ნაჯახავოს ეკლესია
ნაჯახავოს ეკლესია — ეკლესია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში. ეკლესია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა. თარიღდება X საუკუნით.
ნაჯახავოს ეკლესია კუპელჰალეს ტიპის ნაგებობა იყო. მისი გეგმა წარმოადგენს მცირედ წაგრძელებულ, აღმოსავლეთით აფსიდური შვერილით დაბოლოვებულ ცალნავიან სწორკუთხედს (8,3X 11,8 მ.). მისი გრძივი კედლები ერთმანეთს არ უტოლდება: ჩრდილოეთი მხარე შესამჩნევად გრძელია სამხრეთისაზე. შიდა სივრცეში ორი წყვილი გუმბათქვეშა შვერილია - აღმოსავლეთისა უშუალოდ აფსიდს ესაზღვრება. ამის გამო, დარბაზის სივრცე ორნაწილიანია (დასავლეთი მონაკვეთი და გუმბათქვეშა); არ არის საკურთხევლისწინა, აღმოსავლეთი მონაკვეთი, რაც შვერილთა ორი წყვილის შემთხვევაში გვაქვს ხოლმე ასეთი ტიპის ტაძრებში. თვით საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდი უჩვეულოდ განიერია, ნავის თითქმის მთელი სიგანის მომცველი.
ნაჯახავოს ეკლესია ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გენგიური ნ., „კუპელჰალე“, თბ., 2005
- ელიავა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღისშესანიშნაობანი, თბ., 1971
- კაპანაძე თ., ნაჯახავოს "გუმბათოვანი დარბაზის" ტიპის ეკლესია, ძეგლის მეგობარი, კრ.76, 1987