ტერმინს „დრო“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დრო (მრავალმნიშვნელოვანი).

დრო (აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც წარმოადგენს მატერიის არსებობის ერთ-ერთი ძირითად ფორმას (სივრცესთან ერთად) და გამოიხატება ერთიმეორის მონაცვლე მოვლენების კანონზომიერ კოორდინაციაში. დრო არსებობს ობიექტურად და განუყრელადაა დაკავშირებული მატერიის მოძრაობასთან. დროის ატრიბუტია შეუქცეობა, ე. ი. დრო მიმდინარეობს მხოლოდ დადებითი მიმართულებით — წარსულიდან მომავლისაკენ. დროს აქვს ერთი განზომილება (სივრცე და დრო, ფარდობითობის თეორია).

დრო

დროის საზომი, ჯიბის საათი
სიმბოლოს აღნიშვნა
SI სისტემა წამი (წმ)
განზომილება
სურათები ვიკისაწყობში

დროის აღრიცხვა

რედაქტირება

კლასიკური მექანიკის კანონების მიხედვით, დრო არასდროს ჩერდება — ის ყოველთვის უცვლელი სიჩქარით მიდის, კვანტურ მექანიკაში კი — დროის მსვლელობა დამოკიდებულია სხეულის სიჩქარეზე, ათვლის სისტემის მიმართ.

შორეული წარსულიდან დროის აღრიცხვას საფუძვლიანად დაედო ციური სხეულების მოძრაობით განპირობებული, შედარებით უცვლელი პერიოდით კანონზომიერად განმეორებადი მოვლენები (დედამიწის ღერძული ბრუნვა, მთვარის ორბიტული გარემიმოქცევა, დედამიწის წლიური გარემოქცევა). დროის დიდი ინტერვალების საზომად იქცა მზის გარშემო დედამიწის ერთი სრული გარემოქცევის დრო — წელიწადი, რომელთანაც დაკავშირებულია სეზონური ცვლილების ციკლი. დროის შედარებით მცირე ერთეული იყო მთვარის ფაზების ცვალებადობის პერიოდი — სინოდური თვე, რომლის სახეცვლილებაა თანამედროვე თვე. დროის ფუნდამენტური საზომი ერთეული ყოველთვის იყო დედამიწის ღერძული ბრუნვის პერიოდი დღე-ღამე (მათი ხანგრძლივობა ცვალებადობს წლის განმავლობაში), თითოეულ მათგანს კი ცალ-ცალკე 12-12 ნაწილად (საათად). შემდგომში მთელი თვე დაყვეს 24 თანაბარ საათად, ხოლო მეცნიერებისა და ტექნიკის საჭიროებისათვის შემოიღეს წუთი (საათის 1/60 ნაწილი) და წამი (წუთის 1/60 ნაწილი). დედამიწა ვარსკვლავების მიმართ ერთ სრულ შემობრუნებას ანდომებს უფრო ნაკლებ დროს, ვიდრე მზის მიმართ, რადგან მზე ვარსკვლავთა მიმართ გადაადგილდება დედამიწის ბრუნვის მიმართულებით. თუ დროის აღრიცხვა ემყარება დეედამიწის ბრუნვას ვარსკვლავების მიმართ, საქმე გვაქვს ვარსკვლავიერ დროსთან, ხოლო თუ მზის მიმართ — ჭეშმარიტ მზისიერ დროსთან. ვარსკვლავიერ დროს იყენებენ მრავალი ასტრონომიული, გეოდეზიური და კარტოგრაფიული სამუშაოებისათვის, მაგრამ ადამიანის ყოველდღიური საქმიანობისათვის მისი გამოყენება შეუძლებელია — ვარსკვლავიერი დღე-ღამის დასაწყისი წლის განმავლობაში შეიძლება დაემთხვეს დღისა და ღამის ნებისმიერ მომენტს. არც ჭეშმარიტი მზისიერი დრო ვარგა ყოველდღიური ხმარებისათვის: ჭეშმარიტი მზისიერი დღე-ღამის ხანგრძლივობა წლის განმავლობაში ცვალებადია, ამიტომ შემოღებულია ე. წ. საშუალო მზის ცნება, რომელსაც შეესაბამება საშუალო მზისიერი დრო. საშუალო მზისიერ და ჭეშმარიტ მზისიერ დროს შორის სხვაობას დროის სწორებას უწოდებენ.

365.2422 საშუალო მზისიერი დღე-ღამე = 366.2422 ვარსკვლავიერ დღე-ღამეს, ანუ ვარსკვლავიერი დროის 24სთ = საშუალო მზისიერი დროის 23სთ, 56წთ, 4.091წმ.

