ჰერაკლიტე ეფესელი (ძვ. ბერძნ. Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος; დ. დაახლ. ძვ. წ. 520 — გ. დაახლ. ძვ. წ. 460) — ბერძენი ფილოსოფოს-მატერიალისტი, იონური სკოლის წარმომადგენელი. მის შესახებ მცირე ცნობები მოგვეპოვება. თავისი ფილოსოფიურ-კოსმოლოგიური მოძღვრებით ჰერაკლიტე პრინციპულად დაუპირისპირდა სოკრატემდელ ფილოსოფოსებს. ჰერაკლიტეს მიხედვით, კოსმოსის (სამყაროს) ცენტრალური სიმბოლოა „მარად ცოცხალი ცეცხლი, რომელიც არ შეუქმნია არავის არც ღმერთთაგან, არც კაცთაგან, იგი მუდამ იყო, არის და იქნება ცოცხალი ცეცხლი, ზომის თანახმად აგიზგიზებული და ზომის თანახმად ჩამქრალი“ (ფრაგმენტი 30). მის ჩაქრობას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პირობითი, ფარდობითი ხასიათი. ამიტომ ჰერაკლიტეს აზრით, კოსმოსი არსებობს უსასრულო ქმნადობით დაფუძნებულ დროში. ამ ქმნადობას და, მაშასადამე, თვით კოსმოსის სიღრმისეულ შინაარსზე მიუთითებს ჰერაკლიტეს ფილოსოფიის სამი ძირითადი სიტყვა-ცნება (ფილოსოფემა): „ლოგოსი“, „დრო“, და „ბრძოლა“. „ბრძოლა“ გამოხატავს კოსმოსური ქმნადობის დიალექტიკურად დაპირისპირებულ არსთა ერთიანობით განპირობებულ ბუნებას, მის ჰარმონიას. „დრო“ მიუთითებს კოსმოსური ქმნადობის შინაგან თავისუფლებაზე, ღვთიური ნებისადმი მის დაუქვემდებარებელ ხასიათზე. ჰერაკლიტესეული „ლოგოსი“ (სიტყვისადმი კოსმიური პრინციპის როლის მინიჭება) მიუთითებს ჰერაკლიტეს კოსმოლოგიის უნიკალურ ხასიათზე: ადამიანური არსის ძირითადი განზომილება — სიტყვიერება — არის ამავე დროს კოსმოსური სინამდვილის ძირითადი განზომილება, მისი უღრმესი საზრისის ამსახველი პრინციპი.[1]

ჰერაკლიტე

ჰერაკლიტე
დაბადების თარიღი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 520
ეფესო
გარდაცვალების თარიღი დაახლოებით 460
პროფესია ფილოსოფია

დოქტრინათა ბუნდოვანების გამო მას გაუგებარს უწოდებდნენ. საგანთა და ფენომენთა მრავალფეროვნება განაცვიფრებს ჰერაკლიტეს და ის მას ბუნების კანონამდე აღამაღლებს. მისთვის ბუნება განუწყვეტელ ცვლილებაში, მოვლენათა მრავალფეროვნებაში მჟღავნდება. ყველაფერში დაპირისპირება, პაექრობა, ომი, საწინააღმდეგოთა მოძრაობაა.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოგიბერიძე მ., ფილოსოფიის ისტორია, ტ. 1, თბ., 1941;
  • წერეთელი ს., ანტიკური ფილოსოფია, თბ., 1968;
  • Ramnoux С., Vocabulaire et structures de pensee archaїque chez Heraclite, P., 1959;
  • Wheelwright Ph., Heraclitus, Princeton, 1959.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. ლებანიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 627.
  2. ჰერაკლიტე ეფესელი — ენციკლოპედიური ლექსიკონი