აზოვის ზღვა
აზოვის ზღვა (რუს. Азо́вское мо́ре; უკრ. Азо́вське мо́ре) — ატლანტის ოკეანის აუზის განაპირა ზღვა, მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში, შავ ზღვასთან შეერთებულია ქერჩის სრუტით. ჩრდილოეთით მას ესაზღვრება უკრაინა, აღმოსავლეთით რუსეთი, დასავლეთით კი ყირიმის ნახევარკუნძული.
აზოვის ზღვა | |
---|---|
აზოვის ზღვის სატელიტური გამოსახულება | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ოკეანის აუზი | ატლანტის ოკეანე |
ტიპი | ხმელთაშუა |
გეოგრაფიული კოორდინატები | 46° ჩ. გ. 37° ა. გ. / 46° ჩ. გ. 37° ა. გ. |
ფართობი | 39 000 კმ² |
მოცულობა | 0,290 ათ. კმ³ |
სანაპირო ხაზის სიგრძე | 1472 კმ |
საშუალო სიღრმე | 7,4 მ |
უდიდესი სიღრმე | 13,5 მ |
სიგრძე | 360 (მაქს.) კმ |
სიგანე | 180 (მაქს.) კმ |
მარილიანობა | 12-14 ‰ |
ნავსადგური | მარიუპოლი ტაგანროგი |
აზოვის ზღვის წარმოქმნის თარიღად მიიჩნევა ძვ. წ. 5600 შავი ზღვის დატბორვის თეორიის მიხედვით. ამ არეალში არსებობს ნეოლითური ნამოსახლარის ნიშნები, რომელიც ამჟამად ზღვით არის დაფარული. აზოვი ანტიკურ ხანაში ცნობილი იყო სახელით მეოტიის ტბა ან ზღვა (ბერძ. ἡ Μαιῶτης λίμνη და ლათ. Palus Maeotis).
ამჟამინდელი სახელი პოპულარული წარმოდგენით მომდინარეობს პოლოვციელი პრინცი აზუმისგან, რომელიც ამ რეგიონში მდებარე ქალაქის თავდაცვის დროს იქნა მოკლული 1067 წელს. მკვლევართა აზრით ზღვის სახელი დაკავშირებულია ქალაქ აზოვთან, ან აზაკთან, რაც თურქულად „დაბალს“ ნიშნავს, მისი მდებარეობის მითითებით.
ზღვა 340 კმ-ია სიგრძეში, 135 კმ — სიგანეში და 37 555 კმ² ფართობი უჭირავს. ზღვაში ჩამდინარე მთავარი მდინარეებია დონი და ყუბანი, რაც განაპირობებს ზღვის შედარებით დაბალ მარილიანობას, ზოგიერთ ნაწილებში კი სრულ სიმტკნარეს. ეს მდინარეები ასევე დიდი რაოდენობით სილას ლექავენ აზოვში.
აზოვის ზღვის სიღრმე ყველაზე მცირეა მსოფლიოში და საშუალოდ 13 მეტრს შეადგენს. ფაქტობრივად, სილის დანალექის დაგროვების ჟამს მისი საშუალო სიღრმე 1 მეტრსაც არ აღემატება, განსაკუთრებით ტაგანროგის ყურესთან. მთავარი დინება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებისაა, ხოლო ტალღები კი დროდადრო 5 მეტრს აღწევს. ზამთარში ზღვის დიდი ნაწილი ყინულითაა დაფარული.
ზღვის მნიშვნელოვანი პორტებია ბერდიანსკი, მარიუპოლი, დონის როსტოვი, ტაგანროგი და იეისკი. ზღვას ორი არხი უკავშირდება: ვოლგა-დონის არხი და მანიჩის არხი, რომელიც მას კასპიის ზღვასთან აკავშირებს. ზღვა აქტიურად გამოიყენება თევზჭერისთვის, ასევე გაზისა და ნავთობის მოსაპოვებლად.
ისტორიულად ზღვა მდიდარი იყო წყლის ფლორითა და ფაუნით, თუმცა ზედმეტი თევზჭერისა და დაბინძურებისგან მან ბოლო დროს შესამჩნევად იკლო.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებააზოვის ზღვის შესწავლაში, ძირითადად, გამოიყოფა სამი ეტაპი:
- ძველი (გეოგრაფიული) — ჰეროდოტეს დროიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე.
- გეოგრაფიულ-გეოლოგიური — XIX საუკუნიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე.
- კომპლექსური — XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე.
„პონტოს ევქსინოსი” და „მეოტია” რუკაზე პირველად პტოლემემ დაიტანა. მან, ასევე, განსაზღვრა აზოვის ზღვის ქალაქების, ესტუარებისა და პლატფორმების გეოგრაფიული კოორდინატები.
1068 წელს ტმუტარაკანის თავადმა, გლებ სვიატოსლავიჩმა გაყინულ ზღვაზე გაზომა მანძილი ქერჩსა და ტამანს შორის, რაც დასტურდება ტმუტაკანის ქვის წარწერით.
