ეფრემ ასური
ეფრემ ასური („სინანულის მოძღვარი“; დ. დაახლ. 306 — გ. 9 ივნისი, 373) — სირიელი ქრისტიანი პოეტი, მწერალი, ასკეტური მიმართულების საეკლესიო მოღვაწე. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული იყო ქრისტიანულ აღმოსავლეთში, მათ შორის საქართველოში. ეფრემი წმინდანად შერაცხულია როგორც მართლმადიდებელი (ხსნების დღე — 28 იანვარი), ასევე რომის კათოლიკური (ხსნების დღე — 9 ივნისი) ეკლესიების მიერ.
ეფრემ ასური | |
---|---|
დაბადების თარიღი | 306[1] |
დაბადების ადგილი | ნისიბინი, მესოპოტამია (რომის პროვინცია), Diocese of the East, praetorian prefecture of the East, რომის იმპერია[1] |
გარდაცვალების თარიღი | 9 ივნისი, 373 |
გარდაცვალების ადგილი | ედესა, Osroene, Diocese of the East, praetorian prefecture of the East, რომის იმპერია[1] |
საქმიანობა | თეოლოგი, დიაკვანი, პოეტი, მწერალი[2] და მღვდელი[3] |
ენა | სირიული ენა |
ჯილდოები | Doctor of the Church |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ქალაქ ნისიბინში; ზოგიერთი ცნობით, წარმართთა ოჯახში. ქრისტიანად აღიზარდა ეპისკოპოს იაკობ ნიზიბიელის ზედამხედველობით. როდესაც 363 წელს ნისიბინი სპარსელთა ხელში გადავიდა, ეფრემი იძულებული გახდა დაეტოვებინა. 365 წელს დასახლდა ედესაში, სადაც გარდაცვალებამდე ასკეტურ მოღვაწეობას ეწეოდა.
ეფრემის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს მრავალ პროზაულ და პოეტურ თხზულებას. მას ეკუთვნის ბიბლიური ტექსტების კომენტარები, თეოლოგიური პოლემიკა, დიდაქტიკური ხასიათის ჰომილიები, აპოკრიფები, ჰიმნები საღვთისმეტყველო და ისტორიულ თემებზე. აღსანიშნავია მისი ჰიმნები ნისიბინზე „Carmina Nisibina“ (პირველი 20 ჰიმნი დაწერილია ნისიბინში, 350-363, დანარჩენი 52-ედესაში, 363-373). სირიულ პოეზიაში მის მიერ უნდა იყოს შეტანილი მადრაშის (სასიმღერო ლექსები) ერთ-ერთი სახეობა — „სოღითა“ და ლექსის შვიდმარცვლიანი ზომა. პროზაული თხზულებებიდან მნიშვნელოვანია ქრისტიანულ აღმოსავლეთში გავრცელებული „სახარების“ ტექსტის „დიატესარონეს“ კომენტარები.
ეფრემ ასურის თხზულებათა დიდი ნაწილი ადრინდელი თარგმანების სახით არის შემონახული ბერძნულ, სომხურ, კოპტურ და ეთიოპიურ ენებზე. სირიულ ენაზე ზოგიერთი თხზულება დაცულია სირიელი ბერის, სერვიუსის კრებულში „Catena Patrum“ (861), აგრეთვე უფრო გვიანდელ სირიელ ავტორებთან.
ეფრემ ასურის თხზულებანი ფართოდ იყო ცნობილი ჯერ კიდევ VIII-IX საუკუნეების საქართველოში. ამ თხზულებებს სწავლობდნენ, თარგმნიდნენ. მათი ავტორი დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა, რაც კარგად ჩანს გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“. 977 წელს ოშკში გადაწერილი ქადაგებათა კრებული ცხადყოფს, რომ მისი თხზულებანი ქართულად ჯერ კიდევ X საუკუნემდე უთარგმნიათ. ეფრემ ასურის მთარგმნელთა შორის არიან ქართველი მოღვაწეები ექვთიმე მთაწმინდელი და ეფრემ მცირე („სწავლანი“, „ასკეტიკონი“, „ლოცვები“ და სხვ.)
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
- წმიდანთა ცხოვრება, ტ. I, თ., 2001.
- წერეთელი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 111.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Ефрем Сирин — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ Mirabile: Digital Archives for Medieval Culture — SISMEL – Edizioni del Galluzzo.
- ↑ Czech National Authority Database