კუპელჰალე
კუპელჰალე, გუმბათიანი დარბაზი (გერმ. Kuppelhalle, დარბაზი დახურული გუმბათით) — გიორგი ჩუბინაშვილის მიერ დამკვიდრებული ტერმინი ქართულ ხელოვნებათმცოდნეობაში. ეს არის ეკლესიის ტიპი, რომელშიც გუმბათის საყრდენად კედლის შვერილებია გამოყენებული და არა ბურჯები. ამ ტიპის ოცი ქართული ეკლესიაა შემორჩენილი.
ამჟამად ამგვარი ტიპის ძეგლების ორი ვარიანტი (რთული და მარტივი) გვხვდება. რთული ვარიანტი წარმოადგენს სტრუქტურას, სადაც მკაფიოდაა გამოხატული სიგრძივი ღერძი, გუმბათის საყრდენი კი ორი შვერილია; მარტივი ვარიანტისათვის კი სახასიათოა მოკლე გეგმა, სადაც გუმბათი ერთ წყვილ შვერილსა და საკურთხევლის კუთხეებს ეყრდნობა.
მსგავსი აგებულების ტაძრები სერბეთში, ბულგარეთში, კვიპროსზე და საქართველოშიც გვხვდება, მაგრამ ყველაზე უფრო სახასიათო ეს ტიპი სომხეთის არქიტექტურისთვის გახდა.
კუპელჰალე საქართველოში
რედაქტირებაქართულ ხუროთმოძღვრებაში კუპელჰალეს თემის რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა:
კუპელჰალეს ყველაზე ადრეულ მაგალითად დვანის წმინდა გიორგის ეკლესიაა მიჩნეული ქარელის მუნიციპალიტეტში (VIII ს.). დროით შემდგომია ფარნაკის ციხეში მდებარე ეკლესია (VIII-IX ს.), სოლომონ-ყალა (X ს-ის I ნახ.) და კლარჯეთის წყაროსთავი (IX ს.) – ტაო-კლარჯეთში, ხოლო ვაჩნაძიანის ყველაწმინდა (IX ს.) – გურჯაანის მუნიციპალიტეტში, რომელსაც კუპელჰალეს ქართული ტიპის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია. ყველა ზემოთ აღნიშნული ნაგებობის თარიღი VIII-IX საუკუნეებში თავსდება და ერთ ჯგუფს ქმნის.
შემდგომ ჯგუფში ერთიანდება X საუკუნის ძეგლები. ეს არის ნაჯახავოს ეკლესია და ზემო ნიქოზის მთავარანგელოზის ეკლესია.
შემდგომ კუპელჰალეს თემის გამოჩენა ქართულ ხუროთმოძღვრებაში XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე დასტურდება ყინწვისის ტაძარში (ქარელის მუნიციპალიტეტი). თუმცა ყინწვისის არქიტექტურა ტიპური კუპელჰალე არ არის, ის ინდივიდუალური გადაწყვეტით გამოირჩევა: „ყინწვისელი ხუროთმოძღვარი ცდილობს ორბურჯიანი თემის გადამუშავებას... ტაძრის ტიპს ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ ერთმნიშვნელოვნად, რამდენადაც მისი მთლიანი სტრუქტურა ამოიზარდა ჯვარ-გუმბათოვანი ტიპიდან, კუპელჰალეს ელემენტების მოშველიებით. ამან განაპირობა მისი შიდა სივრცის სპეციფიკური ხასიათი: ყინწვისის ტაძარი არც სუფთა „გუმბათოვანი დარბაზია“ და არც სუფთა სამთავისის ტიპის ნაგებობა“ - წერს ნატო გენგიური.[1]
XVI-XVII საუკუნეებში კუპელჰალეს თემა კვლავ ამოტივტივდა და ყინწვისის ტაძრის სხვა მოტივებიც იქნა მოშველიებული. შუა საუკუნეების დამამთავრებელ ეტაპზე, მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მშენებლობა მაინც წარმოებდა და წარმმართველი და ისევ საკულტო ხუროთმოძღვრება იყო. ამ ეპოქას ოდნავ უსწრებს მამაწმინდის ეკლესია კლარჯეთში (XV საუკუნის ბოლო), მაგრამ ძირითადი არქიტექტურული მონაცემებით ის ამ ჯგუფში შედის. დროით შემდგომია ჯვარის მამა თბილისში (XVI ს.), ღოუბნის ორმოცნი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (XVI–XVII სს.) და გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია სოფ. გრემში (XVI ს).
XVIII საუკუნეში ახალი ძალით იფეთქა ამ არქიტექტურული თემით დაინტერესებამ. ამ პერიოდში შექმნილი 7 ძეგლიდან თითოეული ინდივიდუალური კომპოზიციით გამოირჩევა. უადრესია ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია დუშეთის მუნიციპალიტეტში (1717 წ.), შემდეგ მოჰყვება მანავის ღვთისმშობლის ეკლესია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში (1794 წ), ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, მელაანის სამება ქ. გურჯაანთან, კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტში და ხელთუბნის სამება გორის მუნიციპალიტეტში (1806 წ.).
კუპელჰალე სომხეთში
რედაქტირებასომხური კუპელჰალეებიდან ყველაზე ადრეულია არუჭის ტაძარი (VII ს.), გამორჩეული ტაძრებია პტღნის ტაძარი (მას ზოგი მკვლევარი VII საუკუნით, ხოლო ზოგიერთი – X საუკუნის ახლო ხანებით ათარიღებს), შირაკავანის ტაძარი (X ს.).
X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება ორომოსის წმინდა მინას ტაძარი, ანისის მიჯნაბერდი, ნორატუსის, მარმაშენის, ბაღნაირის ეკლესიები. გვიან შუა საუკუნეებში სომხეთში კუპელჰალეს ტიპისადმი ინტერესი ქრება.
კუპელჰალე ევროპაში
რედაქტირებასერბეთი
რედაქტირებასერბული ტაძრებიდან კუპელჰალეს ჩამოჰგავს სტუდენიცას ღვთისმშობლის ეკლესია (1183–1193), კურშუმლის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (XII ს.), მომდევნო საუკუნეებში აგებული ჟიჩის, სოპოჩის მონასტრის ეკლესიები (XIII ს.), დეჩანის მონასტრის ტაძარი (1327-1335 წწ.).
ბულგარეთი
რედაქტირებაბულგარეთში კუპელჰალეს ტიპისაა ასენოვგრადთან, ციხესიმაგრის ტერიტორიაზე აშენებული ასენი II–ის ტაძარი (დაახ. XII-XIII სს.), ქ. ტირნოვოს ეკლესია, რომელიც წმ. დიმიტრის სახელობისაა, ასევე სლოვენის წმ. სოფიო, მიხეილისა და გაბრიელის ეკლესია ნესებირში (XIV ს.).
კვიპროსი
რედაქტირებაკვიპროსზეც არსებობს მსგავსი ტიპის ეკლესიები. მათ შორის შედარებით ადრეულია კონიფუს პანაგეას ეკლესია (XII ს). ასეთი სახის მეორე ნაგებობას – ხორტენის ეკლესიას კი XIII საუკუნით ათარიღებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გენგიური ნ., კუპელჰალე, თბ. 2005, ISBN 99940-0-351-8
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კუპელჰალე დაარქივებული 2016-03-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გენგიური ნ., კუპელჰალე, თბ. 2005, გვ. 146