავისუფლება. ამ ვითარებიდან გამომდინარე დასავლეთ საქართველოს მთავრებს არაფერიღა დარჩენოდათ თუ არა ელჩი გაეგზავნათ რუსეთში და მფარველობა ეთხოვათ მათთვის.

ტიმოთე გაბაშვილმა წერილი გადასცა რუსეთის დედოფალს ანა იოანეს ასულს და ალექსანდრე V წერილშივე აღნიშნავს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას.

მეორე ელჩობა რუსეთში

რედაქტირება

1738 წელს ტიმოთე გაბაშვილი საგანგებო საიდუმლო დავალებით პეტერბურგში ჩავიდა. სინოდის კანცელარიის 1738 წლის 23 მარტის საქმეში ვკითხულობთ: მოსკოვის სინოდალური სამმართველოს კანცელარიის მომწობით სტუმრად იყოფებოდა საქართველოს ორი მიტროპოლიტი: არსენი და ტიმოთე. პირველი მათგანი პირად საქმეზე იყო ჩამოსული ხოლო მეორე კი საიდუმლო წერილები ჰქონდა გადმოსაცემად მოტანილი[8]. მაგრამ, გარდა პოლიტიკური მისიისა, ტიმოთეს ალექსანდრე იმერთა მეფისაგან სხვა დავალებაც ჰქონია მიღებული.

ალექსანდრე მეფის დავალებით ტიმოთეს აღუძრავს საქმე გარდაცვლილი ვახტანგ VI-ის ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომელთაც აბრალებდა ალექსანდრესაგან პეტრე პირველისათვის გაგზავნილი საჩუქრების (ოქროს გვირგვიინისა და მარგალიტის მძივის) დაფარვას[9]. ამ საქმეს მეტად უსიამოვნო ხასიათი მიუღია და გაუფუჭებია ვახტანგის ოჯახის წევრებსა და ტიმოთეს შორის დამოკიდებულება, რის გამოც ტიმოთემ ვერ დაამყარა კონტაქტი მოსკოვში მცხოვრებ ვახტანგ VI-ის კოლონიის წევრებთან.

პეტერბურგში ჩასულ ტიმოთეს წირვის უფლება მოუთხოვია. სინოდს ტიმოთეს თხოვნა დაუკმაყოფილებია და მღვდელთმსახურებისათვის ანდრია პირველწოდებულის ეკლესია (ვასილიევის კუნძულზე) მიუჩენია. სინოდის ერთ-ერთი საქმიდან ირკვევა, რომ 1739 წელს ტიმოთემ ანდრია პირველწოდებულის ეკლესიაში მღვდლად აკურთხა ველიკიე ლუკის დიაკვანი ვინმე დოროფეევი.

ტიმოთეს რუსეთში დაყოვნება რუსეთ-ოსმალეთის ომის გახანგრძლივებამ გამოიწვია. ტიმოთეს იმედი ჰქონდა, რომ ომის მსვლელობაში ის რუსეთის მთავრობას იმერეთის ბედით დააინტერესებდა და ზავის დადების დროს რუსეთი ოსმალეთისაგან იმერეთს მოითხოვდა. მაგრამ, რუსის ჯარის საომარი წარმატებებისა, განსაკუთრებით ომის დასასრულს, 1739 წლის ბელგრადის ზავი რუსეთისათვის არახელსაყრელი პირობებით დაიდო. ომის დასასრულს ტიმოთეს სამშობლოში დაბრუნებაზე არ უჩქარია და დაბრუნება მისთვის სახიფათოდ მიუჩნევია და 1739 წლის ივლისის თვეში რუსეთში დარჩენის ნებართვა მოუთხოვია[10].

სამეფო კანცელარიამ შეიწყნარა ტიმოთეს თხოვნა, მას რუსეთში დარჩენის ნება დართო და საცხოვრებლად მოსკოვის დონის მონასტერი მიუჩინა, მაგრამ ტიმოთეს მოსკოვის დონის მონასტერში ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნდა, რადგანაც იქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მიგრანტები ვახტანგ VI-ის კოლონიიდან. ამიტომ დონის მონასტერში ცხოვრებაზე ტიმოთემ კატეგორიული უარი განაცხადა და საქართველოსაკენ სახიფათო გზა არჩია.

1740 წელს ტიმოთემ რუსეთის მთავრობისაგან მიიღო იმერთა მეფისათვის განკუთვნილი საპასუხო წერილი, საჩუქრები და გამოემგზავრა პეტერბურგიდან სამშობლოსაკენ. ტიმოთე ჯერ მოსკოვში ჩავიდა იქ 1740 წლის აპრილის თვეში მონაწილეობა მიიღო სომეხი მთავარეპისკოპოს მინასის მართლმადიდებლობაზე მოქცევის ცერემონიაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა კრემლის მიძინების ტაძარში.

