სამთავროს მონასტერი

(გადამისამართდა გვერდიდან სამთავრო (ტაძარი))

სამთავროხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე[1]. აგებული მეფე მირიანის მიერ აშენებული ტაძრის ადგილზე.

სამთავროს მონასტერი
სამთავროს მონასტერი — საქართველო
სამთავროს მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°50′47″ ჩ. გ. 44°43′06″ ა. გ. / 41.84639° ჩ. გ. 44.71833° ა. გ. / 41.84639; 44.71833
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ტაძრის გეგმა

მცხეთის ისტორიული ძეგლები: სვეტიცხოველი, სამთავრო, ჯვარი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა
კოორდინატები 41°50′31″ ჩ. გ. 44°43′16″ ა. გ. / 41.84194° ჩ. გ. 44.72111° ა. გ. / 41.84194; 44.72111
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1994  (მე-18 სესია)
ნომერი 708
საფრთხის ქვეშ 2009-2016 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

ისტორიული წყაროებით, მცხეთაში მოსული ნინო პირველი სამი წლის განმავლობაში

ვიკიციტატა
„ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყუალისაჲთა... და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან.“

ამ ადგილზე საქართველოს პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს აუგია ეკლსია, რასაც ადასტურებს „წმ. ნინოს ცხოვრებაში“ მოყვანილი მისი წერილის შინაარსი:

ვიკიციტატა
„აღვაშენე ეკლესიაჲ მაყულოვანსა მას შინაჲ ნინოსსა.“

ქართულ საისტორიო წყაროებში („მოქცევაჲ ქართლისაჲ“, „ცხოვრება ქართუელთა მეფეთა“) მოიხსენიება, როგორც „გარეუბნისა ეკლესია“ და „ზემო ეკლესია“ (ზემოჲ ეკლესიაჲ), საპირისპიროდ სვეტიცხოვლის ტაძრისა, რომელსაც „ქუემო ეკლესია“ ეწოდებოდა.[2][3][4][5]

V საუკუნის 20-30-იან წლებში, არჩილ მეფის დროს, მირიანის მიერ აშენებული სვეტიცხოვლის ტაძარი დანგრეულა და იონა მთავარეპისკოპოსს კათედრა ზემო ეკლესიაში გადმოუტანია: „შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარებისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქუემოჲ ეკლესიაჲ. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სუეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო“.[2] სწორედ ამ დროიდან ეწოდა „ზემო ეკლესიას“ სახელად „სამთავრო“, როგორც მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას.

სამთავროს მთავარი ტაძარი წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა ნაგებობას. წინა ხანის ნაგებობათაგან განსხვავებით აქ გეგმა დამოკლებულია, გუმბათი ეყრდნობა არა 4 თავისუფლად მდგარ ბოძს, როგორც ეს მანამდე იყო, არამედ 2 ბოძსა და საკურთხევლის შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს 2 სართულად განლაგებული გვერდითი სათავსებია. ტაძარი როგორც ჩანს, თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო. კანკელი მოგვიანებითაა აღდგენილი. ტაძარს სამხრეთიდან მიშენებული აქვს კამარებით გადახურული დიდი ეგვტერი - კარიბჭე . მეორე მინაშენი ჩრდილოეთის მხარესაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ტაძრის დეკორატიული მორთულობა. აღმოსავლეთის ფასადზე გამოყენებულია ხუთთაღიანი კომპოზიცია. უფრო ინტენსიურად და ბრწყინვალედაა დამუშავებული სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები. გუმბათის ყელი XIII-XIV საუკუნეებშია მთლიანად აღდგენილი.

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

სამთავროს ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (27X23 მ) სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მინაშენებით. მხატვრულ-სტილისტური ანალიზით XI საუკუნის 30-იან წლებს განეკუთვნება. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრებით. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად გუმბათი ჩაინგრა და იგი XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე აღადგინეს. XVII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის II ნახევარში ტაძარი კაპიტალურად შეაკეთეს. მიუხედავად ამისა ხუროთმოძღვრის თავდაპირველი ჩანაფიქრი მკაფიოდ და ნათლად ჩანს. 1974 წელს სარესტავრაციო ჯგუფმა (ხელმძღვ. ვ. ცინცაძე) ტაძარი შეაკეთა — გაამაგრა გუმბათის ყელი და კედლები, განაახლა სახურავი.

