კარტოგრაფიამეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრეტული სივრცე, როგორც სინამდვილის საგნებისა და მოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგი, სამგანზომილებიანი, დროში ცვალებადი კონტინუუმია.

ილუსტრირებული რუკა
მერკატორის მიერ შექმნილი ევროპის რუკა

მისი სახისათვის კარტოგრაფია იყენებს სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას - „რუკის ენას“ და სპეციფიურ მეთოდს - კარტოგრაფიულ მოდელირებას. კარტოგრაფიული შემეცნების შედეგს წარმოადგენს საკვლევი სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელი, რასაც მეცნიერებაში და საზოგადოებრივ პრაქტიკაში რუკა ეწოდება.

კარტოგრაფია, როგორც სამეცნიერო დარგი, XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ფესვები შორეულ წარსულს განეკუთვნება. აღორძინების ეპოქაში (XV საუკუნის მეორე ნახევარი, XVI საუკუნე) კარტოგრაფია კლავდიუს პტოლომეს გეოგრაფიული და ასტრონომიული წარმოდგენების საფუძველზე ვითარდებოდა. მაშინდელ გეოგრაფიულ გამოცემებში (პტოლომეს „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ 8 წიგნად, XVI-XVII საუკუნეების ჰოლანდიური ატლასები) ტექსტური წერილობითი მასალა და რუკები ერთად იყო წარმოდგენილი, ერთმანეთს ავსებდნენ და მონაცვლეობდნენ; ზღვაოსნობისათვის საჭირო ზოგი რუკა კი ცალკე იბეჭდებოდა.

XVIII საუკუნის დასაწყისი აღინიშნა ჰოლანდიელი ასტრონომისა და მათემატიკოსის — ვილლებრორდ სნელიუსის მიერ ტრიანგულაციის მეთოდის დამკვიდრებით, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის, ჩამოყალიბებას. მართლაც XVIII საუკუნე გარდატეხის ხანაა მსოფლიო კარტოგრაფიის განვითარებაში. ამ მხრივ გამოირჩეოდა საფრანგეთი, რომელსაც კარტოგრაფიის განვითარების დონით, მთელი საუკუნის მანძილზე ევროპაში წამყვანი ადგილი ეკავა.

კარტოგრაფია საქართველოში

რედაქტირება

კარტოგრაფია საქართველოში, რომლის ფესვები საუკუნეების სიღრმეში იკარგება, ფეხდაფეხ მისდევდა მეცნიერების განვითარების მაგისტრალურ ხაზს. ვახუშტი ბატონიშვილი ამ მოვლენების შუაგულში ტრიალებდა. თავისი დაუცხრომელი შემოქმედებითი მოღვაწეობით მან ღირსეული წვლილი შეიტანა ამ ფუნდამენტური დარგის განვითარებაში.

საქართველოს პირველი რუკები შუასაუკუნეებში შეიქმნა. XVIII საუკუნის დასაწყისში სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთში ჩაიტანა ქართული კარტოგრაფიული მასალები, რაც საფუძვლად დაედო 1723 წელს პარიზში გამოცემულ „კავკასიისა და კასპიისპირეთის რუკას“, რომლის ერთ-ერთ ავტორად თვით სულხან-საბა ორბელიანია აღიარებული. 1737 წელს კი ტიმოთე გაბაშვილმა შეადგინა იმერეთის (დასავლეთ საქართველოს) რუკა.

ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მოღვაწეობა, როგორც შენიშნავს ლევან მარუაშვილი (1956), საფუძვლად დაედო კავკასიაში კარტოგრაფიის განვითარების განსაზღვრულ ეპოქას — 1735 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე, რითაც ამ რთული რეგიონის კარტოგრაფიის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვახუშტიმ შეადგინა საქართველოს ატლასები, რომელთა ორიგინალები თბილისის არქივებშია დაცული.

