ხევის კავკასიონი
ხევის კავკასიონი — საქართველოს კავკასიონის მონაკვეთი. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, მოიცავს მდინარე თერგის ზემო დინების აუზს. ხევის კავკასიონის სამხრეთ საზღვარი გასდევს კავკასიონის მთავარი ქედის თხემს მწვერვალ ზილგახოხიდან (დასავლეთით) მწვერვალ ჭაუხამდე (აღმოსავლეთით), ჩრდილოეთით — მიუყვება ხოხის ქედს, გადაკვეთს თერგის ხეობას და ადის მდინარეების ხდისა და არმხის (თერგის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფზე, აღმოსავლეთით ხევის კავკასიონის საზღვარი შავანის ქედს გაუყვება, შემდეგ მდინარეების ჯუთისა (სნოსწყლის ზემო დინება) და როშკისწყლის (ხევსურეთის არაგვის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფს. დასავლეთი საზღვარი მდინარეების თერგისა და ზაქის წყალგამყოფია ზილგახოხისა და სივერაუტის მწვერვალებს შორის.
რელიეფი
რედაქტირებახევის კავკასიონი აგებულია უმთავრესად იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და მერგელებით. ეს ნალექები გამსჭვალულია დიაბაზის ინტრუზიული ძარღვებით. მნიშვნელოვნადაა გავრცელებული პალეოზოური გრანიტები, გნაისები და დიორიტები, მეოთხეული ეფუზივები, მყინვარული ნაფენები და დელუვიონი. ხევის კავკასიონის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთა (მწვერვალები: ზილგახოხი, ყადლასანი, ლაღზწითი, ლაგათისარი, ხორისარი, ნარვანხოხი, სადუცია, ქვენამთა; უღელტეხილები: ურუსთის, ჯვრის, გუდამაყრის). ჩრდილოეთით აღმართულია ხოხის ქედი (მწვერვალები: სივერაუტი, ჯიმარა, სუათისი, მაილი, მყინვარწვერი). მაღალია აგრეთვე შავანისა და ყუროს ქედები. ხევის კავკასიონის სხვა ოროგრაფიული ერთეულებია: მდინარე თერგის ხეობა (ზემო წელში თრუსოს, სტეფანწმინდის ქვემოთ ე.წ. დარიალის ხეობა), ყაზბეგისა და სნოს ქვაბულები. აქ გაბატონებულია ტექტოგენურ-ეროზიული მაღალმთიანი რელიეფი. ფართოდ არის გავრცელებული ახალგაზრდა ვულკანური რელიეფი, მყინვარული და სხვა ფორმებიც.
ჰავა
რედაქტირებახევის კავკასიონს ახასიათებს ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობა. სოფელ კობის ქვემოთ, 1740-1960 მეტრის ფარგლებში, ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, საშუალო წლიური ტემპერატურა 2,8 °C-დან 4,9 °C-მდეა. აბსოლუტური მინიმუმი -34 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 29-32 °C. უფრო ზემოთ ზომიერად ცივზამთრიანი და მოკლეზაფხულიანი ჰავაა, მაღლა მას ცვლის მაღალმთის ზომიერად ნოტიო ჰავა, სადაც ნამდვილი ზაფხული არ იცის. ყვალაზე მაღალ ადგილებში კი მუდმივთოვლიან-მყინვარებიანი მაღალმთის ჰავაა.
ხევის კავკასიონზე 800-1700 მმ ნალექი მოდის წელიწადში. მდინარეებიდან აღსანიშნავია თერგი და მისი შენაკადები. წყალდიდობა თერგზე ზაფხულშია, წყალმცირობა - ზამთარში. ზოგიერთი შენაკადი ღვარცოფულია.
ლანდშაფტები
რედაქტირებახევის კავკასიონზე მრავალი ცირკული, დაკიდებული და ხეობის ტიპის მყინვარია. მათ შორის უდიდესია სუათისი, გერგეთი, დევდარაკი.
ნიადაგ-მცენარეული საფარი ზონების სახითაა განლაგებული: თერგისა და ზოგიერთი მისი შენაკადის ხეობაში ტყის ღია ყომრალი ნიადაგია, რომელზეც ხარობს არყისა და ფიჭვის ტყეები. შემდეგ სიმაღლებრივ ზონაში მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგია, სადაც იზრდება სუბალპური და ალპური ბალახეული. ხევის კავკასიონი გამოირჩევა სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონალურობის სრული სპექტრით, თუმცა მთა ტყის ლანდშაფტის არეალი აქ უმნიშვნელოა. გაბატონებულია მთა-მდელოს და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 451-452.