ირაკლი აბაშიძე
ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (დ. 10 სექტემბერი ან 23 ნოემბერი , 1909, ხონი — გ. 14 იანვარი, 1992, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1957-1959 წლებში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სოციალისტური შრომის გმირი (1979), რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1965), ლენინის ორდენის კავალერი (1958, 1966, 1969, 1979).
ირაკლი აბაშიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 (23) ნოემბერი, 1909 |
დაბადების ადგილი | ხონი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 14 იანვარი, 1992 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი და პოლიტიკოსი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები | სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო ნიშნის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, რუსთაველის პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ |
ბიოგრაფია
რედაქტირება1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ და „მნათობის“ რედაქტორი, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-1967). აბაშიძის ლექსები 1928 წლიდან იბეჭდება. ლექსთა პირველი კრებულებია: „რამდენიმე ლექსი“, 1932; „ახალი ლექსები“, 1938; „ლექსები“, 1941. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა პატრიოტული ლირიკის აღიარებული ნიმუშებია „კაპიტანი ბუხაიძე“, „ლესელიძის ხსოვნას“ და სხვა. 1957-1959 და 1969 წლებში შექმნილი ლექსების ციკლი „მიახლოება“ პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას ეძღვნება. 1960 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა რუსთაველის ფრესკა. ამ მოგზაურობათა შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების წიგნი „რუსთველის ნაკვალევზე“, რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ (1959; წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, 1972) და „პალესტინა, პალესტინა“ (შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 1966).
იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრით გაერთიანებულ ამ ლექსებში გაცოცხლებულია რუსთაველის სახე, თავისი ქვეყნისა და დროის ჭირ-ვარამს ზიარებული მგოსნის სულიერი სამყარო. გენიოსი პოეტის ბედი აქ სიმბოლურად ეხმაურება ქართველი ხალხის ისტორიულ ბედს. ამ ციკლის ლექსი „ხმა კატამონთან“ ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. აბაშიძის ინიციატივით 1966 წელს მოეწყო რუსთაველის დაბადების 800-წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში.
აბაშიძე არის რამდენიმე ლირიკული ციკლის („ჰყვავის გურია“, „სიმღერა მკის დროს“, 1950; „მონადირის ღამეები“, 1948 და სხვა), საბავშვო ლექსებისა და პოემების („რას გადაურჩა თბილისი“, 1955 და სხვა) ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების, ასევე წიგნების „პალესტინის დღიური“ (1966) და „ზარები 1930-იანი წლებიდან“ (1992) ავტორი. თარგმნილი აქვს ა. პუშკინის, ა. მიცკევიჩის, ი. ვაზოვის, ხ. ბოტევის, ვ. მაიაკოვსკის, კ. ჩუკოვსკის და სხვა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს |ბორის პასტერნაკმა, ბელა ახმადულინამ, ევგენი ევტუშენკომ, ალექსანდრე მეჟიროვმა და სხვა. გერმანულად პოეტის ლექსები თარგმნა ჰერმან ბუდენზიგმა.[1]
აბაშიძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა. ირაკლი აბაშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; არქივი ცენტრს მისმა ქალიშვილმა, ქართული ენციკლოპედიის რედაქტორმა, ირინე აბაშიძემ 2009 წლის 19 თებერვალს გადასცა.
ლიტერატურა
რედაქტირება- გამსახურდია კ., პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, რჩ., თხზულებანი, ტ. 7, თბ., 1965;
- ირაკლი აბაშიძე (რუსთაველის პრემიის ლაურეატები), თბ., 1966;
- ნატროშვილი გ., სიტყვა ირაკლი აბაშიძეზე, თბ., 1969;
- ჟღენტი ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 20.
- გვერწითელი. გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 23.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, "მამულიშვილთა სავანე", გვ. 19, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ირაკლი აბაშიძე. თსუ-ის ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი, 2022. ციტირების თარიღი: 17 ნობერი, 2022.