იმავე წელს ტიმოთე ოთხ მხლებელთან ერთად მოსკოვიდან იმერეთისაკენ გამოემართა. მას თან მოჰქონდა ალექსანდრე იმერთა მეფესთან ანა იოანეს ასულის წერილი, ზეპირი დავალებები და საჩუქრები. სახიფათო გზის გამო ტიმოთეს მთელი ავლადიდება და საკუთარი ეკიპაჟი დაუტოვებია და ისე განუგრძია გზა. გზაში ტიმოთე მხლებლებითურთ ჩერქეზებს ჩავარდნია ხელში, სადაც 6 თვე დაუყვია ტყვეობაში, ხოლო შემდეგ ღამით გაპარულა და 3 დღის მგზავრობის შემდეგ ჩასულა ხრეიტას მაზრაში, საიდანაც ალექსანდრე იმერთა მეფისათვის სანდო კაცის ხელით წერილი გაუგზავნია.

ტიმოთეს 6 თვიანი არგამოჩენის გამო 1740 წლის სექტემბერში ქუთათელად ანტონი იკურთხა, რომელმაც 1742 წელს ტიმოთეს გამოჩენისთანავე დატოვა კათედრა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში ბერად შედგა.

ამგვარად, რუსეთიდან დაბრუნებული ტიმოთე 1742 წლის მიწურულისთვის კვლავ უბრუნდება თავის ეპარქიას და განაგებს მას 1747 წლამდე. ოსმალთა მიერ იმერეთის დაპყრობის შემდეგ ტიმოთე მისი რუსეთში ელჩობის გამო იძულებული გახდა ქართლში გადახვეწილიყო. 1749 წელს ანტონ კათოლიკოსი ტიმოთეს ბოლნისის ეპარქიის მამულებს ღალასა და კულუხს უბოძებს.

მოსკოვიდან საქართველოში მომავალი ტიმოთე (1740) გზაში ჩერქეზებმა შეიპყრეს და ექვსი თვე ტყვეობაში გაატარებინეს. შემდეგ იგი გაიქცა და საქართველოში 40-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებული ტიმოთე თავის ეპარქიას 1747 წლამდე განაგებდა. 1753 იგი ქართლის მთავარეპისკოპოსად აკურთხეს. შემდეგ იგი აქტიურად ჩაება ერეკლე II-ისა და ანტონ I-ის კულტურულ საქმიანიობაში. მათი ხელშეწყობით ტიმოთე სამოგზაუროდ გაემგზავრა.

მოგზაურობა

რედაქტირება

ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობანი საბოლოო ჯამში ოთხ წელიწადს (1755-1759) გაგრძელდა. მოგზაურობის მიზანი იყო იმ ადგილების დათვალიერება რომელიც განლაგებული იყო პალესტინაში, მ.შ. იერუსალიმში. ტიმოთეს აინტერესებდა ქართველთა მიერ აგებული ტაძრების ნახვა, ასევე მის ყურადღებას იპყრობდა სხვა წმინდა ადგილების დათვალიერება.

 
ტიმოთე გაბაშვილი. იერუსალიმი

ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობა დაიწყო ქალაქ თბილისიდან. აქედან იგი ახალციხეში მივიდა, საიდანაც მიაღწია საპორტო ქალაქ ბათუმს. ბათუმიდან მან ზღვით დაიწყო მოძრაობა და გასცურა შავი ზღვის სამხრეთი ნაწილის თურქეთის ნაპირები, სადაც მიაღწია ჯერ ტრაპეზუნტს, ხოლო შემდეგ უნიას. ამის შემდეგ ტიმოთე ხმელეთით იწყებას მოძრაობას და ღრმად იჭრება თურქეთის ტერიტორიაზე. ხანგრძლივი მოძრაობის შემდეგ მან მიაღწია ქალაქ კონიას, შემდეგ რამდენიმე ქალაქის გავლით ჩააღწია საზღვაო ქალაქს იზმირს (ეგეოსის ზღის სანაპირო). აქედან ტიმოთე ისევ ზღვით იწყებს მოძრაობას და გაივლის ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულებს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, იგი ჩადის ქალკიდიკეს ნახევარკუნძულზე მდებარე ათონის მთაზე. აქედან ისევ ზღვით მოძრაობს და მიდის კონსტანტინეპოლში. ქალაქ კონსტანტინოპოლიდან გეზი იერუსალიმისაკენ აიღო და გაიარა მრავალი ათეული კილომეტრი (ზღვით). გზად ინახულა ეგეოსის ზღვის სანაპიროზე განლაგებული ქალაქები და კუნძულები. მოძრაობდა ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ (ე.ი. ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში). შედეგად მიაღწია სახელგანთქმულ იერუსალიმს (პალესტინა).

