სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუხი (მრავალმნიშვნელოვანი).

რუხის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში (ახლანდელი ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე მდ. ენგურის მარცხენა ნაპირას). ააგო სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა (ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) ცნობით, ააგეს 1647, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე 10 წლით ადრე უნდა იყოს აშენებული). რუხის ციხე სამეგრელოს სამთავროს მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო, ამას ხელს უწყობდა მისი ხელსაყრელი მდებარეობაც. იგი შედგება ციტადელისა და ქვედა ეზოსგან. ციტადელი ციხის ჩრდილოეთ მონაკვეთშია. მისი მოგრძო ეზოს ორივე ბოლოში თითო-თითო კოშკია აღმართული. ერთ-ერთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისა, ციხის დონჟონს წარმოადგენდა. ციხის ქვედა ეზოს გორაკის სამხრეთი ფერდობი უჭირავს. ციხეს გარს უვლის 10-12 მ სიმაღლის გალავანი, რუხის ციხის ქვედა ნაწილი 8-10 მ სიმაღლეზე ყრუა, ხოლო ზედა ნაწილში საბრძოლო ბილიკებია გაყვანილი. შესასვლელი მოწყობილია გალავანში ჩაშენებული კოშკის I სართულში. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კიდევ ერთი კოშკია აღმართული ჰქონდა საარტილერიო დანადგარები.

რუხის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, სოფ. რუხი.
ისტორია
თარიღდება 1647
რუხის ციხე — საქართველო
რუხის ციხე
რუხის ციხე ვიკისაწყობში

1634-1635 აქ რაბათის დასახლებაც გაჩნდა, რომელიც მალე მოიშალა. 1672 რუხის ციხეში ოსმალთაგან თავს აფარებდა მთავარი ლევან III დადიანი 1723 ციხე ოსმალთა ხელში იყო. დროგამოშვებით აქ მათი გარნიზონიც იდგა. 1770 ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ლაშქარმა რუხის ციხე ოსმალთაგან გაათავისუფლა. 1779 რუხის ციხესთან იმერეთ-სამეგრელო-გურიის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები (რუხის ბრძოლა 1779). ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1885, რუხის მიდამოებში რუსეთის ჯარმა და ქართულმა მილიციამ დაამარცხეს ოსმალთა საექსპედიციო კორპუსი. შემდგომში რუხის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი ადრინდელი მნიშვნელობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., ზაქარაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 519.
  • ოსმალური დოკუმენტური წყაროები ანაკლიისა და რუხის ციხეების შესახებ (XVII-XVIII სს), თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონით, ფაქსიმილეებითა და საძიებლით გამოსაცემად მოამზადა ნ. შენგელიამ, თბ., 1982
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8441