იმერეთის სამეფოს რუკა (1737)

იმერეთის სამეფოს რუკა1737 წელს შესრულებული იმერეთის სამეფოს რუკა. რუკზე მოხსენებული არიან იმდროინდელი უმაღლესი საერო და საეკლესიო პირები: იმერეთის მეფე ალექსანდრე V, აფხაზეთის პატრიარქი გრიგოლ II, რუსეთის იმპერატრიცა ანა და მიტროპოლიტი ტიმოთე გაბაშვილი.

იმერეთის სამეფოს რუკა, 1737 წელი

რუკის აღწერა

რედაქტირება

იმერეთის 1737 წლის რუკა, რომელიც ამჟამად მოსკოვის სამხედრო ისტორიულ არქივშია დაცული, დიდი ხანია, ცნობილია სამეცნიერო ლიტერატურაში. XIX საუკუნის დამდეგს მოგზაურ გამბას ამ რუკის პირი (იმერეთის სამეფოს რუკა (1738)) პარიზის საზღვაო დეპარტამენტში უნახავს, რუკის ჰიდროგრაფიული სქემა და მნიშვნელოვანი პუნქტები წარწერებითურთ გამბამ გამოაქვეყნა თავის მოგზაურობაში[1].

რუკა შეუმჩნეველი არც აკადემიკოს მარი ბროსეს დარჩენია. მან იგი ნახა პეტერბურგის სამხედრო-ტოპოგრაფულ დეპოში პეტრე დიდის დროინდელი რუკების კოლექციაში. მ. ბროსემ გამოაქვეყნა რუკის მოკლე არწერილობა, მნიშვნელოვანი მინაწერები და გამოთქვა სწორი მოსაზრება რუკის თარიღის შესახებ[2].

იმერეთის რუკას გაკვრით შეეხნენ პროფესორი ალექსანდრე ცაგარელი და აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. ორივე მკვლევარი რუკას შეცდომით 1732 წლით ათარიღებდა[3][4].

რუკა თავისი დანიშნულების მიხედვით დიდმასშტაბიანი სამხედრო რუკაა[5]. იგი შედგენილია 1737 წელს. მისი ზომებია: 184X78 სმ; შესრულებულია ფერებით. შედგენილია უპროექციოდ: რუკის „საყრდენი ბადის როლს ასრულებს ჰიდროგრფიული ქსელი, რომლის საშუალებითაც ამგეგმავს შეეძლო რამდენადმე მართებულად გადაეტანა ქაღალდზე ადგილმდებარეობის ყველა ელემენტი მათი ურთიერთგანლაგებისა და შეფარდებითი მანძილის დაცვით“[6].

რუკაზე რელიეფურად არის გადმოხატული მთები და მცენარეული საფარი. თითოეულ მთასა და ხეს რუკაზე თავისი ადგილი და სივრცე უკავია. ციხე-სიმაგრეები, სრა-პალატები და ეკლესია-მონასტრები რუკაზე აღნიშნულია არა პირობითი ნიშნებით, არამედ ნახატებითა და გეგმებით, მაგრამ ვინაიდან მეორეხარისხოვანი ობიექტები სტერეოტიპული ან მსგავსი ნახატებითა და გეგმებით არის გადმოცემული, ამიტომ ეს ნახატები ერთგვარად პირობითობას იძენენ. ნაგებობათა ნახატებსა და გეგმებში ავტორი ცდილობს დაიცვას ობიექტის არა მარტო გარეგნული მხარე, არამედ მდებარეობაც, რასაც სამხედრო რუკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ციხის მდებარეობა ხშირად განსაზღვრავს ციხის დაცვისა თუ აღების საშუალებას.

რუკის სამხედრო დანიშნულების გამო ავტორის ყურადღების ცენტრშია დასავლეთ საქართველოს ციხე-სიმაგრეები. ავტორს რუკაზე გადმოუღია სხვადასხვა სიდიდისა და მნიშვნელობის არა მარტო ციხე-სიმაგრეები, არამედ სადაზვერვო კოშკებიც, რომლებიც რაჭისა და აფხაზეთის რამდენიმე მდინარის ნაპირებზე ყოფილა ჩამწკრივებული.

საინტერესოა, რომ შავი ზღვის ციხეები, რომელთა უმრავლესობა ოსმალთა ხელში იყო, რუკაზე გეგმებით არის წარმოდგენილი, იმ დროს, როდესაც სხვა ციხე-სიმაგრეების მხოლოდ სურათებია. სანაპირო ციხეების ამგვარი გამორჩევა სამხედრო რუკაზე სრულიად გამართლებული და მიზანშეწონილი იყო, ვინაიდან ამ ციხეებში იყო თავმოყრილი ოსმალთა მთავარი სამხედრო ძალები. ეს ციხეები იყო მათი საყრდენი პუნქტები დასავლეთ საქართველოში, ამიტომ მათი ზუსტი გეგმები, მდებარეობისა და შეიარაღების ცოდნა აუცილებელი იყო იმ გეგმების განსახორციელებლად, რომელთაც სთავაზობდა ალექსანდრე V რუსეთის იმპერატორს.

რუკაზე ციხეებს მიწერილი აქვთ სამხედრო მნიშვნელობის ცნობები: ვის ხელშია ციხე, როგორ არის იგი გამაგრებული (რამდენი იანიჩარი დგას შიგ) და რამდენი დიდი თოფით არის იგი დაცული. გარდა ამისა, უდრგება თუ არა ციხეს სანაოსნო გზები. და რა სახის ტრანსპორტით შეიძლება მასთან მისვლა: „შორაპანი თათარმა დაიჭირა. ყასაბა. ასი კაცი“. „საჭილაოს ნავი ამ ყვირილის წყლით შორაპნამდის, [ცი]ხემდის ამოვა“ და სხვ. — ვკითხულობთ რუკის წარწერებში.