შემდეგ უმთავრესად ჩრდილოეთისაკენ მოძრაობდა და მოინახულა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის სანაპიროს ქალაქები (ნაზარეთი, ტვიროსი, სიდონი, ბეირუთი, ტრიპოლი და სხვ.). წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან ესევ ზღვით დაიძრა და მივიდა კუნძულ კვიპროსზე (კვიპრე). აქედან სანაპირო პუნქტ ალაიაზე. ისევ ზღვით განაგრძობს მოძრაობას და მიდის კუნძულ როდოსზე. ამ უკანასკნელიდან გეზი უმეტესად დასავლეთისაკენ აიღო და მიაღწია კორინთოსსა და ათინას.

შემდეგ მოძრაობს ჩრდილოეთისაკენ (ეგეოსის ზღვით) და ჩადის ათონში (მესამეჯერ). შემდეგ კი კონსტანტინეპოლში. კონსტანტინეპოლიდან ტიმოთე ზღვით მოძრაობს. გაივლის რა შავი ზღვის სანაპიროს რამდენიმე ქალაქს, იჭრება ხმელეთშიც (თურქეთის ტერიტორიაზე) და აღწევს მელიტენესს, შემდეგ ქალდეას, არზრუმს, ოლთისსა და ახალციხეს. ახალციხიდან კი მიდის ქართლში, სადაც ხვდება დაძაბული მდგომარეობა, ამ დროისათვის ტიმოთე გაბაშვილის მეგობარი და თანამოაზროვნე ანტონ I რუსეთში იყო გადახვეწილი (რადგან იგი „მწვალებლად აღიარეს“ და კათოლიკედ გამოაცხადეს). ტიმოთემ თავისი მეგობრის ბედი გაიზიარა და თვითონ ყიზლარში გაემგზავრა.

ტიმოთე გაბაშვილი გარდაიცვალა 1764 წელს ქალაქასტრახანში.

„მიმოსლვა”

რედაქტირება
 
ტიმოთე გაბაშვილი „მიმოსლვა“

ტიმოთე გაბაშვილმა დაწერა სამოგზაურო — მემუარული ჟანრის ნარკვევი, სახელწოდებით — „მიმოსლვა” (სათაურით „მოხილუა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა“ - გამოსცა პლატონ იოსელიანმა 1852 წელს), სადაც უმთავრესი ყურადღება ეპყრობა ამა თუ იმ ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ობიექტების აღწერილობას. გარდა ამისა, ნაშრომში არის საყურადღებო გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცნობები. აღნიშნული ნაშრომი არის პირველი, რომელმაც სათავე დაუდო საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერების მეცნიერულ შესწავლას, თხზულება აგრეთვე მნშვნელოვანია გეოგრაფიული მეცნიერებისთვისაც. იგი განსაკუთრებით საინტერესოა ენის თვალსაზრისითაც, გაბაშვილი როგორც განსწავლული მწიგნობარი, კარგად ფლობდა ძველ ქართულ ენას და თავის თხზულებას ძირითადად არქაული ენით წერდა, მაგრამ იმდროინდელი სამწერლობო ენის გავლენის, რომელსაც გრამატიკული ფორმების ნაირგვარობა ახასიათებდა, ყოველთვის ვერ იცავდა ძველ ქართულ მორფოლოგიასა და სინტაქსის წესებს და მათ ცვლიდა ახალი ქართულის წესებით ან ზოგჯერ ფსევდოარქაული ფორმებით. ამგვარად აღნიშნულ ნაშრომში ერთმანეთის გვერდით იხმარება: არქაული, ახალი და ხელოვნური სიტყვაწარმოების ნიმუშები. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ დიდი ნაირგვარობაა ტოპონიმების დაწერილობაშიც.

ტიმოთემ აღწერა გზად გავლილი დასახლებული პუნქტები: მიტილენი, იზმირი, ქიოსი, კონსტანტინეპოლი, კვიპროსი, ათონის მთა და სხვ. მას აინტერესებს აგრეთვე გეოგრაფიული სახელწოდების წარმოშობის ისტორია, ასევე აინტერესებს თუ რატომ ეწოდა ქართველებსა და ესპანელებს „იბერიელნი“ და რას ნიშნავს ქართველთა სახალწოდება „გეორგია“.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ტიმოთე გაბაშვილს მიეკუთვნება ასევე თხზულება „დღესასწაულისათვის ღმრთისმშობლისა მარიამისა“, რომელიც ასევე ანტიმაჰმადიანური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ღვთისმშობლის დღესასწაულზე წარმოსათქმელ ქადაგებას წარმოადგენს.