განსხვავებული გეოგრაფიული გრძედის მქონე პუნქტებში, როგორც გაზაფხულის ბუნიობის წერტილი, ისე ჭეშმარიტი და საშუალო მზისიერი დრო კულმინაციას აღწევს ფიზიკურად სხვადასხვა მომენტში. მოცემული გრძედის შესაბამის დროს ადგილობრივი დრო ეწოდება, ხოლო გრინვიჩის მერიდიანის ადგილობრივ საშუალო მზისიერ დროს — მსოფლიო დრო. უკანასკნელი ამჟამადაც იხმარება მრავალი ასტრონომიული დაკვირვებისა და გამოთვლების დროს. XIX საუკუნის ბოლოს შემოიღეს ე. წ. ზოლური დრო: მთელი დედამიწის ზედაპირი 24 ერთმანეთისაგან 15-15°-თ დაშორებული მერიდიანით დაყოფილია სასაათო ზოლებად. თითოეული ზოლის ცენტრალური მერიდიანის ადგილი მზისიერ დროს აყენებს ყველა ის ქალაქი და სახელმწიფო, რომელიც აღებული ზოლის შიგნით მდებარეობს. ზოლური დრო იხმარება ამჟამად მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. სსრკ-ში 1930 წლიდან მოქმედებდა ე. წ. დეკრეტული დრო, რომელიც 1 საათით იყო წინ გადაწეული ზოლური დროიდან. მეორე სასაათო ზოლის დეკრეტულ დროს მოსკოვის დრო ერქვა, ხოლო მესამე სასაათო ზოლის დეკრეტულ დროს საქართველოს სსრ-ში თბილისის დრო.

სიხშირის ატომური სტანდარტების შექმნამ შესაძლებელი გახადა დამზადებულიყო ატომური საათი, რომლის ჩვენების სიზუსტე მეტად დიდია. ასეთი საათით მიღებულ დროს ატომური დრო დაერქვა. ატომური საათების დახმარებით გამოირკვა, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო არათანაბრად ბრუნავს. თუმცა ეს უთანაბრობა უმნიშვნელოა, მაგრამ მეცნიერების ზოგიერთი დარგისათვის (მაგალითად, ცის მექანიკა, თეორიული ასტრონომია) მაინც საჭიროა მისი გათვალისწინება. ამიტომ შემოღებულ იქნა დროის ახალი ცნება — ეფემერიდული დრო. ეს დრო მიმდინარეობს აბსოლუტურად თანაბრად და ცის მექანიკაში განიხილება, როგორც მოვლენების მსვლელობის დამოუკიდებელი არგუმენტი. ამან გამოიწვია წამის, როგორც დროის ძირითადი ერთეულის, განმარტების შეცვლა. თუ აქამდე წამი განმარტებული იყო, როგორც საშუალო მზისიერი დღე-ღამის 1/86400 ნაწილი, 1955 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაადგინა, რომ წამი არის 1900 წლის 0 იანვარს ეფემერიდული დროის 12 სააათის მომენტისათვის ტროპიკული წელიწადის 1/31556925.9747 ნაწილი. ასეთ წამს ეფემერიდული წამი ეწოდება.

დროის აღრიცხვის ყველა სისტემა ურთიერთშედარებადია, ე. ი. ერთ რომელიმე სისტემაში მოცემული დროის მომენტი შეიძლება გადაყვანილ იქნეს და გამოიხატოს ნებისმიერ სისტემაში (დროის სამსახური).

მნიშვნელოვანი ფაქტები

რედაქტირება
  • დედამიწა მზის ირგვლივ ტრიალებს. პლანეტის იმ მხარეს, რომელიც მზისკენ არის მიმართული — დღეა, მეორე მხარეს — ღამე.
  • ერთი წლის განმავლობაში დედამიწა ერთხელ შემოტრიალდება მზის ირგვლივ. დედამიწის სხვადასხვა ადგილებს მზე არათანაბრად ანათებს.
  • მარტიდან სექტემბრამდე დედამიწის ჩრდილოეთი ნახევარსფეროა მზისკენ გადახრილი. ამ დროს აქ გაზაფხულს ზაფხული მოსდევს.
  • სექტემბრიდან მარტამდე მზისკენ უფრო გადახრილია სამხრეთი ნახევარსფერო და ამიტომ აქ ზაფხულს შემოდგომა ცვლის. ამ დროს ჩრდილოეთ ნახევარფსეროში შემოდგომას ზამთარი მოსდევს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დრო&oldid=4623576“-დან