იოანე დამასკელი
იოანე დამასკელი (დ. დაახლოებით 675 ან 676, დამასკო — გ. დაახლოებით 4 დეკემბერი, 749, საბაწმიდის ლავრა) — ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მწერალი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 4 დეკემბერი, ახალი სტილით — 17 დეკემბერი. ბერძნული პატრისტიკის სისტემატიზატორი. იოანე დამასკელი დაიბადა არაბი ქრისტიანის ოჯახში. საეკლესიო და საერო განათლება მიიღო სიცილიელი სამხედრო ტყვე კოზმასაგან, რომელთან ერთად ბერად შედგა (732) იერუსალიმში საბას მონასტერში, სადაც გააჩაღა სალიტერატურო მოღვაწეობა. გარდაცვლილი, 754 წელს საეკლესიო კრებაზე შეაჩვენეს ხატთაყვანისმცემლობისათვის. იოანე დამასკელი ამოცანად ისახავდა გაეერთიანებინა მრავალფეროვანი იდეური მასალა და შეექმნა დახშული მეცნიერული სისტემა. საეკლესიო დოგმებისა და არისტოტელეს ლოგიკის ბაზაზე შექმნა სქოლასტიკის მეთოდი. მისი მთავარი ფილოსოფიური და თეოლოგიური შრომაა „წყარო ცოდნისა“ (დაახლოებით 742). გავლენა მოახდინა ალბერტ დიდზე, თომა აკვინელზე და სხვებზე. მისი თხზულებანი გავრცელდა საქართველოში, ძველ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. მისმა თეზისმა თეოლოგიისადმი ფილოსოფიის დაქვემდებარებულობის შესახებ დიდი გავლენა მოახდინა დასავლური სქოლასტიკის განვითარებაზე.
იოანე დამასკელი | |
---|---|
არაბ. يوحنا الدمشقي | |
დაბადების თარიღი | 675[1] |
დაბადების ადგილი | დამასკი |
გარდაცვალების თარიღი | 4 დეკემბერი, 749[2] |
გარდაცვალების ადგილი | საბაწმიდის ლავრა |
საქმიანობა | თეოლოგი[3] , მწერალი[4] , კლერიკი, ფილოსოფოსი, ასტრონომი და კომპოზიტორი |
ენა | საშუალი ბერძნული ენა |
მოქალაქეობა | ომაიანთა სახალიფო |
პერიოდი | VII საუკუნე[5] |
Magnum opus | სამხელიანი ღვთისმშობლის ხატი |
ნათესავ(ებ)ი | Mansur ibn Sarjun |
ლიტერატურის ისტორიაში იოანე დამასკელი შევიდა როგორც გამოჩენილი პოეტი, მთელი რიგი საეკლესიო საგალობლების ავტორი. აღსანიშნავია მისი პოლემიკური თხზულებები ხატმებრძოლთა იაკობიტთა, მანიქეველთა, ნესტორიანელთა წინააღმდეგ. აგრეთვე მრავალი ასკეტური და დოგმატური თხზულება-ჰომილია. ბიზანტიურ ჰიმნოგრაფიაში ღრმა კვალი დატოვა მისმა ე. წ. „კანონებმა“. იოანე დამასკელის მრავალი თხზულება ქართულად თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებმა ეფრემ მცირემ, არსენ იყალთოელმა და სხვებმა. არსენ იყალთოელის თარგმნით უხვად უსარგებლია სულხან-საბა ორბელიანს „სიტყვის კონის“ შედგენის დროს. იოანე დამასკელის თხზულების „წყარო ცოდნისა“ ხელნაწერი დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში (A-24, S-1468).
ლიტერატურა
რედაქტირება- მიმინოშვილი რ., იოანე დამესკელის „გარდამოცემის“ ქართული თარგმანები, თბ., 1966;
- ნუცუბიძე შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 189.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://digitale.beic.it/primo_library/libweb/action/search.do?fn=search&vid=BEIC&vl%283134987UI0%29=creator&vl%28freeText0%29=Ioannes%20Damascenus%20
- ↑ BeWeB
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118557971 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.
- ↑ Czech National Authority Database