ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია)

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესიაეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის შუაგულში, გზის პირას. ძეგლს არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით კი XVIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება.

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია — საქართველო
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°34′05″ ჩ. გ. 45°56′40″ ა. გ. / 41.56806° ჩ. გ. 45.94444° ა. გ. / 41.56806; 45.94444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზთა ეკლესია ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

2009 წელს საქართველოს ისტორიის ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები: აღდგა კედლის დანგრეული ნაწილები და ლავგარდანი, ინტერიერი შეილესა გაჯით, აიგო კანკელი, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ეკლესია კუპელჰალეს ნიმუშს წარმოადგენს. მისი გეგმა, რომელიც გრძივ ღერძზეა აქცენტირებული, გარედან სწორკუთხედში თავსდება (12,5X5,85 მ). გუმბათი შვერილთა ორ წყვილს ეყრდნობა. ამ ეკლესიის კომპოზიციის თავისებურება ისაა, რომ აღმოსავლეთი შვერილები უშუალოდ ებჯინება საკურთხევლის აფსიდს. მეორე წყვილი შვერილი დარბაზის სივრცეს ორად ანაწევრებს. გრძივი კედლების გაყოლებაზე თაღებია. მათგან აღმოსავლეთის ანუ გუმბათქვეშა თაღები მაღალია დასავლეთისაზე. გუმბათქვეშა დასავლეთ შვერილებს ორ „იარუსად“ განლაგებული იმპოსტები აქვს. ერთი დასავლეთ უბეების თაღთა ქუსლის დონეზეა განთავსებული, მეორე – გუმბათქვეშა თაღების ქუსლებთან. ცილინდრული გუმბათი, რომლის ძირში აფრებია ამოყვანილი, მაღალია. მასში რვა სარკმელია გაჭრილი.

შენობის გარეთა კედლებში აშკარად გამოიყოფა ორი სამშენებლო ფენა, რომელთა საზღვარი გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში, მთელ სიმაღლეზე, უსწორმასწორო ხაზს ქმნის. ეკლესიის ძირითადი კორპუსის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც სიგრძით დასავლეთ ნაწილს თითქმის ორჯერ აღემატება, უფრო ადრინდელია. ჩანს, იგი თარაზულ რიგებად დაწყობილი, წვრილი რიყის ქვითაა ნაგები. დასავლეთი ნაწილი კი — რიყის ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. სავარაუდოა, რომ ეკლესიამ ამჟამინდელი სახე ადრე ამ ადგილას მდგარი, დარბაზული ეკლესიის საფუძვლიანი გადაკეთების შედეგად მიიღო.

ეკლესიას ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს: დასავლეთ კედლის შუაში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში — საკურთხეველთან ახლოს. ორივე შესასვლელი გარედან საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩადგმული. მათგან დასავლეთისა შეისრული თაღითაა დასრულებული, ჩრდილოეთისა კი მაღალი, ოთხსაფეხურიანი ფრიზით, რომელიც შედგება ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხიშვერილი აგურის რიგების მონაცვლეობით.

აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ორ-ორი სხვადასხვა ფორმისა და სიღრმის თაღოვანი ნიშია მოწყობილი. აფსიდი, ეკლესიის დანარჩენი ნაწილისაგან, გამოყოფილია განიერი პილასტრების წყვილითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული საბჯენი თაღით. პილასტრების მეორე წყვილი, შესაბამისი საბჯენი თაღით, დარბაზის სივრცეს ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. მათგან აღმოსავლეთისაზე აღმართულია მაღალი, შიგნიდან და გარედან წრიული გუმბათი, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება შენობის ძირითადი კორპუსის სიმაღლეს, დასავლეთ ნაწილს კი, ცილინდრული კამარა ხურავს. გუმბათის კვადრატულ საფუძველს პილასტრებზე გადაყვანილი საბჯენი თაღები ქმნის, რომელთა ქუსლის დონეზე მოწყობილია მაღალი, ორსაფეხურიანი იმპოსტები. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში გაჭრილია რვა ვიწრო, მაღალი, თაღოვანი სარკმელი.

დარბაზის დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მთელ სიგრძეზე, გამოყვანილია თითო ღრმა, ნახევარწრიულთაღოვანი შეღრმავება. თაღები ორსაფეხურიან იმპოსტებს ეყრდნობა.

ეკლესიის შიდა სივრცეს, საკურთხევლისა და გუმბათის სარკმლების გარდა, კიდევ სამი სარკმელი აშუქებს. მათგან ორი, გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში ერთმანეთის მოპირდაპირედ გაჭრილი სარკმელი თაღოვანია. მესამე - დასავლეთითაა — შესასვლელის ზემოთ. ეს უკანასკნელი ბევრად უფრო მოზრდილია და ორივე მხრიდან თარაზულადაა გადახურული.

შიდა სივრცის აღნაგობის მიუხედავად, გარედან მას ჯვარგუმბათოვანი შენობის სახე აქვს. ოთხივე ფასადზე, „ჯვრის მკლავები“, მათ გვერდებზე არსებულ, ცალფერდა სახურავიანი ნაწილების მიმართ, ფრონტონით დასრულებულ შემაღლებას ქმნის.

ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისაა მორთული. მორთულობის ელემენტები, მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში, აგურითაა გამოყვანილი. ამავე ფასადზე, სარკმლის ზემოთ, საფეხურებიან პოსტამენტზე დაყრდნობილი. შეღრმავებული ჯვრის გამოსახულებაა, რომლის ზემოთ, ფრონტონის არეში, ერთიმეორეს გვერდით, ვერტიკალურად განლაგებული ორ-ორი რომბია. ფასადების კედლები დასრულებულია აგურის ხერხულა ლავგარდნით.

გუმბათის ყელზე სარკმლები მოქცეულია საფეხურით შეღრმავებულ თაღოვან არეში, რომლებსაც შემოვლებული აქვს ლეკალური აგურით ნაწყობი თაღები. უფრო ზემოთ გამოყოფილია ლილვისებრი სარტყელი, რომელზეც დაყრდნობილია ნახევარწრიულ ბაზებზე აღმართული მცირე ჯვრები. ჯვრებს შორის ჩაღრმავებული სამკუთხედებია. გუმბათის ყელი დასრულებულია მაღალი, საფეხუროვანი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია ჩვეულებრივი და კუთხით ნაწყობი აგურის რიგების მონაცვლეობით. გუმბათი დახურულია აგურის კონუსური სახურავით.

ზემო მაჩხაანი ზოგიერთ კუპელჰალეს ნიმუშთან შედარებით (მაგ. მანავის ღვთისმშობლის ეკლესია) ნაკლებად ავლენს სიახლეს და უფრო მეტად შუა საუკუნეების არქიტექტურულ ტრადიციებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით გუმბათის ყელის დეკორში გამჟღავნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გენგიური ნ, კუპელჰალე, თბ., 2005