ქალაქები რუკაზე გამოსახულია ეკლესიისა და რამდენიმე საერო ნაგებობათა კომპლექსით. ქალაქის სიდიდეს ავტორი გამოხატავს ნაგებობათა რაოდენობით და იმ ფართობით, რომელიც უჭირავს ქალაქს რუკაზე.

რუკაზე ფორმათა მრავალფეროვნებით გამოირჩევა საერო ნაგებობები: მიქელაძეთა სასახლე, ფარავათა სასახლე ბანძაში, ხუნწის სასახლე და სხვ.

რუკის ავტორი სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი არ არის. მითითება რუკის ავტორზე არ გვხვდება არც რუკის მრავალრიცხოვან წარწერებში და არც ალექსანდრე V-ისა და ტიმოთე გაბაშვილი დიპლომატიურ წერილებში.

ფრაზა ალექსანდრე მეფის წერილიდან, — „ჩვენა ზღვის გზები და მათი ნავთ-საყუდლები... დაგვიხატავს და გვიახლებია“, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რუკა თვით ალექსანდრეს შედგენილია. ეს სიტყვები სამეფო პერსონის უფლების გამოხატულებაა მისი შეკვეთით გაკეთებულ რუკაზე.

ცნობას ავტორის შესახებ არც რუკის წარწერები შეიცავენ. მარი ბროსეს ცნობით რუკის მეორე მხარეზეც ყოფილა წარწერა, რომელშიც თითქოს ავტორი უნდა ყოფილიყო მოხსენიებული, მაგრამ დაზიანების გამო არ იკითხებოდა. მთავარი წარწერები, მოთავსებულნი ქუტაისის ციხის ქვეშ, შეიცავენ ცნობებს რუსეთში ელჩობის გაგზავნის შესახებ. ქართული წარწერა დედნიდან ამოიკითხა ი. მათურელმა. წარწერა გვამცნობს:

მეფე მელეთინწკისა (იმერეთისა) ალექსანდრე: მართლმადიდებელი გვირგვინოსანი: თანადგომითა პატრიარქისა ჩვენისა გრიგოლისითა: და ყოველთა ერთათა დამოწმებითა: ქარტასა მელეთინწკისასა (იმერეთისასა) მივართმევთ: (რუსთა)სა ხელმწიფესა: იმპერატრიცას: ანნა იოანეს ას: ხელითა მიტროპოლიტისა ტიმოთესითა.

რუსული წარწერა შედარებით უკეთ იკითხება:

Карта к Ея Императорскому Величеству отправлена с митрополитом Тимофеем кутаиским от милитинского царя Александра с согласия патриарха Григория и всех князей.

მეცნიერებმა დაადგინეს რომ რუკაზე შესრულებული ტექსტები კალიგრაფიულად იმეორებს ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილი ავტოგრაფიული ჩანაწერების მოხაზულობას. ამის გარდა ტიმოთე გაბაშვილი ის პიროვნება იყო ვინც მოგზაურობდა და გულდასმით ათვალიერებდა ახალ ადგილებს, უკვირდებოდა ქალაქების მდებარეობას, ქალაქების ნაგებობებს: ციხეებს, სრა-პალატებს, ეკლესია-მონასტრებს და აღწერდა მათ არა როგორც უბრალო ცნობიმოყვარე მოგზაური, არამედ როგორც ხუროთმოძღვრებითა და ხელოვნებით დაინტერესბული ადამიანი.

ტიმოთე გაბაშვილის დასავლეთ საქართველოს 1737 წლის რუკა კარტოგრაფიული მეცნიერების განვითარების თვალსაზრისით აშკარად ჩამორჩება ვახუშტი ბაგრატიონის რუკებს (ვახუშტიც და ტიმოთე გაბაშივილიც რუკებს თანადროულად ქმნიდნენ) და ვახუშტის წინადროინდელ, უფრო მარტივ საფეხურს ასახავს ქართული კარტოგრაფიის ისტორიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ელ. მეტრეველი, „ტიმოთე გაბაშვილი, მიმოსვლა“, თბ., 1956, გვ. 84-99

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Voyage dans la Russie Meridionale,.. fait depuis 1820 jusqu' en 1824, par le chevalier Gamba, consul du roi a Tiflis, ტ. I, 1826, გვ. 340
  2. M. Brosset, Nouvelles recherches sur I' historien Wakhoucht, sur le roi Artchil et sa famille, et sur divers personnages georgiens, enterres a Mascon. Bulletin des sciences historiques, philogiques et politiques de l' Acad. Jmp. de sciences de St. Petersbourg, 1859, ტ. XVI, გვ. 164-165
  3. Новые материалы для жизнеописания деятельности С. Д. Бурнашева, бывшего в Грузии с 1778 по 1787 год, под редакцией проф. А. Цагарели, გვ. III
  4. ივ. ჯავახიშვილი, „საქართველოს საზღვრები“, 1919, გვ. 4-5
  5. რუკის ფოტოფირი დაცულია საქართველოს სახ. მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში (ფ. ფ. № 164)
  6. ი. მათურელი, „იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის რუკა“ // ქუთაისის პედ. ინსტიტუტის შრომები, 1949