ბათუმის ციხე, თამარის ციხე, ლოსორიონი — შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები ქ. ბათუმის გარეუბანში, მდინარე ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირას აღმართულ კონუსისებურ ბორცვზე.

თამარის ციხე
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
სტატუსი დანგრეული
ბათუმის ციხე — საქართველო
ბათუმის ციხე

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ციხის გეგმა საკმაოდ რთულია. მას მრავალჯერ განუცდია გადაკეთება, ამიტომ თავდაპირველი სახის აღდგენა ძნელია. მისი უძველესი ფენა უნდა იყოს თარაზული წყობის კედლები. აგურის ნატეხების გამოყენებით და მქისედ გათლილი ქვებით კუთხეებში. ასეთი კედლები შემონახულია ჩრდილოეთ კუთხეში, სამხრეთ კუთხეში, დასავლეთ კედლის გარკვეულ მონაკვეთზე და სამხრეთ კედელში. ნაგებობის ეს ფენა ბიზანტიური ციხეების ანალოგიით (სწორხაზოვანი წყობა აგურის გამოყენებით) შეიძლება VI-VIII საუკუნეებით დავათარიღოთ. რამდენადმე მოგვიანო ხანისად (შუაფეოდალური) უნდა მივიჩნიოთ ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელი (თარაზული წყობა აგურის გარეშე). ამავე ხანისაა ჩრდილო აღმოსავლეთ კედელზე მიდგმული ორი კედელი (დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთისა).

შემდეგი ფენა უფო გვიანდელი, თურქთა ბატონობის ხანისა ჩანს, ესაა რიყის ქვით ნაშენი კედლები. ასეთი კედლები ციხეს დასავლეთით აკრავს (ერთ მონაკვეთზე). ამავე დროის უნდა იყოს ჩრდილოეთ კედელზე მიშენებული სატავსოს სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი. აქვე შეინიშნება რევოლუციამდელი და ჩვენი დროის ფენებიც (ციხე ამ უკანასნელ დრომდე იყო გამოყენებული).

ამრიგად „თამარის ციხეში“ ხუთამდე სხვადასხვა ფენა გამოიყოფა. მათგან უძველესი, როგორც ითქვა, ადრეფეოდალური ხანით შეიძლება დათარიღდეს. გარდა მშენებლობის ტექნიკაზე დაკვირვებისა, ამასვე ადასტურებს აქვე აღმოჩენილი ტანდაღარული ამფორის ფრაგმენტები, რომელიც VI-VIII საუკუნეებს მიეკუთვნება. თამარის ციხის მიდამოებში ხიდის სიახლოვეს, უფრო ძველი მასალებიც აღმოჩნდა (შავლაქიანი კრამიტის ფრაგმენტები, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების პირველი საუკუნეების ამფორის ძირი და სხვა), მაგრამ ესენი საკუთვრივ ციხეს არ ეკუთვნიან.

ციხეში რამდენიმე ნაგებობის ნაშთია შემონახული. ერთი მათგანი ჩრდილოეთ კედელზეა მიდგმული შესასვლელით სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს სათავსო (შეიძლება ერთ დროს ციხისთავის საჯდომი იყო) რამდენიმეჯერ აღუდგენიათ: თურქთა ბატონობის ხანაში, ჩვენს დროში.

ორი სათავსოა დასავლეთ კედელთან (დაახლოებით შუა ადგილას). სათავსოები დაზიანებითაა მოღწეული, რის გამოც მათი დანიშნულების გარკვევა არ ხერხდება. ასეთი გაურკვეველი დანიშნულებისა და ძლიერ დანგრეული სათავსოები აქ რამდენიმეა.

ციხემ მნიშვნელოვანი დაზიანება განიცადა 1960 წელს მასზე კაფე-პავილიონის აშენებისას. ამ დროს მოინგრა კერძოდ, მისი სამხრეთის კედლის ერთი ნაწილი, რომელსაც შეიძლება ზოგიერთი საგულისხმო კორექტივი შეეტანა ძეგლის შესწავლაში.

ბიზანტიის წერილობით წყაროებში მოხსენიებულია ციხე ლოსორიონი (Losorion) ან ლისირისი (Lysiris), რომელიც აუგია იუსტინეს 542-562 წლებში ბიზანტია-სპარსეთის ომის დროს. ქართული ტრადიცია ციხის აშენებას მიაწერს თამარ მეფეს და მის ლაშქრობას ხალდიაში. XIV-XVI საუკუნეებში ბათუმი გურიის საერისთავოს ციხე იყო. XVI საუკუნის დასაწყისში ციხე დაიკავა ოსმალეთის იმპერიამ, მალე ოსმალები მალე განდევნეს. ოსმალებმა ბათუმის ციხე ხელახლა აიღეს 1703 წელს.[1]

რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 ომის შემდეგ დაიკავა რუსეთის იმპერიამ. ბათუმის ციხის თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმაში მართკუთხედის მოყვანილობის გალავანი და ჩრდილო-აღმოსავლეთით კუთხის კოშკი. კედლები ნაგებია შერეული წყობით - თლილი ქვისა და აგურის ჰორიზონტალური რიგებით. არქეოლოგიური შესწავლის (1963-1964) შედეგად დადგინდა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ ყოფილა ხის მორებით შემოზღუდული და თხრილებით გამაგრებული ტიპური კოლხური გორა-სამოსახლო. ანტიკურ ხანაში აქაური მოსახლეობა მისდევდა თევზჭერასა და ინტენსიურ სოფლის მეურნეობას. არქეოლოგიურ მასალებში გვხვდება, როგორც ადგილობრივი, ისე მცირე აზიისა და ეგეოსის სამყაროს ხელოსნური ცენტრების ნაწარმი. აღმოჩენილია აგრეთვე შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა (მოჭიქული კერამიკა).

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 41-42.