მცხეთის ჯვრის მონასტერი

მონასტერი საქართველოში
(გადამისამართდა გვერდიდან ჯვარი (მცხეთა))
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 23 ოქტომბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.
ტერმინს „ჯვარი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

მცხეთის ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი[1]. მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

მცხეთის ჯვრის მონასტერი
მცხეთის ჯვრის მონასტერი — საქართველო
მცხეთის ჯვრის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°50′19″ ჩ. გ. 44°44′02″ ა. გ. / 41.83861° ჩ. გ. 44.73389° ა. გ. / 41.83861; 44.73389
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
დეტალები

ტაძრის გეგმა

მცხეთის ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვრის მონასტერი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°50′19″ ჩ. გ. 44°44′02″ ა. გ. / 41.83861° ჩ. გ. 44.73389° ა. გ. / 41.83861; 44.73389
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 708
საფრთხის ქვეშ 2009-2016 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრისტიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში).

ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში წერს:

 
„კვალად ზედაძნის სამჴრით არს, ამავ მთის განკიდულსა გორასა ზედა, მცხეთის პირისპირ, აღმოსავლით არაგვის კიდესა, მაღალს კლდესა ზედა, ჯვარის მონასტერი, კეთილ-დიდ-შენი. აქ დაასვენა წმინდამან ნინომ ჯვარი სვეტისაგან გამოკვეთილი. შემდგომად გურამ კურაპალატმან, ლთ (39) მეფემან, იწყო ეკლესია, ვინათგან აქამდე ჯვარი უეკლესიოდ ესვენა, და ძემან მისმან დიმიტრიმ შეასრულა. ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლით, მუნვე კლდესა შინა, დის წყარო წმიდის ნინოსაგან სასმისად კეთილი და ჰკურნებს სენთა.“

მოსე ჯანაშვილს თავის მხრივ მოკლედ მოყოლილი აქვს ჯვრის მონასტრის აგების პროცესი და იძლევა საინტერესო ცნობებს.

 
„კლდე-გორას, რომელზედაც აღმართულია ჯვრის მონასტერი, ერქვა ბორცვი. 324 წელს წმ. ნინო, მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მცხეთის ერი გამოემართნენ ამ ბორცვისკენ. მოჰქონდათ მცხეთიდამ სასწაულთმოქმედის ხისაგან გაკეთებული ჯვარი, მღვდლები წინ უძღოდნენ, გალობდნენ. მოვიდნენ, ბორცვის წინ დადგნენ ღამის თევად. აქვე ბორცვის კლდეში იყო მწარე წყარო. ნინოს ლოცვით წყარო გემრიელად იქცა და მას აქეთ დაერქვა ცრემლისწყარო. მეორე დღეს ავიდნენ ბორცვის თავზე და აღმართეს ჯვარი. ყველანი დაჩოქილ-ხელაპყრობილნი ევედრებოდნენ ღმერთს. ზე-მაღლა გამოჩნდა გუნდი ანგელოზებისა, მაკურთხეველნი ერისა. ჯვრის ძალით უძლურნი, მკელობელნი, ბრმანი იკურნებოდნენ, მკვდრად მისუსტებულნი ცოცხლდებოდნენ. მცხეთის ჯვრის ძლიერების ამბავი სწრაფად მოედო საქართველოს, კავკასიას, სომხეთს და ყოვლის მხრიდან მოდიოდნენ დედაქალაქში ამ ჯვრის თაყვანის საცემლად. ასე იყო 579 წლამდე. ამ წელს სომხეთის კათალიკოს აბრაამმა უბრძანა თავის მრევლს: „გიბრძანებთ ივერთა შესახებ: ამიერითგან არა გქონდეთ მათთან ერთობა ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც შვილთა კვებაში. არ მიხვიდეთ თაყვანისაცემად მცხეთის განთქმულ ჯვარისა, არცა მანგლისის ჯვარისა, არ მიიღოთ იგინი ჩვენს ეკლესიაში, ცოლ-ქმრობას მათთან ერიდეთ, მხოლოდ ნება გაქვთ ივაჭროთ მათთან, როგორც ურიებთან“.(კაღანკათ., გვ. 216)“
(საქართველოს გეოგრაფია ვახუშტი ბატონიშვილისა. რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა, 1904, გვ. 144)
 
„გადმოცემით, ჯვრის მონასტრიდამ სვეტიცხოვლის გუმბათამდე გადაჭიმულიყო წვრილი ჯაჭვი და წმ. ბერები მით გადადიოდ-გადმოდიოდნენ. ერთხელ ამ „ხიდზე“ გადადიოდა მწირი, ქვეშ, არაგვში ბანაობდნენ მცხეთელი ქალები. ამათ თვალში მოჰკრა მწირმა, შესცოდა, ხიდი ჩაუტყდა... მონასტერს დაერქვა ჯაჭვის საყდარი“
(საქართველოს გეოგრაფია ვახუშტი ბატონიშვილისა. რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა, 1904, გვ. 145)

ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დრო თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გიორგი ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი დღემდე კარგად მოაღწია. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 1924-1927 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1933-1939 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1963-1965 წლებში (ხელმძღვანელი: რუსუდან გვერდწითელი).

