ლიტურგიკა — ქრისტიანული ღვთისმსახურების შემსწავლელი დისციპლინა, რომელიც იკვლევს მის თეორიულ საფუძვლებს, განვითარების ისტორიულ პროცესებსა და ტრადიციებს, საეკლესიო დღესასწაულთა ციკლებს, ღვთისმსახურების შესრულების წესსა და რიგს და ა. შ. ლიტურგიკა, როგორც სამეცნიერო დარგი, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში. მისი პირველწყაროებია სასულიერო მოღვაწეთა თხზულებანი და მრავალფეროვანი ლიტურგიკული კრებულები.

ლიტურგიკა სასულიერო მწერლობის მნიშვნელოვანი დარგია. ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებში ასახულია ქრისტიანული სამრევლო და სამონასტრო ღვთისმსახურების ტრადიციები საქართველოში. X საუკუნემდე ქართული ეკლესიას წარმართავდა იერუსალიმური, X-XII საუკუნეებში – კონსტანტინოპოლური რედაქციის, შემდეგ – პალესტინის საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი, რომელიც XVIII საუკუნეში სლავურის მიხედვით შეასწორეს. ცნობილია აგრეთვე ამა თუ იმ მონასტრისთვის დაწესებული სამონასტრო, ანუ ქტიტორული ტიპიკონები (მაგ., პეტრიწონის მონასტრისთვის დაწესებული გრიგოლ ბაკურიანის ტიპიკონი, 1084; „განგება ვანის ქუაბთა მონასტრისა“, 1204-1234 და სხვ.).

ქრისტიანული ღვთისმსახურების სამმა ძირითადმა ელემენტმა – საკითხავებმა, ლოცვებმა და საგალობლებმა – განაპირობა ლიტურგიკული წიგნების სპეციფიკა. ადრეულ ეტაპზე ბიბლიური საკითხავები ძირითადად ლექციონარებში იყო თავმოყრილი. შემდგომში ძველი აღთქმის საკითხავების კრებულს საწინასწარმეტყველო, ხოლო ახალი აღთქმისას აპრაკოსები ეწოდა. ბერძნულის მიხედვით შედგენილ საკითხავთა ქართულ კრებულებში ასახულია ღვთისმსახურების პრაქტიკის, მისი ტრადიციების მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

საეკლესიო ლოცვები ძირითადად კონდაკებსა და კურთხევანებშია შეკრებილი. ქართული საგალობლები თავმოყრილია ჰიმნოგრაფიულ კრებულებში (იადგარი, თვენი, მარხვანი, ძლისპირი და ა. შ.), რომლებშიც ასახულია ბერძნული და, შესაბამისად, ქართული სასულიერო პოეზიის განვითარება V-XVIII საუკუნეებში უმარტივესი ფსალმუნური საგალობლებიდან რთულ პოეტურ-მუსიკალურ კომპოზიციებამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; საღმრთო ჟამისწირვის სახისმეტყველება, ნ. ქაჯაიას გამოც., თბ., 2018.
  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 185

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება