გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემის სასაფლაოზე, გზის პირას. განეკუთვნება კუპელჰალეს სტილს. ნაგებია აგურითა და ქვით.
ეკლესია კახეთში გვიანი შუა საუკუნეების უადრეს კუპელჰალედ წარმოგვიდგება (6,0 X 8,0 მ.). გეგმით გარე სწორკუთხედში მოთავსებული გუმბათის საყრდენი ერთი წყვილი შვერილით ორ ნაწილად გაყოფილ სივრცეს წარმოადგენს. ჯვრის განივი მკლავები მაღალი კამარით არის გადახურული, ხოლო დასავლეთი კუთხის უბეები ნაკლები სიმაღლის კამარებით ბოლოვდება. საკურთხეველი სამნაწილიანია. გუმბათქვეშა კონსტრუქციად აფრებია გამოყენებული. შიგნიდან ცილინდრული გუმბათის ყელი მაღალია: მისი სიმაღლე ქვედა კორპუსისას უტოლდება. გუმბათის საყრდენი შვერილებიცა და საკურთხევლის კუთხეებიც დაუსაფეხურებელია, სადა, სწორკუთხა მოხაზულობისაა, მხოლოდ გუმბათქვეშა კვადრატის მხარეს კუთხე მთელ სიმაღლეზეა ”ჩაჭრილი”. შიდა სივრცეში უპირატესობა სწორ ზედაპირებს ენიჭება: არც იმპოსტებია გამოყოფილი და არც სხვა დეტალები იკვეთება, მხოლოდ გუმბათის ყელის ძირში წრეს ერთი ლილვი „ხაზავს“. თაღები და კამარები ოდნავ შეისრულ ფორმას ატარებს.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთისა, კედლის ცენტრალურ ღერძზე გაჭრილი და ჩრდილოეთსა – ასევე მკლავის ცენტრში მოთავსებული, შეისრულ-თაღოვანი დაბოლოვებით. სარკმლები თითო-თითოა ოთხივე მკლავში, აგრეთვე, პასტოფორიუმების აღმოსავლეთ კედელში, გუმბათის ყელში კი რვა სარკმელი გვაქვს; ყველა სარკმლის თაღი ნახევარწრიულია.
გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია ნეკრესის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 261-262.
- ბერიძე ვ., „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“, თბ., 1974
- გენგიური ნ, კუპელჰალე, თბ., 2005
- ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.