მეტად საინტერესო და ცალკე აღსანიშნია ტიმოთეს ფილოსოფიისადმი დამოკიდებულება, როგორც მის თხზულებებში ჩანს, ის დიდად აფასებს ფილოსოფიას და იმასაც კი აღნიშნავს, რომ პროკლე დიადოხოსის წიგნის მართლმადიდებლური განაზრებით წაკითხვის შემთხვევაში მასში „ღვთისმეტყუელება მაღალი და ჭეშმარიტი გეპოვოს“. მისი ღრმა ფილოსოფიური განათლება იმ დიდ შრომაში ჩანს, რომელიც მან იოანე დამასკელის ნაბეჭდ წიგნზე გასწია. ტიმოთე გაბაშვილს თავისუფალ გვერდებსა და კიდეებზე არაერთი შენიშვნა და წარწერა გაუკეთებია, წიგნის რაობისა და მისი გამოცემის პრინციპების შესახებ.

ელენე მეტრეველის მიხედვით, ტიმოთე ფილოსოფიურ-დოგმატური და ისტორიულ-ლიტერატურული საკითხების კვლევის დროსაც კი კრიტიკულ-შედარებითი მეთოდით სარგებლობდა. მისივე თქმით, განათლებულ მღვდელმთავარს ცხოვრების უფრო მეტად ხელსაყრელი პირობები რომ ჰქონოდა, ის, XVIII საუკუნის საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების მეტად განვითარებასა და წინსვლას მოახერხებდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ელ. მეტრეველი, „მიმოსლვა“, , თბ., 1956.
  • მეტრეველი ელ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 604-605.
  • გეხტმანი გ., გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურნი, თბ., 1942.
  • გეხტმანი გ., ნარკვევები გეოგრაფიის ისტორიიდან, თბ., 1955.
  • ენციკლოპედია „ქართული ენა“, თბ., 2008 - გვ. 97-98
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.518
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ.1, თბ.,1951.
  • ბურჯანაძე შ., ლიხთ-იმერეთის 1737 წლის რუკა, როგორც ფეოდალური საქართველოს ისტორიის პირველწყარო. - „ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, 1959, ტ.1.
  • კიკნაძე, ვ., ქუთაისისა და ქართლის მთავარეპისკოპოსი ტიმოთე გაბაშვილი, ჟურნალში: „მაყვლოვანი“. სამთავროს წმიდა ნინოს მონასტრის პერიოდული გამოცემა, N 5 2011 წ. - გვ. 20-23.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. იოანე ბატონიშვილი, „კალმასობა“, ტ. II, 1948, გვ. 196
  2. პლ. იოსელიანი, „მოხილუა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთის ადგილთა, ტიმოთესგან ქართლისა მთავარეპისკოპოსისა“, ტფ., 1853
  3. კ. კეკელიძე, „ძველი ქართული მწერლობის ისტორია“, ტ. I, თბ., 1960, გვ. 328
  4. კ. კეკელიძე, „ძველი ქართული მწერლობის ისტორია“, ტ. II, თბ., 1960, გვ. 546
  5. А. Хаханов, «Очерки по истории груз. словестности», т. III, ст. 301
  6. Ф. Жордания, «Описание рукописей Тифлисского Церковного Музея», I, № 119
  7. По мнению Тимофея от завоевания сих крепостей, не требующего великих трудов, можно перейти будет в Анатолию, так же легко покорить оную, и потом, заключить мирный трактат, которым утвердить Имеретию в подданстве России.
  8.  
    „По донесению Московской Синодального правления канцелярии о прбытии в Москву митрополитов: Грузинского Арсения и Милитинского Тимофея и об отправлении их иностранной конторой в Сю Петербург. Первый из них, по заявлению пред собранием в Московской Синодального правления канцелярии, прбыл для прошения о своих нуждах к ея императорскому величеству, а второй — секретными письмаии“
  9.  
    „Дело о привезенных грузинским архиереем Павлом из Имеретии, но не дошедших ко двору: 1. золотой короне, 2. перле крупного жемчуга, оставшихся в доме царя Вахтанга.“
  10.  
    „В следующем (1939) году, в июле месяце, как сообщилКабинет его императорского величества, митрополит Тимофей докладывал Кабинету, что ему ныне отсюда возвратится и в Милитинию проезжать от турок весьма опасно...“