მცირე სჯულისკანონი

მცირე სჯულისკანონი (ძვ. ქართ. მცირე რჩულისკანონი ან მცირედი რჩულისკანონი[1]) — XI საუკუნის ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლი. ნათარგმნია ბერძნულიდან ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, თუმცა ეს არაა ზუსტი თარგმანი და მისი ბერძნული დედანი არ არსებობს. ძეგლში მოცემულია სამართლის მრავალი დარგის შესასწავლი მასალა. წარმოდგენილია სისიხლის სამართლის არაერთი ინსტიტუტი; საუბარია სხვადასხვა სახის დანაშაულზე, სასჯელზე, ბრალის დადების დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებთ ექვთიმე მთაწმინდელი საკუთარ ახსნა-განმარტებასაც იძლევა[2]. არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა მცირე სჯულისკანონი საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში.

მცირე სჯულისკანონის ერთ-ერთი ხელნაწერი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-143

მცირე სჯულისკანონი ექვთიმეს გადათარგმნილი აქვს მამის სიკვდილის შემდეგ[3]. ექვთიმეს მამა 1005 წელს გარდაიცვალა[4]. თავად ექვთიმე 1028 წელს გარდაიცვალა[4], რის საფუძველზეც ძეგლის თარგმნის დაახლოებით თარიღად 1005–1028 წლებია მიჩნეული.

ნაწილები

რედაქტირება

მცირე სჯულისკანონი ოთხი ნაწილისაგან შედგება:

  1. მეექვსე მსოფლიო კრების (ტრულის 692 წლის კრება) კანონები („წესი და განგებაჲ და რჯულის კანონი მეექუსისა კრებისაჲ“.
  2. „კანონნი შეცოდებულთანი იოანე მმარხველისა“
  3. „კანონნი დღითი–დღეთა ცდომათანი“
  4. „ძეგლის წერა სარწმუნოებისაჲ“[5]

პირველი ნაწილი ცალკე შრომად ითვლებოდა და იგი ცალკე გამოსცა ალექსანდრე ხახანაშვილმა[6]. ასევეა მიჩნეული ივანე ჯავახიშვილისა და კორნელი კეკელიძის მიერ[7][8]. ალექსანდრე ხახანაშვილმა და ნ. ზაოზერსკიმ ცალკე გამოსცეს მეორე ნაწილიც[9]. სამეცნიერო ლიტერატურაში, კორნელი კეკელიძისა და ივანე ჯავახიშვილის მიერ ეს ნაწილიც, პირველის მსგავსად, ცალკე შრომადაა მიჩნეული[7][8]. მესამე ნაწილს ნ. ზაოზერსკი და ალექსანდრე ხახანიშვილი მეორის (კანონნი შეცოდებულტანი იოანე მმარხველისა) ნაწილად თვლიდნენ[9]. ხოლო მეოთხე ნაწილი VII მსოფლიო საეკლესიო კრების ნაწილად მიიჩნევა[10]

თავად ავტორს, ექვთიმე მთაწმინდელს, მცირე სჯულისკანონი (მცირე რჩულისკანონი) ერთ შრომად მიაჩნია და აღნიშნავს: „მაიძულეს ღმრთისმოყუარეტა და სულიერთა ძმათა აღწერად მცირედი ესე რჩულისკანონი“[11]. მცირე სჯულისკანონს ერთიან და მთლიან ნაშრომად მიიჩნევს ასევე ივანე სურგულაძეც[12].

თარგმანი

რედაქტირება

მცირე სჯულისკანონის შედგენილობის ქართულის ზუსტი შესატყვისით კრებული ბერძნულ ენაზე არ არსებობს. ექვთიმეს იგი ამოკრებილი აქვს სხვადასხვა წყაროდან, ამიტომ ძეგლს ერთიანი საკანონმდებლო აქტის მნიშვნელობა არ აქვს. თარგმნისას მას არა მარტო თავისებურად აქვს დალაგებული ძეგლი, არამედ თავისუფალი თარგმანი აქვს გაკეთებული. ექვთიმე ხშირად ხშირად უმატებს საკუთარ მოსაზრებებსაც. ქართული სჯულისკანონი სავარაუდო ბერძნულ დედანთან შედარებით კანონის ახსნა–განმარტებებს, დასაბუთებასა და მსჯელობასაც შეიცავს[13]. ამგვარი თავისუფალი თარგმნაები ექვთიმესთვის დამახასიათებელი იყო, ამას აღნიშნავდა ეფრემ მცირეც[14]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, თბილისი, 2003.
  • მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, თბილისი, 1972.
  • ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1928.
  1. მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ე. გიუნაშვილმა, 1972, გვ. 3
  2. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, 2003, გვ. 159
  3. კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, 1951, გვ. 188.
  4. 4.0 4.1 კ. კეკელიძე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, 1951, გვ. 164
  5. მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ელგუჯა გიუნაშვილმა, 1972, გვ. 3–4
  6. А. Хаханов, Правила Вселенового собора, Древности восточные, т. вып. 3. 1903
  7. 7.0 7.1 ივ. ჯავახიშვილი. ქართული სამართლის ისტორია, I 1928, გვ. 30–38
  8. 8.0 8.1 კ. კეკელიძე. ძველი ქართული მწერლობის ისტორია, I, 1951. გვ. 187–188
  9. 9.0 9.1 Н. Заозерский, А. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях грузинской греческой и славянской с предисловием издателейу Изд. обш. истории и древню пос. при Моск. Университете, 1902
  10. Описание рускописей Тбилисского церковного музея, Карталино-Кахетинского духовенства, составленное Ф. Д. Жордания, книга 1, 1903. №96, с. 114-115
  11. მცირე სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადა ე. გიუნაშვილმა, 1972, გვ. 3
  12. ივ. სურგულაძე, ქართული სამართლის ისტორიის წყაროები, 2003, გვ. 158
  13. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტ. 1, 1928, გვ. 32.
  14. ივ. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტ. 1, 1928, გვ. 32.