კარტოგრაფია რუსეთში

რედაქტირება

ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ადმინისტრაციის მოთხოვნა იყო აღწერილიყო მიწები. პირველი მსგავსი აღწერა, რომელზედაც შემოგვრჩა ცნობები შედგა XIII საუკუნის შუა წლებში. ეს იყო მონღოლების მიერ ჩატარებული საყოველთაო აღწერა, რომელიც მიზნად ისახავდა შესაბამისად დაებეგრათ დაპყრობილი მიწების თითოეული მხარე. მონღოლებმა პირველი აღწერა 1245 წელს, კიევისა და მთელი სამხრეთ რუსეთის — 1257 წელს, შუა რუსეთსა და ნოვგოროდში კი 1259 წელს ჩაატარეს. აღწერისათვის ინიშნებოდნენ სპეციალური ჩინოვნიკები — აღმრიცხველები, დამბეგვრელები, რომლებიც ითვლიდნენ, როგორც ცალკეული სამფლობელოების ისე თითოეული პირის მფლობელობაში არსებულ ფართსაც. აღნიშნული აღწერის გარდა მთავრებიც დამოუკიდებლად აღრიცხავდნენ მის კუთვნილ ტერიტორიებსაც. აღრიცხვის ერთიანის სისტემატიზაციის არარსებობის გამო, ყველა აღრიცხავდა მის მიერ შემუშავებული და მოთხოვნადი პრინციპების შესაბამისად. მოსკოვის სამტავროს გარშემო ცალკეული სამტავროების გაერთიანების შედეგად დღის წესრიგში დადგა ერთიანი სააღრიცხვო სისტემის შექმნა. პირველი სააღრიცხვო ნაკაზი დადგინდა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე მრისხანეს მიერ. ივანე მრისხანის დროინდელი სააღრიცხვო მასალებიდან თითქმის არაფერი შემორჩა, მისი დიდი ნაწილი მოსკოვის ხანძრებმა იმსხვერპლა. მაგრამ ტატიშჩევის მოწმობით ის მოიცავდა მიწისმზომ სამუშაოებსაც. აღნიშნულის პარალელურად რუსეთში ჩამოყალიბდა რუსული გეომეტრია ანუ გეოდეზია. იქიდან გამომდინარე რომ აღრიცხვის თვითმიზანი იყო მხოლოდ გადასახადების აკრეფა, ყურადღება არ ექცეოდა დასახლებებში შენობა-ნაგებობების დატანას და ყველაფერ იმას რასაც კარტოგრაფია ითხოვს. ასევე არ დგებოდა გეგმები, თუმცა საერთო სურათის დასანახად იგრძნობოდა რომ არ არსებობდა ყველაზე მთავარი — რუსეთის ტერიტორიის ზუსტი რუკა.

პირველი რუსეთში საერთო რუკა, სახელწოდებით „დიდი მონახაზი“ (რუს. Большой чертежъ) შეიქმნა XVI საუკუნეში. ვერც დედანმა და ვერც 1627 წლის ასლმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.

 
რემეზოვის მიერ შედგენილი რუკის ნაწილი

XVII საუკუნეში ბოიართა დუმის დაკვეთით, ტობოლელმა სემიონ რემეზოვმა იმოგზაურა ტობოლსკის გუბერნიაში. 1667 წელს მის მიერ შეიქმნა და დაიბეჭდა ციმბირის მიწების პირველი რუკები.

აღნიშნულ პერიოდში ასევე არაერთი რუკა იქნა გამოცემული, რომლებთაც ახასიათებდათ საერთო ნაკლი, არ ჰქონდათ ასტრონომიული ათვლის წერტილი და არ ითვალისწინებდა რეალობასთან პროპორციულობას. ასევე დაბალი ხარისხის იყო მეხობელი ქვეყნების მიერ შექმნილი რუსეთის რუკებიც, რადგანაც ეფუძნებოდა გამოკითხულთა ცნობებსა და მოგზაურთა პირად ჩანაწერებს.

რუსეთის ძველი რუკებიდან ცნობილია 1614 წელს ამსტერდამში შექმნილი ლათინურენოვანი და 1631 და 1651 წლებში შექმნილი ორი რუსულენოვანი რუკა, რომლებიც ასლებს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ეს უკანასკნელი სამი რუკა ძველი ფომრბისაგან წინგადადგმული ნაბიჯი იყო მაგრამ იყო ბევრი უზუსტობები გაპარული.

