სნოს ციხე
სნოს ციხე, ღუდუშაურის ციხე — ციხესიმაგრე ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში. მდინარე სნოსწყლის მარჯვენა ნაპირზე, განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაზე. მიმდინარეობს კოშკის რესტავრაცია.[1]
ისტორია
რედაქტირებასნოს ციხის ამგების ან მეპატრონის შესახებ ისტორია დუმს. სნოს ციხე XVI საუკუნის მიწურულში უნდა იყოს აგებული. წყაროებში პირველად იხსენიება XVIII საუკუნის 30-იან წლებში, როცა მას დაღესტნელთა ლაშქარიი მოადგა. არაგვის ერისთავი ბარძიმი ატყობინებს რუსეთში მყოფ ვახტანგ VI-ს ქვეყნის პოლიტიკურ მდგომარეობას და ჩივის ლეკთა გამუდმებულ თავდასხმებზე. ერთ-ერთი შემოსევის დროს ათი ათასი ლეკი მოადგაო სნოსა და არშას. სნოს ციხე კონტროლს უწევდა ხევიდან მიმავალ მოკლე გზას, რომელიც გადიოდა ხევსურეთზე, ფშავზე და გუდამაყრის ხეობით მთიულეთზე. გადმოცემის თანახმად, სნოს ციხე ეკუთვნოდა შიოლა ღუდუშაურს, რისთვისაც არაგვის ერისთავს აზნაურობა უბოძებია.
არქიტექტურა
რედაქტირებაშედგება თითქმის წრიული გალავნისა და ერთი კოშკისაგან. თვით გალავანი მრავალი თავდაცვითი ელემენტისაგან შედგება. ციხის ერთადერთი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა.
კოშკის სიმაღლე ოც მეტრამდე ყოფილა, დღეს მას რამდენიმე მეტრი აკლია. პირველი სართული, ერთადერთი შესასვლელით, ექვსი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს; მეორე სართულის კედლებში ხუთი სათოფურია განლაგებული, მესამე სართული დაზიანებულია და საბრძოლო ელემენტებისგან კვალიღაა დარჩენილი.
კოშკი და ციხის გალავანი ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით. თლილი ქვა გამოყენებულია კოშკის კუთხეებზე და კარ-ფანჯრების ირგვლივ. ციხის ანალოგიებთან შედარება საშუალებას იძლევა იგი XVI საუკუნის მეორე ნახევრით, ან მომდევნო საუკუნის დასაწყისით იქნას დათარიღებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973
- ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება,ტ.I, თბ.,1983
- ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები, თბ., 2001.
- ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988.
- ზაქარაია პ., არაგვისა და თერგის ხეობა, თბ., 1972.
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.2, თბ., 2004.
- მაკალათია ს., ხევი, ტფ., 1934
- გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 446.