გრიგოლ I დიდი (ლათ. Gregorius PP. I, Gregorius Magnus; დ. 540 — გ. 12 მარტი 604) — რომის პაპი 590 604 წლებში მართლმადიდებელი (მოიხსენიებენ 25 მარტს) და კათოლიკური (მოიხსენიებენ 3 სექტემბერს) ეკლესიების წმინდანი.

გრიგოლ I
გრიგოლ I

ცხოვრება

რედაქტირება

დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი.

გრიგოლმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობას მიაღწია. მამის გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება ექვსი მონასტრის მოწყობას მოახმარა, რომში წმინდა ანდრია პირველწოდებულის მონასტერი დააარსა და ბერად აღიკვეცა. პაპ პელაგიუს II-ის დავალებით წმინდა გრიგოლი დიდხანს ცხოვრობდა ბიზანტიაში. აქ დაწერა მან „იობის წიგნის თარგმანები“. პელაგიუსის გარდაცვალების შემდეგ რომის კათედრაზე წმინდა გრიგოლი აირჩიეს. შვიდი თვის განმავლობაში უარობდა იგი ამ მაღალ პატივს, მაგრამ, ბოლოს, საეკლესიო კრებულისა და სამწყსოს დაჟინებულმა თხოვნამ აიძულა, თანხმობა განეცხადებინა.

წმინდა გრიგოლი ბრძნულად განაგებდა ეკლესიას. მან ლათინურ ენაზე შეადგინა პირველშეწირული ლიტურგიის ტიპიკონი, რომელიც მანამდე მხოლოდ ზეპირი გადმოცემით იყო ცნობილი. VI საეკლესიო კრების დადგენილებით ეს ტიპიკონი სავალდებულო გახდა მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის.

წმინდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.

წმინდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე“, რისთვისაც „დიოლოღოსი“ უწოდეს. წმინდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმინდა მამის წერილებმა.

გრიგოლისთვის წერილი მიუწერია ქართლის კათოლიკოს კირიონ I-ს. შემონახულია პაპის საპასუხო წერილი (მიხეილ თამარაშვილის აზრით, იგი 596 უნდა იყოს დაწერილი). როგორც ჩანს, კირიონ I-ს პაპისთვის ნესტორიანობის გავრცელების გამო მიუმართავს. გრიგოლის „დიალოღონი“ 1011 წელს ქართულად უთარგმნია ექვთიმე მთაწმიდელს.

წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა ცამეტი წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმინდა ნაწილები ინახება ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში.

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
პელაგიუს II
რომის პაპი

590604
შემდეგი:
საბინიანე