რუსული კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას რუსეთში, უკავშირდება პეტრე პირველის სახელს. მისი დავალებით დაიწყო რუსეთის იმპერიის დეტალური აღწერა შემდგომში რუკის შექმნის მიზნით. ასე მაგალითად კასპიის ზღვის ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად ჩატარებული იყო აღწერები: ბეკოვიჩის (1715 წ.), კოჟინის (1716 წ.), ვერდერისა და სემიონოვის (1719 წ.) და გერბერის (1722 წ.) მიერ. 1719 წელს კამჩატკისა და კურილიის კუნძულების აღსაღწერად გაიგზავნა ექსპედიცია ებრეინოვისა და ლუჟინის ხელმძღვანელობით. მაგრამ სამუშაოების საფუძვლიან დასაწყისად ითვლება 1720 წლის 9 დეკემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საზღვაო აკადემიიდან უნდა შეეკრიბათ გეოდეზიასა და გეომეტრიაში დახელოვნებული 30 ახალგაზრდა, რომლებიც დაიგზავნებოდნენ სხვადასხვა გუბერნიებში მიწების გაზომვისა, ლენდკარტების შედგენისა და რუსეთის შიდა მხარეების აღწერისათვის.

გამგზავრებისას გეოდეზისტებს ეძლეოდათ სამუშაო ინსტრუქცია, რომლითაც ირკვევა რომ: გადაღებები წარმოებდა მაზრების მიხედვით, კოორდინატების დასადგენად ნაწილობრივ გამოიყენებოდა უკვე არსებული, ობიექტების დიდი ნაწილი დაიტანებოდა გამოკითხვის შედეგად.

აღნიშნული სამუშაოებს კურირებდა მმართველი სენატი, სადაც გროვდებოდა შექმნილი რუკები, თავიანთ ჟურნალებთან ერთად, რომლებსაც ობერ-მდივანის კირილოვის რედაქტორებით, დადგენილი წესით ერთმანეთთან აერთებდნენ. კირილოვის რედაქტორობით გამოიცა რამდენიმე რუკა, თუმცა მის მიერ საგნის სუსტი ცოდნის გამო, კარტოგრაფია ვერ იქნა აყვანილ სათანადო სიმაღლელზე.

1726 წელს პეტრე პირველის მოწვევით რუსეთში ჩამოვიდა ფრანგი ასტრონომი ნიკოლოზ-იოსებ დელილი, რომელიც თავის ძმასთან ლუდოვიკო დელილ დე-ლა-კროერთან ერთად შეუდგა აღნიშნული მისიის ხორცშესხმას. 1726 წელის დეკემბრის თვეში იმპერატრიცა ეკატერინე I-ის ბრძანებით 1721 წელს შექმნილი რუკები წარედგინა ძმებ დელილებს. არსებული რეკების გადახედვით გადაწყდა რომ პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო შეექმნათ გრძედები და განედების, რომლებზეც დაიტანებოდა მოძიებული წერტილების კოორდინატები. კოორდინატების თავიდან ასათვლელად გადაწყდა ექსპედიციაში გაეშვათ ლუდოვიკო დელილი, მაგრამ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. მის მიერ 3 წლის განმავლობაში შეგროვდა 14-მდე კოორდინატი და მისი ათვლის სისტემა გაცილებით უფრო მცდარი იყო ვიდრე რუსი გეოდეზისტებისა.

დელილის მიერ შექმნილი რუსეთის გენერალური რუკა იგეგმებოდა რომ უნდა ყოფილიყო 50 ვერსი მასშტაბის, ხოლო ათვლის წერტილად უნდა ყოფილიყო სანქტ-პეტერბურგი, ამიტომ გადაწყდა აღნიშნული წერტილის კოორდინატის ზუსტი გაანგარიშება.

1738 წელს რუსეთის კარტოგრაფიაში კრილოვისა და ძმებ დელილების პარალელურად გამოძნდა ტატიშჩევი, რომლის მოთხოვნითაც გადაწყდა რომ კრილოვის დაქვემდებარებაში არსებულ გეოდეზისტებს კვალიფიკაცია აემაღლებინათ მეცნიერებათა აკადემიაში, რათა ასტრონომიული სიზუსტით ეწარმოებინათ ტოპოგადაღებები.

