ვაჩნაძიანის ყველაწმინდა
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა — ქართული მართლმადიდებლური მონასტერი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ზე, მთებში.
VI–VII საუკუნეებში იქ სამეკლესიიანი ბაზილიკა მდგარა. ჩამოზვავებულ მიწას ჩაუტანია ნაგებობის დასავლეთი ნახევარი (შემორჩენილია ნანგრევები). შემდეგ, VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში, აუგიათ ყველაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია. ნაშენია რიყის ქვითა (კედლები, ზოგი კამარა, კონქები) და აგურით (ზოგი თაღი და კამარა, გუმბათის ყელი, ტრომპები და სხვა). ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ნავს, რომლის ცენტრში აღმართულია გრძივი კედლის შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათი. შუა ნავის გარშემო გარშემოსავლელი, სადიაკვნე და სამკვეთლოა. წინა დროის ძეგლებთან შედარებით (ჯვარი, წრომი, ატენი), თვალს ხვდება ინტერიერში პროპორციათა სრული შეცვლა: ჩანს ზესწრაფვა, სივრცე დავიწროებული და ამაღლებულია, გრძივი ღერძებიც უფრო მკაფიოდ ხაზგასმული. ჩნდება ახალი კონსტრუქციული ელემენტი — პანდატივები. საერთო აღნაგობა, ნაწილთა ურთიერთშეთანხმება ჰარმონიულია. ვაჩნაძიანი ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი ხანის (VIII საუკუნე — X საუკუნის I ნახევარი) ყველაზე მნიშვნელოვან და მაღალმხატვრულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. სამონასტრო ნაგებობათაგან შემორჩენილია აგრეთვე სატრაპეზოსა და სხვა შენობათა ნანგრევები. გუმბათიანი ეკლესიის სამხრეთით რამდენიმე ოთახია, მათგან ერთი — გეგმით კვადრატული, ყრუკედლებიანი სათავსი ზემოდან ნათდებოდა. სავარაუდოა, რომ აქ მონასტრის ბიბლიოთეკა იყო. აქვეა წყაროს კამაროვანი ნაგებობა. მონასტრის მაღალ გალავანს დასავლეთ მხარეს ჰქონდა ჭიშკარი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[1] 2011-2012 წლებში მიმდინარეობდა ძეგლის აღდგენითი სამუშაოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
- Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959;
- ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 214.
- ნატო გენგიური, ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. კუპელჰალე, თბილისი, 2005. გვ. 32-43, 137-139. ISBN 99940-0-351-8.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2020-02-14.