ტოპოგრაფიული რუკა

ტოპოგრაფიული რუკა — უნივერსალური დანიშნულების ზოგადგეოგრაფიული რუკა ადგილის დეტალური გამოსახულებით. დაწვრილებითაა მოცემული დედამიწის ზედაპირის ბუნებრივი და ხელოვნური რელიეფი, ასევე ზოგიერთი სხვა ბუნებრივი, სამეურნეო და კულტურული ობიექტი. ხშირად სხვა რუკების საფუძველია.[1] განკუთვნილია მრავალმიზნობრივი სამეურნეო, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და თავდაცვითი მიზნებისათვის. ტოპოგრაფიული რუკები იქმნება სიბრტყეზე ფიზიკური სხეულების პროექტირების კანონებზე. აქვს საყრდენი გეოდეზიური ქსელი და აღნიშვნების სტანდარტული სისტემა.[2]

ტოპოგრაფიული რუკა კონტურის ხაზებით

ხმელეთის ტოპოგრაფიული რუკების შინაარსის ელემენტებია: საყრდენი გეოდეზიური პუნქტები, რელიეფი, ჰიდროგრაფია, მცენარეული საფარი, გზები, საზღვრები, სამეურნეო და კულტურის ობიექტები. ტოპოგრაფიულ რუკებს იყენებენ როგორც საფუძველს, თემატური რუკების, რელიეფის ციფრული მოდელის, GIS-ების ციფრული რუკების შესადგენად.[3]

ტოპოგრაფიული რუკები მასშტაბის შესაბამისად იყოფა შემდეგ ტიპებად:

  • მსხვილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკები — 1:50 000 და მსხვილი;
  • საშუალომასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკები — 1:100 000 – 1:500 000;
  • წვრილმასშტაბიანი ტოპოგრაფიული რუკები — 1:500 000-ზე წვრილი.
  1. ზოგადგეოგრაფიულ ტერმინთა ენციკლოპედიური ლექსიკონი. თბ., 2014, გვ. 336.
  2. Топографическая карта | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-24. ციტირების თარიღი: 2021-07-24.
  3. გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი, თბ., 2011, გვ. 198