1739 წელს ბრძანებით გადაწყდა რომ არსებული და მომავალში შექმნილი რუსეთის რუკებს თავი უნდა მოეყარა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში, რომლისთვისაც სპეციალურად შეიქმნა გეოგრაფიის დეპარტამენტი.

1745 წელს დარსრულდა დელილის მიერ დაწყებული რუსეთი გენერალური რუკა. აღნიშნულ რუკაზე მუშაობამ სათავე დაუდო რუსეთის კარტოგრაფიის ახალ განვითარებას, ეწყობოდა ასტრონომიული ექსპედიციები, იხვეწებოდა ტოპოგადაღებები, რუკამ ნელ ნელა მიიღო რელიეფის კონტურები და სხვა.

თანამედროვე კარტოგრაფია

რედაქტირება

მთელი სინამდვილის შესაბამისად, კარტოგრაფია და რუკები ორ - დედამიწისეულ და კოსმოსურ ჯგუფად იყოფა. პირველში შედის გეოგრაფიული კარტოგრაფია და გეოგრაფიული რუკები, მეორეში - ასტრონომიული კარტოგრაფია და ასტრონომიული რუკები. რეალური სინამდვილის კონკრეტულ სივრცეს აქვს გარკვეული სტრუქტურა. მისი ელემენტებია ათვლის სივრცითი სისტემა, და მის მიმართ ურთიერთგანლაგების დროში ცვალებად წესრიგში მყოფი საგნები და მოვლენები.

შესაბამისი სტრუქტურა აქვს იმავე სინამდვილის კარტოგრაფიულ გამოსახულებასაც (რუკას). გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის ათვლის სივრცით სისტემად მიჩნეულია დედამიწის საკოორდინატო ბადე - გრადუსთა ბადე, რომლის გამოხატულება სიბრტყეზე - კარტოგრაფიული ბადე - გეოგრაფიული რუკის მათემატიკურ საფუძველს წარმოადგენს და მიიღება გარკვეული კარტოგრაფიული პროექციის დახმარებით.

გეოგრაფიული სინამდვილის საგნების (მაგ., ოკეანეები და ხმელეთი, მდინარეთა ქსელი, რელიეფი, დასახლებული ადგილები და სხვ.) მოვლენების (მაგ., ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები, ზედაპირული ჩამონადენი, და სხვ.) მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, განათლებისა, და ა.შ. გამოსახულებებს კარტოგრაფიული ბადის მიმართ ზუსტად ისეთივე განლაგება აქვს რუკაში, როგორც სინამდვილეში. ეს არის სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელის უნიკალური თავისებურება, რაც მას დიდ მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.

გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის მნიშვნელობა აქვს გეოდეზიის მონაცემებს დედამიწის ფორმისა და ზომების შესახებ, საყრდენი წერტილების კოორდინატებსა და აეროფოტოტოპოგრაფიული გადაღების მასალას, რომელთა საფუძველზე მიიღება დედამიწის ყველა რუკის პირველწყარო — ტოპოგრაფიული რუკა. ამ თვალსაზრისით შედის კარტოგრაფია ტექნიკურ მეცნიერულ ციკლში, ხოლო სიმანდვილის გარკვეული მხარის კარტოგაფიული მეთოდით გამოკვლევის პროცესში იგი უკავშირდება საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, რომლებსაც თავისი შემეცნების საგნის შინაარსის გარდა, საგნის სივრცითი თავისებურებებიც აინტერესებს. ამ კავშირის საფუძველზე იქმნება სპეციალური სამეცნიერო კარტოგრაფიული დისციპლინები (მაგ., გეოლოგიური კარტოგრაფია, გეომორფოლოგიური კარტოგრაფია, ეკონომიკური კარტოგრაფია) და მათი განმაზოგადებელი დისციპლინა — თემატიკური კარტოგრაფია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • «Исторический очерк деятельности Корпуса военных топографов 1822-1872», С-П., 1872
  • ასლანიკაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 418.
  • ვახუშტი ბაგრატიონი, „საქართველოს ატლასი“, (ვ. ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი) თბ. 1997 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება