იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია

იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია — იერუსალიმის ქართული სავანის — ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია 1960 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის შემადგენლობით. ძველი ქართული წყაროების მონაცემებით, მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე გამოსახული უნდა ყოფილიყო შოთა რუსთაველის პორტრეტი. იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ მანამდე არსებულ აღწერილობათა (ტიმოთე გაბაშვილი, ნიკო ჩუბინაშვილი, ალექსანდრე ცაგარელი და სხვა) მიხედვით მიაგნო ფრესკის ადგილს, რომელიც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ, შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა. მასზე გამოხატულია ქართველი დიდებულისთვის დამახასიათებელ საერო ტანსაცმელში გამოწყობილი, მხრებზე ყარყუმის ბეწვისსაყელოიანი მეწამული ფერის მანტიითა და თავზე შავი ფერით გაწყობილი თეთრი ბეწვის ქართული ქუდით მოსხმული, ორი წმინდანის იოანე დამასკელისა და მაქსიმე აღმსარებლის წინაშე მუხლმოდრეკილი და ხელებაპყრობილი ქართველი პოეტი და მოაზროვნე შოთა რუსთაველი. აღდგა ფრესკის წარწერაც, რომელიც მანამდე წყაროებში ზუსტად არ იყო მოხსენიებული: „ამის დამხატავსა შოთა(ს) შეუნდვნეს ღმერთმან, ამინ“. პოეტის გამოსახულების ქვემოთ მინაწერია: „რუსთველი“. იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ ფრესკის ფოტოებთან ერთად საქართველოში ჯვრის მონასტრის სხვა ფოტომასალაც ჩამოიტანა.

შოთა რუსთაველის პორტრეტი ჯვრის მონასტერში

ჯერ კიდევ ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობიდან იყო ცნობილი, რომ ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის პორტრეტია გამოსახული. შემდეგში, 1883 წელს ეს პორტრეტი ნახა პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა, წინააღმდეგ გავრცელებული აზრისა, მას პორტრეტი არ გადაუღია. მან დაბეჭდა მხოლოდ წარწერის ტექსტი, რომელიც პორტრეტს თან ახლავს. ალექსანდრე ცაგარელზე ადრე, 1845 წელს შოთა რუსთაველის პორტრეტი უნახავს და ჩაუხაზავს ნიკო ჩუბინაშვილს, რომელმაც შემდეგ იმ ჩანახაზისა და სიტყვიერი აღწერილობის საფუძველზე გააკეთებინა რუსთაველის პორტრეტი — ერთს პეტერბურგელ მხატვარს. ეს პორტრეტი ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (ფონდი A—1767).

ნიკო ჩუბინაშვილისეული ამ პორტრეტის მიხედვით არის გაკეთებული თარხნიშვილის მიერ შოთა რუსთაველის ქანდაკება. იგივე პორტრეტი გამოაქვეყნა 1958 წელს „საბჭოთა ხელოვნებაში“ ბორის კანდელაკმა. ამასთან დაკავშირებით გაზეთ „კომუნისტის“ 1958 წლის 12 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა კოლექტიური წერილი, რომლის ავტორები იყვნენ გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ამირანაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ილია აბულაძე და ვახტანგ ბერიძე. ეს ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ გამოქვეყნებული პორტრეტი შესრულებულია ნიკო ჩუბინაშვილის ჩანახაზების მიხედვით პეტერბურგში, მხატვრის მიერ, რომელსაც ორიგინალი არასდროს არ უნახავს, და რომ ეს პორტრეტი არ წარმოადგენს ჯვრის მონასტრის ფრესკის პირს და ამის მიხედვით არ შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ ორიგინალზე.

ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე მოთავსებული რუსთაველის პორტრეტი მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული და არავინ იცოდა, თუ ნამდვილად რას წარმოადგენდა იგი. არსებობდა მხოლოდ ტიმოთე გაბაშვილის, ნიკო ჩუბინაშვილისა და ალექსანდრე ცაგარლის აღწერილობა, აგრეთვე პეტერბურგელი მხატვრის მიერ შესრულებული სურათი, მაგრამ ამ სურათს, ორიგინალთან, ჯვრის მონასტრისეულ რუსთველს ნამდვილ ქართულ სახესთან საერთო არაფერი ჰქონდა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეს პორტრეტი დაკარგული იყო. მას ვერ მიაკვლია ვერც ნიკო მარმა XX საუკუნის დასაწყისში იერუსალიმში ყოფნისას. უცნობს პირებს, რომლებიც ცდილობდნენ წაეშალათ ყოველგვარი ქართულის კვალი ჯვრის მონასტერში, ეს პორტრეტი და მისი წარწერა, მსგავსად მთელი რიგი სხვა სურათებისა, წაშალეს და სქელი საღებავით დაფარეს.

1960 წლის ოქტომბერში საქართველოდან იერუსალიმში გაემგზავრა სპეციალური ექსპედიცია ადგილობრივი სიძველეების, უმთავრესად რუსთაველთან დაკავშირებული მასალების შესასწავლად. ექსპედიციამ შეძლო მიეკვლია რუსთაველის პორტრეტისა და წარწერისათვის. სურათი და ტექსტი იმდენად იყო წაშლილი, რომ პირველ ხანებში ექსპედიციის წევრებმა მისი აღდგენის იმედი სრულებით დაკარგეს, თუმცა დიდი პროფესიონალიზმის წყალობით მოხერხდა მთლიანად ტექსტისა და სურათის აღდგენა, რომელიც აღმოჩნდა ხელოვნების ბრწყინვალე ნაწარმოები. წარწერის ტექსტის აღდგენა ამ პორტრეტის ისტორიასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის გარკვევის საშუალებასაც იძლევა.

წარწერის ტექსტი, როგორც ცნობილია, გამოაქვეყნა ალექსანდრე ცაგარელმა შემდეგი სახით:

ვიკიციტატა
„ამისა დამხატავსა შოთა (ს) შეუნდოს ღმერთმან. ამინ. რუსთველი.“

ტექსტი იმ სახით, როგორც ეს ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა ერთგვარ გაუგებრობას იწვევდა. თუ მართლაც ფრაზაში „ამისა დამხატავსა შოთას“ იგულისხმებოდა შოთა რუსთაველი, რატომ პირდაპირ არ დაწერეს „ამისა დამხატავსა შოთა რუსთველს“ და რატომ იყო სიტყვა „რუსთველი“ მიწერილი ტექსტის ბოლოს, უადგილო ადგილას. ეს გარემოება აფიქრებინებდა ზოგიერთ მკვლევარს, რომ ტექსტში ვიღაც სხვა შოთა იგულისხმება და რომ თითქოს იგი შემდეგ გააზრებულ იქნა შოთა რუსთველად და ამიტომ უკვე დამთავრებულსა და დასრულებულ წარწერას შემდეგში ვიღაც სხვა პირმა მიაწერა „რუსთველი“. ამის საფუძველზე გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ეს პორტრეტი ვიღაც სხვა შოთასი უნდა ყოფილიყო და რომ ვეფხისტყაოსნის ავტორის სახელს იგი შემდეგ დაუკავშირეს. მას შემდეგ რაც აღდგა ტექსტი საკითხიც მარტივად გადაწყდა.

სიტყვა „რუსთველი“ წარწერის ტექსტს არ ეკუთვნის, არამედ პორტრეტს. იგი დაწერილია ორ ნაწილად. პირველი ორი ასო რუ (-რუ) მოთავსებულია რუსთველის თავსაბურავის მარცხნით, ხოლო დანარჩენი ასოები გამოყვანილია ორ სტრიქონად მარჯვენა მხარეზე: სთვ-ლი, ესე იგი პორტრეტზე გამოსახული პირის სახელი რუ-სთვ-ლი ამ შემთხვევაშიც მოცემულია ისე, როგორც თითქმის ყველა სხვა წარწერაში.

რუსთაველის სახელი მის პორტრეტთან დაწერილია ისე, რომ სიტყვა „რუსთველი“ მის ზემოთ მოთავსებულ ტექსტს კი არ ეკუთვნის, არამედ პორტრეტს. მაშასადამე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მარჯვნივ მეორე სვეტზე მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის შორის მოთავსებულ პორტრეტს აწერია: „რუსთველი“. ვინაიდან წარწერა იმ პორტრეტს ეხება, რომელსაც „რუსთველი“ აწერია, ამიტომ ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ამ წარწერის შოთაში სწორედ შოთა რუსთველზეა ლაპარაკი. სრულიად წარმოუდგენელია, რომ აქ ვინმე სხვა შოთა იგულისხმებოდეს. ამგვარად, დღეს ეჭვმიუტანელ ფაქტად მიიჩნევა, რომ ჯვრის მონასტრის სვეტზე მოთავსებულია შოთა რუსთველის პორტრეტი, რომელსაც აქვს ერთი მხრივ, წარწერა „რუსთველი“, ხოლო მეორე მხრივ, თან ახლავს ტექსტი „ამისა დამხატავსა შოთას შეუნდვნეს ღმერთმან — ამინ“.

საყურადღებოა თვით პორტრეტისა და წარწერის შექმნის დრო. როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერი განაახლა XVII საუკუნეში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა და შესაძლოა ეს პორტრეტიც იმ ეპოქას ეკუთვნოდეს, მაგრამ წარწერის შინაარსი ასეთ ვარაუდს საეჭვოს ხდის. შეუძლებელია XVII საუკუნეში შოთა რუსთველი ჯვრის მონასტრის „დამხატავად“ მიეჩნიათ, თუ ამისათვის რაიმე საფუძველი არ არსებობდა. ამიტომ, უფრო სწორი უნდა იყოს ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს პორტრეტი თავისი წარწერით ან არის განახლებული XVII საუკუნეში, ან გაკეთებულია რაიმე უტყუარი მონაცემის საფუძველზე. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია პოეტის ბიოგრაფიისათვის. უკანასკნელ წლებში ფრესკა რამდენჯერმე დააზიანეს. 2004 წელს ცნობილი გახდა რუსთაველის ფრესკის დაზიანების შესახებ. დაუდგენელმა პირებმა გამოსახულებას სახე გადაუფხიკეს. დაზიანების შემდეგ გადაფხეკილი ფრესკა აღდგენილია (2005).

გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე ჯვრის მონასტრის კარის წინ ბერი ბენედიქტიუსი აკვირდება რუსთაველის პორტრეტის ადგილსამყოფელს აკაკი შანიძე (შუაში) თვალყურს ადევნებს მოსამზადებელ სამუშაოებს

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბაშიძე ი., სიტყვები. გზები. სახეები. თბ., 1971;
  • აბაშიძე ი., შანიძე ა., წერეთელი გ., შოთა რუსთაველი ჯვრის მონასტერში, «საბჭოთა ხელოვნება», 1960, №12;
  • შანიძე ა., ვეფხისტყაოსნის საკითხები, [ტ.] 1, თბ., 1966.