ტაძარში შესვლა სამხრეთის კარიბჭიდან შეიძლება. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს და საკურთხევლის კედლების შვერილებს. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ აფსიდს განიერი ბემა ეკვრის. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც ტაძრის მთავარ სივრცეს გასასვლელებით უკავშირდებიან. კანკელი XV საუკუნისაა. ტაძრის გუმბათქვეშა ბურჯების კაპიტელები, ბაზისები და საბჯენი თაღების საყრდენი კონსოლები პროფილირებულია. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და ნანა დედოფლის საფლავებია.

მოხატულობა

რედაქტირება

საკურთხევლის კონქის კომპოზიციის დიდი ნაწილი განადგურებულია. პირველ რეგისტრში ჩანს ტახტის ნაწილი, მაცხოვრის ტერფები და კვარცხლბეკი. მეორე რეგისტრში წარმოდგენილი არიან მოციქულები, სარკმლის მარჯვნივ გამოსახული წმინდანი, ასომთავრული წარწერის მიხედვით, წმინდა პავლეა. ამავე რეგისტრში, ბემას სამხრეთ კედელზე, გამოსახულია განრღვეულის განკურნება.

მცირე ტაძარი

რედაქტირება
 
წმ. ნინოს ეკლესია და მაყვლის ბუჩქი - ადგილი სადაც წმ. ნინო ლოცულობდა

წმ. ნინოს ეკლესია დგას ეზოში, დიდი ტაძრის აღმოსავლეთით. იგი მცირე ზომის (6,2X3,9 მ) გუმბათოვანი ნაგებობაა. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

ეკლესიის შესასვლელში მოთავსებული წარწერა გვამცნობს, რომ 1879 წელს ტაძარი შეაკეთებინა სამთავროს მონასტრის წინამძღვარმა დედა ნინომ (ამილახვარი). 1981 წელს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა რის შედეგადაც გაიწმინდა 1 მეტრ სიღრმემდე მიწაში შამჯდარი ეკლესია, აღადგინა მისი დაზიანებული ცოკოლი, კედლები, გუმბათი, ლავგარდანი და გადაიხურა კრამიტით.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, შეკეთებების დროს გამოყენებულია თლილი ქვა და აგური. აღმოსავლეთით ნალისებრ აფსიდში ვიწრო თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას, ჩრდილოეთით აფსიდის კედელში კონქით გადახურული ნახევარწრიული ნიშია. გუმბათქვეშა სწორკუთხედიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება კუთხეებშიდადებული ზღუდარით. სატრიუმფო თაღი, კონსოლებზე დამყარებული დასავლეთის საბჯენი თაღი, შესასვლელის თაღი, დასავლეთის გარეთა ნიში, სარკმელები ყველგან ნახევარწრიულია. გარედან ეკლესია სწორკუთხა მოხაზულობისაა; გუმბათის რვაწახნაგა ყელი კვადრატთან მიახლოებულ სწორკუთხედზეა აღმართული. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია. შიგნით კაპიტელები და კონსოლები პროფილირებულია. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადთა წვეროებში აგურით გამოყვანილია ტოლმკლავებიანი ჯვრები. გუმბათის ყელის ყრუ წახნაგებზე ნალესით სარკმლის საპირის იმიტაციაა გაკეთებული. ინტერიერი მოხატულია.

XX საუკუნის დასაწყისში, წმინდა ნინოს ეკლესიას სამხრეთიდან დააშენეს მოზრდილი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში დაანგრიეს.

გალავანი

რედაქტირება
 
XVIII საუკუნის კოშკი, რომელშიც ბოლო წლები გაატარა მამა გაბრიელმა

ძველი გალავნიდან შემორჩენილია ეზოს სამხრეთ დასავლეთ კუთხეში, შემაღლებაზე მდგარი დაზიანებული ცილინდრული კოშკი. აგებულია XVIII საუკუნეში. შემორჩენილი გალავანი კი XIX საუკუნისაა. 1974-1975 წლებში გალავანი შეაკეთა სარესტავრაციო ჯგუფმა - ერთ დონეზე დაიყვანა და კრამიტით გადახურა გალავანი.

სამრეკლო

რედაქტირება
 
სამთავროს სამრეკლო

სამრეკლო დგას ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან ოციოდე მეტრის დაშორებით, ამაღლებულ ბორცვზე. აგებულია XV-XVI საუკუნეებში. 1984 წელს სარესტავრაციო ჯგუფმა (ხელმძღვ. ნ. ქვარიანი) გაწმინდა მიწისაგან, შეაკეთა დაზიანებული კედლები, კიბე, სახურავი. სამრეკლო (4,7X5,8 მ) სამსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-მონაცისფრო ქვიშაქვის კვადრებით. პირველი სართული სწორკუთხა სათავსია (შეიძლება აქ ეგვტერი იყო), რომლის ჩრდილოეთი ფასადი გალავნის კედელშია ჩართული. სათავსს სამხრეთით აქვს ცილინდრულ კამარიანი ფართო თაღოვანი შესასვლელი, რომლის ორსაფეხურიანი თაღი მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა. დანარჩენი კედლები ყრუა. შიგნით, ყოველ კედელზე კუთხის დაბალ ბოძებზე დაყრდნობილი თითო ღრმა და განიერი თაღია. კაპიტელები აქაც მარტივპროფილიანია. მეორე სართული სამი მხრიდან ორმაგი თაღებითაა გახსნილი. შესასვლელი დასავლეთის ყრუ კედელშია გაჭრილი. მას მიშენებული აქვს მაღალი ქვის კიბე, რომლის საფეხურები კედლებს შორისაა მოქცეული: ჩრდილოეთით გალავნის კედელია, სამხრეთით კი სპეციალურად კიბისათვის ამოყვანილი კედელი. კიბის ქვეშ საკმაოდ ღრმა და განიერი შეისრულთაღიანი ნიშია. მეორე სართული გეგმით წაგრძელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ; მისი ცილინდრული კამარის დასავლეთ მონაკვეთში მომრგვალებული ხვრელია გაჭრილი, საიდანაც მისადგმელი კიბით შეიძლება ფანჩატურში ასვლა. ამ სართულის გრძივი კედლების წყვილი თაღი მარტივპროფილიან კაპიტელებს ეყრდნობა, ხოლო თაღებშორისი ოთხკუთხა ბოძები - დაბალ მოაჯირს. მოაჯირის ზედა კიდეს, ფასადის მხარეს, რელიეფური ფართო სარტყელი გასდევს, რომელიც გარედან პირველი სართულის ლავგარდნად აღიქმება. სათავსის აღმოსავლეთ ნაწილში აგურის ამაღლებული ბაქანია მოწყობილი. სავარაუდოა, მეორე სართულს საცხოვრებლად და საყარაულოდ იყენებდნენ. მესამე სართული გეგმით ოვალური ნახევარსფერულკამარიანი, აგურით ნაგები თორმეტ მალიანი ფანჩატურია, რომელსაც მრავალწახნაგა პირამიდული სახურავი აქვს. პირველ სართულს თაღოვანი შესასვლელი და თაროსებრი ლავგარდანი აქვს. მეორე სართულს თაღედი და პროფილირებული ლავგარდანი, მესამე სართულის თაღები მოჩარჩოებულია ორმაგი ლილვით, რომელიც მარტივ იმპოსტებსა და ბაზისებს ეყრდნობა. ყოველი ბოძის ზემოთ დაღარული, ფუძესთან გრეხილლილვშემოვლებული ბურთულებია ჩასმული. ფასადებს ზემოთ გრეხილი ლილვი აქვს შემოვლებული.სულ ზემოთ ორმაგი ლავგარდანია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზაქარაია პ., XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, ტ. 1, თბ., 1975
  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  2. 2.0 2.1 შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979;
  3. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963;
  4. მოქცევაჲ ქართლისაჲ, ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები, გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 2007;
  5. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955;
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 708
ინგლ.რუს.ფრ.