მთავარი ტაძარი

რედაქტირება

ჯვრის უშუალო წინამორბედია ნინოწმინდის ტაძარი. ჯვარში განვითარებულია და მხატვრულად სრულყოფილია ნინოწმინდის კომპოზიცია. გეგმის საფუძველს აქაც კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი შეადგენს, მაგრამ ეს კუთხის ოთახები რადიალურად კი არ არის განლაგებული, როგორც ნინოწმინდაში, არამედ აფსიდების ღერძების პარალელურად და გუმბათქვეშა სივრცესთან დაკავშირებულია კუთხის ღრმა ნიშებით, რომელთაც წრის 3/4-ის მოხაზულობა აქვთ. შენობის ბირთვს, ჩვეულებისამებრ, შეადგენს კვადრატი, რომლის თავზეც აღმართულია 8-წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. იგი მთელი შიგა სივრცის დომინანტია, განსაზღვრავს ყველა სხვა ნაწილის ფორმასა და პროპორციებს ამ ხუროთმოძღვრულ სივრცეში.

ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მისი გარეთა პირი და ინტერიერი ამოყვანილია ვარდისფერი ქვით, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი ქვის კარგად გათლილი კვადრებისაგან. ქვებს შორის ნაკერების სწორხაზოვნება, ყველგან მკაცრადაა დაცული, ტაძარი თავისი მასშტაბითა და დანაწევრებით, ორგანულად ერწყმის მთას. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი, დასავლეთით იგი ემყარება ხელოვნურად გამაგრებულ ვერტიკალურ კლდეს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. გუმბათის ნახევარსფეროში გამოსახულია რელიეფური ჯვარი. რომელსაც აქვს როგორც მხატვრული ისე კონსტრუქციული დანიშნულება. გუმბათქვეშა სივრცე ოთხივე მხრივ გახსნილია აფსიდებით, რომელებიც გეგმაში ჯვარს ქმნიან, ჯვრის მკლავებს შორის ყოველ კუთხეში ჯვაროვანი კამარით გადახურულია თაღია. ყოველ ნიშში გაჭრილია ოთახში შესასვლელი: სამკვეთლო და სადიაკვნე. სამხრეთ-დასავლეთი ოთახი საქალებოა, რომლის შესასვლელის თავზე წარწერაა:

 
„ქ წყალობითა ღმრთისაითა და შეწევნითა ჯვარისაითა მე, თემესტია, მხევალმა ქრისტესამან, აღვაშენე საყოფელი ესე სახსენებელად სულისა ჩემისა თაყვანისსაცემლად დედათა.“

ჯვრის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძიებათა დამაგვირგვინებელი და ყველაზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. ასეთებია ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი.

ჯვრის ტიპი, ე.ი. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. სომხური ნიმუშები ქართული ნიმუშთაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებით, როგორც საერთოდ ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება.

ხის ჯვრის კვარცხლბეკი

რედაქტირება
 
ჯვრის კვარცხლბეკი

მცხეთის მოპირდაპირე მხარეს, არაგვის გაღმა კლდის მაღალ მთაზე, ერთი უცნაური ხე იდგა, რომელიც საოცარ სურნელს გამოსცემდა. ამ ხეს ხალხი სასწაულთმოქმედ ხეს ეძახდა, რადგანაც დაჭრილი ნადირი ან ფრინველი მის ფოთოლს თუ შეჭამდა მაშინვე განიკურნებოდა.

ვითარ ნათელ იღეს მეფემან და დედოფალმან და შვილთა მათთა და ყოველმან ერმან მაშინ დგა ხე ერთი ადგილსა ერთსა, კლდესა ზედა ბორცვსა შეუვალსა, და იყო ხე იგი მშუენიერი ფრიად და სურნელი.

— ქართლის ცხოვრება

მირიან მეფის ძემ რევიმ ეპისკოპოსის ლოცვაკურთხევით და ერის თანხლებით, სასწაულთმოქმედი ხე მოაჭრევინა და მცხეთაში წამოაბრძანა, რომელიც სვეტიცხოვლის ხის სამხრეთის მხარეს აღმართეს. ამის შემდეგ ამ ხისგან დამზადდა სამი ხის ჯვარი, და სამივე ჯვარი 20 მაისს აღიმართა. სწორედ ამიტომ არის ეს დღე ჯვარპატიოსნის სახელით ცნობილი, რომელსაც ქართველი ერი დღესაც ზეიმობს. სასწაულთმოქმედი ხისაგან დამზადებული სამი ჯვარი ასე გადანაწილდა: ერთი აღიმართა მცხეთის ჯვრის ტერიტორიაზე, იქ სადაც ქვის კვარცხლბეკი დგას ჯვრისთვის. მეორე - თხოთის მთაზე, იქ სადაც მირიან მეფეს თვალთ დაუბნელდა და მესამე - უჯარმაში.

ჯვრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიგა დანაწევრებას. აქ გვაქვს შიგა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როცა ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამიერიდან ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი იქნება ერთი იმ მრავალ ნიშანთაგანი, რომლებიც მკვეთრად განასხვავებენ მას ბიზანტიურისაგან (ბიზანტიაში ხუროთმოძღვართა ყურადღებას მთლიანად იპყრობდა დიდებული შიგა სივრცის შექმნის ამოცანა, ფასადები მათ არ აინტერესებდათ). მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდი არ არის (სიმაღლე 25 მ არ აღემატება), იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადთა დამუშავებაში სრული კანონზომირებაა.

ჯვრის ტაძარი ბოლნისის სიონის შემდეგ ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. დასავლეთი ფასადი, რომელიც ზედ ქარაფის პირასაა დაკიდებული და შორიდან ჩანს, მარტივად და ზოგადად არის დამუშავებული. აქ მთავარი ფასადები აღმოსავლეთ და სამხრეთისაა. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის აფსიდს 3 სარკმელი აქვს, რომლებიც შეკრულია მათ თავზე გავლებული დეკორატიული, რელიეფური სარტყელით. სარტყელის ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავსებულია 3 რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობით და ხარჯითაც აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარია, ე.ი. მთავარი მშენებელი; მარცხნივ - მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზითურთ, მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე (მის ზემოთაც ფრთაგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი); ადარნასეს წინაა მუხლმოდრეკილი ბავშვი - მისი ძე ქობული. სამივე რელიეფზე ასოთმთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული (ჯვრის წარწერები).

სამხრეთი ფასადი საკმაოდ ღრმა ნიშების წყალობით უფრო დიფერენცირებული ჩანს. სამხრეთ შესასვლელის თავზე, ტიმპანში, არის ძველ ქრისტიანულ სამყაროში დიდად გავრცელებული გამოსახულება - ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლება. კომპოზიცია ოსტატურადაა ჩართული და შეხამებული ტიმპანის ნახევარწრიულ მოხაზულობასთან. სამხრეთის ფასადის სხვა რელიეფები (ნიშებში მოთავსებული) ძლიერ დაზიანებულია. ფასადი, რომლის წინაც მცირე ჯვრის ეკლესია დგას, სრულიად მოურთავია. შენობის საერთო ჰარმონიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასადთა პერანგის მშვენივრად გათლილი ქვის ფერს - მოვარდისფრო-ქვიშისფერს, დროთა ვითარებისაგან თითქოს ოდნავ შეჟანგულს. ტაძარი არა მარტო ფორმებით, მასშტაბით და პროპორციებით ეხამება გარემოს, არამედ ფერითაც.

ხედი ჯვარზე და მთიანეთზე

წარწერები

რედაქტირება

ქართული ასომთავრული დამწერლობის ჩვენამდე მიღწეული ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუში ამოკვეთილია ჯვრის ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის რელიეფებზე, ტაძრის შუაში აღმართულ ჯვრის კვარცხლბეკზე (კვარცხლბეკის შემორჩენილი ნაწილი წარწერის ფრაგმენტითურთ ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ტაძრის სამხრეთ – დასავლეთ კუთხის ოთახის შესასვლელის თავზე და კედლის მოპირკეთების ცალკეულ ფილებზე. ყველა წარწერა თანადროულია და მათში მოხსენიებული ისტორიული პირების, კერძოდ, სტეფანოზის ქართლში ერისმთავრობის დროის მიხედვით თარიღდება (VI-VII საუკუნეების მიჯნა).[2][3][4]

მცირე ტაძარი

რედაქტირება
 
შესასვლელი მცირე ტაძარში (ხედი აღმოსავლეთიდან)
 
