ექვთიმე მთაწმიდელი

ექვთიმე (ეფთჳმე) მთაწმიდელი, ექვთიმე ათონელი (დ. 955 ― გ. 1028) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, ათონის სალიტერატურო სკოლის მამამთავარი, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი 1005-1019 წლებში.

ექვთიმე მთაწმიდელი
დაიბადა 955
საქართველო
გარდაიცვალა 1028[1] [2]
აიონ-ოროსი
ხსენების დღე 13 მაისი
მოღვაწეობა ბერი, მთარგმნელი, ფილოსოფოსი, მწერალი და კალიგრაფი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ექვთიმეს მამა იოანე იყო ათონის ქართული სამონასტრო კოლონიის ფუძემდებელი, დედა — ჩორდვანელთა სახლის წარმომადგენლის აბუჰარბის (იოანე-თორნიკეს ბიძის) ქალიშვილი.[3] მამის ბერად აღკვეცის შემდეგ ექვთიმე აბუჰარბის და ბიძების ზედამხედველობით იზრდებოდა. ამ ხანებში ექვთიმე აღმოჩნდა იმ მძევალთა შორის, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა ერთგულების დასტურის ნიშნად ქართველ აზნაურებს მოსთხოვა. ექვთიმე აბუჰარბმა კონსტანტინეპოლში ჩაიყვანა, მაგრამ იოანემ იმპერატორის ნებართვით შვილი დაიბრუნა და ულუმბოს მთაზე მიიყვანა.

965 წელს იოანე ექვთიმესთან ერთად ათონის მთაზე გადასახლდა და ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა. იოანეს გარდაცვალების (1005) შემდეგ ექვთიმე ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. მას ეკისრებოდა ეპიტროპობა ანუ მესულეობა ათონის ლავრისა, სამას სულზე ზრუნვა, აღმშენებლობითი საქმიანობა და არაქართული სავანეების დაარსება. 14 წლის შემდეგ მან დატოვა ქართველთა მონასტრის ხელმძღვანელობა და დარჩენილი წლები მთლიანად ლიტერატურულ მუშაობას მიუძღვნა. იოანეს და ექვთიმე მთაწმიდელის ღვაწლი აღწერა გიორგი მთაწმიდელმა. ექვთიმე ქართული და ბერძნული ეკლესიების მიერ შერაცხულია წმინდანად ღირსი ექვთიმე მთაწმინდელის სახელით. მისი ხსენების დღეა 13 (26) მაისი.

ლიტერატურული მოღვაწეობა

რედაქტირება

ლიტერატურული მოღვაწეობა ექვთიმე მთაწმიდელმა 975-977 წლებში დაიწყო. იგი ბავშვობიდანვე ფლობდა ბერძნულ ენას; თარგმნიდა არა მარტო ბერძნულიდან ქართულად, არამედ ქართულიდან ბერძნულადაც [მისი ბიოგრაფი ასახელებს „ბალაჰვარს“ („სიბრძნე ბალავარისი“ და „აბუკურას“)]. ექვთიმე მთაწმინდელს ბერძნულადაც დაუწერია თხზულება სამონაზვნო ცხოვრების წესების შესახებ.

ექვთიმე მთაწმიდელმა დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს. ძველი და ახალი აღთქმის წიგნთაგან ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ ეგზეგეტიკურ თხზულებათაგან აღსანიშნავია ანდრია კრეტელის „თარგმანი იოანე მახარებლის ხილვისაჲ“, იოანე ოქროპირის „თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ“, „თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ“, ბასილი კესარიელის „თარგმანებაჲ ფსალმუნისაჲ“ და „ითიკა“, გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათა ეგზეგეტიკური თხზულებანი. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი, მ. შ. გრიგოლ ნაზიანზელის, გრიგოლ ნოსელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის და ეფრემ ასურის თხზულებები „სწავლანი სულიერნი“, გრიგოლ I დიდის დიალოგები, იოანე სინელის „კლემაქსი“, ანდრია კრეტელის „ამაოებისას კაცობრივთა საქმეთა და შესუენებულთათჳს“ და სხვ.

ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა მრავალი ჰომილეტიკური ძეგლი, მ. შ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებული „მარგალიტი“. ექვთიმე მთაწმიდელმა ჰაგიოგრაფიაშიც დატოვა ღრმა კვალი, თარგმნა კიმენური და მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული ძეგლები. სიმეონ მეტაფრასტის ნაწარმოებთაგან ექვთიმე მთაწმიდლის თარგმნილია რომის ეპისკოპოსის კლიმენტის და პროკოპი დუქსის წამებანი და სხვა. ნაყოფირად იღვწოდა ლიტურგიკის დარგშიც. ათონის ივერთა სავანეს შეუქმნა სამონასტრო წესი, თარგმნა „მცირე სჳნაქსარი“, ანდრია კრეტელის „დიდი კანონი“, წმინდანთა „გალობანი“ და სხვა.

ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ნუსხა იმ წიგნებისა, რომლებიც საბერძნეთში აპოკრიფულად იყო მიჩნეული, ამ ნუსხით ის აფრთხილებდა ქართველებს, თავი შეეკავებინათ აპოკრიფული წიგნების კითხვისაგან. მიუხედავად ამისა, ექვთიმე მთაწმიდელმა თავად თარგმნა რამდენიმე აპოკრიფული საკითხავი და თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ამ დარგის განვითარებაშიც. ექვთიმე მთაწმიდელის მიერ ბერძნულიდან თარგმნილი კანონიკური სამართლებრივი ძეგლები — VI მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები და ე. წ. მცირე სჯულისკანონი დედნის მხოლოდ თარგმანი კი არ არის, არამედ „მთარგმნელის მიერ გადაკეთებული და განმარტებებით შემკული რედაქცია“ (ივანე ჯავახიშვილი). ექვთიმე მთაწმიდლის ეს შრომა შეფარდებული იყო ქართულ სინამდვილესთან. მან გავლენა მოახდინა შუა საუკუნის საქართველოში სამართლის განვითარებაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექვთიმე მთაწმიდლის მოძღვრება დანაშაულის სუბიექტური მხარის შესახებ, რაც მან თავისი თარგმანის განმარტებითს ნაწილში მკვლელობის სხვადასხვა შემთხვევის განხილვისას ჩამოაყალიბა. ბრალის ძირითად ფორმად ექვთიმე მთწმინდელს განზრახვა ესახება და მისთვის დამახასიათებლად მიაჩნია „ნებსითი“ დამოკიდებულება ქმედობისადმი. ზოგი მკვლელობა „განზრახვითია“, ზოგი „უნებელი“, მაგრამ მათი გრადაციები ბევრნაირია. ექვთიმე მთაწმიდელთან უკვე ვხვდებით გაუფრთხილებობისა და შემთხვევის ცნებათა ჩანასახს. ზოგადად დანაშაულის სუბიექტური მხარის დახასიათებისას ექვთიმე მთაწმიდელი განიხილავს ქმედობის მოტივებსაც, სახავს ბრალის შემამსუქებელსა და დამამძიმებელ გარემოებებს და ა. შ. იგი უფრო მცირე ასაკიდან აკისრებს პირს ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხისმგებლობას, ვიდრე ბიზანტიური სამართალი.

ფილოსოფიისადმი ექვთიმე მთაწმიდლის ინტერესის მაჩვენებელია იოანე დამასკელის შრომათა თარგმანები. მას ბერძნულიდან ქართულად უთარგმნია „სარწმუნოებისათჳს“ (იგივე „წინამძღუარი“), რომელიც იოანე დამასკელის „გარდამოცემის“ შემოკლებული რედაქციაა. ეს ძეგლი 24 სტატიისაგან შედგება. „გარდამოცემის“ პარალელურად მას დამასკელის სხვა შრომებიც გამოუყენებია და მისთვის ჩვეული გამოკრებილი რედაქცია შეუქმნია. ექვთიმე მთაწმიდელს უთარგმნია აგრეთვე იოანე დამასკელის „ორისა ბუნებისათჳს ქრისტესსა“. აქ მთარგმნელს დამასკელის ანტიმონოთეისტური თხზულებებიდან ამოღებული ციტატების საფუძველზე თავისებური კრებული შეუდგენია.

ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანები უაღრესად თავისებურია. მისთვის უცხოა დედნის ტექსტის სიტყვასიტყვით გადმოღება. ის ავრცობდა ან ამოკლებდა სათარგმნელ თხზულებას, შეჰქონდა სხვადასხვა წყაროდან ამოკრებული ცნობები და ხშირად — საკუთარი დამატებები და კომენტარები. ეფრემ მცირის თქმით, მას „ჴელეწიფებოდა შემატებაჲცა და კლებაჲცა“. ტექსტს განსაკუთრებით მაშინ განავრცობდა, როდესაც ამა თუ იმ თხზულებაში საქართველოს ან ქართველობის შესახებ იყო საუბარი; იმ შემთხვევაშიც, როდესაც სათარგმნელი თხზულების ესა თუ ის ადგილი, მისი აზრით, განმარტებას საჭიროებდა. ამგვარი კომენტარები მას საკუთრივ ტექსტში შეჰქონდა. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანებისათვის დამახასიათებელია ვრცელი „შემატებანი“. მას მოაქვს ციტატები ძველი და ახალი აღქმის წიგნებიდან, სხვადასხვა ჰაგიოგრაფიული ძეგლიდან და ა. შ. ხშირად მოკლედ თქმულს საგრძნობლად ავრცობდა და თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევდა, ამიტომ საკმაოდ ძნელი გასარკვევია და კვლევის საგნად რჩება, რა ეკუთვნის ამ „შემატებათაგან“ ექვთიმე მთაწმიდელს და რა — სხვა რომელიმე ავტორს. მის თარგმანებში ვხვდებით ეტიმოლოგიურ ძიებებს, რომელთა ნაწილი სხვადასხვა წყაროდან არის ამოღებული, ნაწილი კი ექვთიმე მთაწმიდელს უნდა ეკუთვნოდეს. თარგმანებში ტექსტის შემოკლების შემთხვევები გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე გავრცობისა. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილი ნაწარმოებები თითქოს ახალი დამოუკიდებელი რედაქციებია. სათარგმნელი მასალი შერჩევისას და თვით თარგმნის პროცესშიც მას მხედველობაში ჰქონდა თანამემამულეების ინტელექტუალური მოთხოვნილებანი და განვითარების დონე. ექვთიმე მთაწმინდელის მიზანი იყო ქართველი მკითხველისათვის გაეადვილებინა ბიზანტიური მწერლების გაგება და ათვისება. ეფრემ მცირის თქმით, ექვთიმე მთაწმიდელმა საგრძნობლად გააღრმავა ქართველი მკითხველის ცოდნის სფერო.

ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანების ენა სადა და დახვეწილია, თხრობა — ყოველთვის ლაღი და ბუნებრივი. ბიოგრაფის სიტყვით, მან „აღაყუავა ენაჲ ჩუენი და ქუეყანაჲ თარგმანებითა წმინდათა წერილთაჲთა და ყოველნივე განაკჳრნა, რამეთუ ეგევითარი თარგმანი არღარა გამოჩინებულ არს ენასა ჩუენსა და ვჰგონებ თუ, არცაღა გამოჩინებად არს.“

ექვთიმე მთაწმიდლის მთარგმნელობითი მეთოდი დიდხანს გეზს აძლევდა და განსაზღვრავდა ქართველ მთარგმნელთა მუშაობას. მაგრამ თანდათან თავი იჩინა ზუსტი თარგმანისაკენ მიდრეკილებამ. ახალი მიმართულების ბრწყინვალე პრაქტიკული ნიმუში და მეცნიერული დასაბუთება მოცემულია ეფრემ მცირის შრომებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929.
  • კეკელიძე კ., ათონის ლიტერატურული სკოლის ისტორიიდან, მის წგნ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1945.
  • მისივე, ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის ერთი ნიმუში, იქვე.
  • მისივე, ზოგიერთი საკითხი ექვთიმე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, იქვე, ტ. 1, თბ., 1956.
  • მისივე, ექვთიმე ძველ ქართულ მწერლობაში, იქვე, ტ. 4, თბ., 1957.
  • მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
  • მიმინოშვილი რ., ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი ხერხები, კრ.: ძველი ქართული მწელობის საკითხები, კრ.: ძველი ქართული მწერლობის საკითხები, ტ. 2, თბ., 1964.
  • მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996.
  • მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998.
  • მაჭარაშვილი გ., წმიდა ექვთიმე ათონელი და კათოლიციზმი, თბ., 2009.
  • მაჭარაშვილი გ., წმიდა გიორგი ათონელი და კათოლიციზმი, გვ. 6-9 თბ., 2007.
  • ბააკაშვილი ვ., ჩიკვატია ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 114.
  1. Swartz A. Open Library — 2007.
  2. https://www.google.fr/books/edition/D_orient_en_occident/5-cImwEACAAJ?hl=fr — გვ. 115.
  3. მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996. — გვ. 24.