აზოვის ზღვას მცირე ფართობი უჭირავს და თითქმის მთლიანად ხმელეთითაა გარშემორტყმული. აქედან გამომდინარე, მისი კლიმატი კონტინენტურია ცივი ზამთრითა და ცხელი და მშრალი ზაფხულით. შემოდგომა-ზამთარში ამინდს განაპირობებს ციმბირის ანტიციკლონი, რომელსაც ცივი და მშრალი ჰაერი მოაქვს ციმბირიდან 4-7 მ/წმ (ზოგჯერ 15 მ/წმ) სიჩქარის ქარით. ამ ქარებს შეუძლიათ ზამთრის ჩვეულებრივი ტემპერატურა — -1 -5 °C, -30 °C-მდე შეამცირონ. შუა ზაფხულში ტემპერატურა 23-25 °C-დან მაქსიმალურ 40 °C-მდე მერყეობს. ზაფხულში ქარები სუსტია, ჩვეულებრივ 3-5 მ/წმ. ნალექები წელიწადში 312-დან 528 მმ-მდე მერყეობს. ზაფხულში 1,5-2 ჯერ მეტი ნალექი მოდის ვიდრე ზამთარში.[1]
ზამთარში წყლის საშუალო ტემპერატურა 0-1 °C-ია (2-3 °C ქერჩის სრუტეში), ხოლო ზაფხულში — 24-25 °C მაქსიმალურ, 28 °C-მდე ღია ზღვაში და 30 °C-ზე მეტი სანაპიროს სიახლოვეს. ზაფხულის განმავლობაში, წყლის ზედაპირი, როგორც წესი, ოდნავ უფრო თბილია, ვიდრე ჰაერი.[2] მცირე სიღრმის გამო წყლის ტემპერატურა, ჩვეულებრივ, სიღრმეში მხოლოდ 1 გრადუსით მცირდება, თუმცა ცივ ზამთარში ტემპერატურის სხვაობამ შესაძლოა 5-7 °C-ს მიაღწიოს.
ქარი იწვევს ხშირ წვიმებს, რომელსაც თან ახლავს 6 მეტრამდე სიმაღლის ტალღები ტაგანროგის ყურეში, 2-4 მეტრიანი ტალღები სამხრეთ სანაპიროს მახლობლად და 1 მეტრიანი ქერჩის სრუტეში. ტალღების სიმაღლე ღია ზღვაში, ჩვეულებრივ, 1-2 მეტრია, თუმცა ზოგჯერ მათმა სიმაღლემ შესაძლოა 3 მეტრსაც მიაღწიოს.
ზღვის წყალმარჩხობა და დაბალი მარილიანობა განაპირობებს ზამთარში მის გაყინვას. ზღვია შეიძლება დეკემბრიდან მარტამდე ნებისმიერ დროს გაიყინოს, თუმცა, ჩვეულებრივ, ეს თებერვალში ხდება. ყინულის სისქე ზღვის უმეტეს ნაწილში 30-40 სმ-ს აღწევს, ტაგანროგის ყურეში კი მან შესაძლოა 60-80 სმ-ს მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ ყინული ხშირად მეტად არასტაბილურია. ზამთარში ზღვის ყინულისაგან გათავისუფლებამდე მასზე ნავიგაცია წყდება.
ზღვის ფლორა და ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ ბინადრობს დაახლოებით 180 ჯიშის თევზი და 300 სახეობაზე მეტი უხერხემლო. აზოვის ზღვა ტრადიციულად ძალიან კომფორტული იყო თევზრეწვისათვის, რაც განპირობებული იყო ზღვის წყალმარჩხობით, წყლის საკმაოდ მაღალი ტემპერატურითა და მრავალფეროვანი ფაუნით, თუმცა ბოლო პერიოდში სხვადასხვა ფაქტორის გამო აღნიშნულ დარგში უკუსვლა აღინიშნება.
მდინარეები
რედაქტირებაზღვის მცირე ფართობი განაპირობებს მისი აუზის ტერიტორიის სიმცირესაც. აზოვის ზღვაში ჩამდინარე მდინარეებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დონი და ყუბანი.
საინტერესო ფაქტები
რედაქტირება- ღამით შეიძლება შეამჩნიოთ როგორ ანათებს სანაპირო ზოლი. მსგავსი ნათება გამოწვეულია სანაპიროსთან ახლოს მცხოვრები პლანქტონური ორგანიზმებით, რომლებიც ფოსფორს შეიცავენ.
- მიუხედავად ზედაპირის თითქმის ერთნაირი მოცულობისა (აზოვის ზღვა – 39 000 კვ. კმ; ბაიკალის ტბა – 31 722 კვ. კმ), ბაიკალის ტბის აუზის შესავსებად 94 აზოვის ზღვის წყლის მოცულობა დაგვჭირდება.
- აზოვის ზღვაში არ ხდება მიქცევები და მოქცევები, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მისი დონე ცვალებადი არაა. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ აზოვის ზღვაში წყლის დონის ცვალებადობა დამოკიდებულია მასში ჩამავალი მდინარეების წყლის ნაკადზე, ატმოსფერულ ნალექებზე, აორთქლების მოცულობაზე, შავ ზღვასთან წყლის ნაკადის გაცვლასა და სხვა გარემო პირობებზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ აზოვის ზღვა დაარქივებული 2014-02-19 საიტზე Wayback Machine. – დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- ↑ ა. დ. დობროვოლსკი და ბ. ს. ზალოგინი — სსრკ-ის ზღვები. მოსკოვის უნივერსიტეტი 1982 წ (რუსულად).