მცირე ტაძრის ინტერიერი

ჯვრის მცირე ეკლესია (8,3X5,5 მ) მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდილოეთით. გადმოცემით ცნობილია რომ ჯვრის მცირე ტაძარი აშენებულია ქართლის პირველი ერისმთავარი - გუარამის მიერ. გარედან იგი ორფერდა სახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (1 აფსიდითა და 3 სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წყობის ჰორიზონტალური ნაკერების სწორხაზოვნება ფასადებზე და ინტერიერში მკაცრადაა დაცული. ტაძრის სამხრეთით და ჩრდილოეთით განლაგებულია კარიბჭეები. სამხრეთის კარიბჭე დიდსა და მცირე ტაძარს აერთებს. ტაძრის ჩრდილო დასავლეთით თაღოვანი ნიშია, რომელშიც გამოსახულია განედლებული ჯვარი, ვარაუდობენ რომ ამ ნიშში კათალიკოსის ტახტი იდგა. აბსიდის იატაკი ერთი საფეხურით არის აწეული, საკურთხევლის კონქი თავიდან მოზაიკით ყოფილა შემკობილი, რომელიც დღეს უკვე წაშლილია. ეკლესია დგას მაღალ თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმოიერს ანიჭებს. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: სახურავი და კამარა ჩანგრეულია, იატაკი აყრილი, ფასადის კვადრები გამოქარული და ამოცვენილი. ეკლესიის ცენტრალური კვადრატი უფრო მაღალია ვიდრეშენობის დანარჩენი ნაწილები. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია განიერი ბემით. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, ნიშებია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში მოზრდილი სარკმლებია, ხოლო დანარჩენ ორ კედელში - ტიმპანებიანი გასასვლელები.

გალავანი

რედაქტირება

ტაძრის გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები (ამჟამად დანგრეული კოშკი და გალავანი) უფრო გვიანდელია.

წლების განმავლობაში ჯვრის კომპლექსისთვის ბევრი ზიანი იქნა მიყენებული, ბუნებით თუ ადამიანის ხელით და ამჟამად ის მსოფლიოს 100 განადგურების პირას მისულ უმთავრეს კულტურულ ძეგლთა შორისაა.

წმინდა ნინოს წყარო

რედაქტირება

ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთი მხრიდან გალავანში არის ჩასასვლელი წმინდა ნინოს წყაროზე. აღნიშნულ ადგილამდე ჩადის ვიწრო ბილიკი.

ერთსართულიანი ნაგებობა

რედაქტირება

1980-იანი წლების დამდეგს გაჩნდა იდეა მცხეთის ჯვრის მონასტრის მახლობლად აშენებულიყო მცირე ნაგებობები. 1981 წლის 4 აგვისტოს მცხეთის რაიკოოპკავშირის გამგეობამ თხოვნით მიმართა სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომისთვის მცირე კატეგორიის სასადილოს მშენებლობის დაწყების ნებართვა. 1989 წლის იანვარში მცხეთის რაისაბჭოს აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გამოიყო „ჯვრის ტერიტორიაზე მეორე კატეგორიის სასადილოს მშენებლობისათვის 0,25 ჰა საძოვარი მიწის ფართობი“. იმავე წელს საქართველოს სსრ-ის სატყეო მეურნეობის სამინისტრომაც დაუჭირა მხარი რაიაღმასკომს (ბრძანება №220) ცვლილებით: „მცხეთის სატყეო მეურნეობის მიწებიდან ჯვრის მონასტრის შემოგარენში რაიკოოპკავშირის საზაფხულო ტიპის პავილიონის მშენებლობისათვის შეირჩეს 0,25 ჰა“. მიუხედავად იმისა რომ მცხეთა და მისი შემოგარენი ნაკრძალად, კერძოდ არქეოლოგიურ და არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალად იყო გამოცხადებული მშენებლობის დაპროექტება მაინც დაიწყო დამკვეთმა — მცხეთის რაიკოოპკავშირმა და საპროექტო ორგანიზაციამ — „ცენტროსოიუზპროექტის“ თბილისის ფილიალმა. 1983 წლისთვის ესკიზის პროექტი უკვე მზად იყო. ძეგლთა დაცვის მთავარი სამეცნიერო-მეთოდიკური საბჭოს სხდომის 1983 წლის 5 დეკემბრის ოქმით ირკვევა, რომ იხილებოდა „მცხეთის ჯვართან წყლების, სუვენირებისა და ყვავილების გასაყიდი ნაგებობის პროექტის“ საკითხი. საბოლოოდ აშენდა ერთსართულიანი შენობა, რომელიც სამი მხრიდან მიწაში იყო ჩაფლული[5]. დასასრულს ნაგებობა ტაძრის მოქმედი მონასტერმა კელიად აითვისა.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  2. ქსე, ტ. 11, გვ. 563, თბ., 1987
  3. "ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, I - აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო, (V-X სს.)", ნ. შოშიაშვილის გამოც., თბ., 1980 ვ. სილოგავა
  4. "A LA CROISEE DES TEMPS", Alexandre ALTER, roman, français – Edilivre éditions, Paris, avril 2012
  5. გაზ. „კომუნისტი“, №44 (20385), 21 თებერვალი, 1989
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 708
ინგლ.რუს.ფრ.