ქართლის საერისთავო
ქართლის საერისთავო — საერისთავო ცენტრალურ საქართველოში. ადმინისტრაციული ცენტრი უფლისციხეში მდებარეობდა. ქართლის საერისთავომ იარსება X-XIV სს-ებში.
ქართლის საერისთავო | ||||||||||||||||||||
საერისთავო | ||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
ქართლის საერისთავო თამარ მეფის ზეობის ხანაში.
| ||||||||||||||||||||
დედაქალაქი | უფლისციხე | |||||||||||||||||||
უდიდესი ქალაქები | გორი, სურამი, კრცხინვალი, ჟინვანი | |||||||||||||||||||
ენები | ქართული | |||||||||||||||||||
რელიგია | მართლმადიდებლობა | |||||||||||||||||||
მთავრობა | მონარქია | |||||||||||||||||||
საკანონმდებლო ხელისუფლება | აფხაზეთის სამეფო (921–1008) საქართველოს სამეფო (1008–XIV სს.) | |||||||||||||||||||
ისტორიული ერა | შუა საუკუნეები | |||||||||||||||||||
- | შეიქმნა | X სს. | ||||||||||||||||||
- | გაუქმდა | XIV სს. | ||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||
დღეს ამ ტერიტორიაზე | საქართველო |
ისტორია
რედაქტირებაიბერიის სამეფოს დაარსების დროიდან ვიდრე სამეფოს გაუქმებამდე, თანამედროვე შიდა ქართლის ტერიტორიას ქართლის სასპასპეტო მოიცავდა. VII-VIII სს-ში შიდა ქართლის ტერიტორია სამეფო საგვარეულოს იმდროინდელ განშტოებათა შორის გადანაწილდა. ამ გადანაწილებას გულისხმობს არჩილის (ქართლის ერისმთავარი, 668-718) დროინდელი ცნობა, რომ არჩილმა „ნერსიანს და ადარნასიანს განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი“. IX-X სს-ში ეს ტერიტორია ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ბრძოლის უმთავრესი ობიექტი გახდა, რამდენადაც მისი ფლობა სიმბოლურად და ფაქტობრივად ძველი ქართლის მეფეთა მემკვიდრეობის დაუფლებას ნიშნავდა. ამავე დროს შიდა ქართლის ფლობა კავკასიის რეგიონისათვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი სამხედრო და სავაჭრო გზების გაკონტროლების საშუალებას იძლეოდა. IX ს-ის მიწურულს ძველი სამეფო დინასტიის წარმომადგენლები (ხოსროიანები) არაბებმა ამოწყვიტეს, ხოლო მათი სამართლებრივი და პოლიტიკური მემეკვიდრეების - ბაგრატიონების არაერთგზისი მცდელობა დაპატრონებოდნენ შიდა ქართლს, მარცხით დამთავრდა. ასეთ ვითარებაში გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე შიდა ქართლის მკვიდრი ფეოდალები: ტბელები, აბაზასძეები, ძამელები, კორინთლები, საზვერელნი და სხვ. X საუკუნეში ქართლის ერისთავებად იწოდებიან აფხაზთა მეფის მოხელე-გამგებლები შიდა ქართლში. მათი რეზიდენციაა უფლისციხე.
საერისთავოს ჩამოყალიბება
რედაქტირებააფხაზეთის სამეფო
რედაქტირებასაერისთავოს წარმოქმნა აფხაზეთის სამეფოს მიერ შიდა ქართლის ტერიტორიის შემოერთებას უკავშირდება. საერისთავოს ადგილობრივი ფეოდალური საგვარელო ტბელები განაგებდა. ტბელები ცენტრალური ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით არ გამოირჩეოდნენ და ხშირად საფრთხეს უქმნიდნენ სამეფოს სტაბილურობას. 921 წელს, აფხაზეთის მეფე, გიორგი II-მ ქართლის ერისთავად მისი უფროსი ძე, კონსტანტინე დანიშნა, ეს უკანასკნელი სამი წელი მართავდა ქართლს და შემდეგ, ქართლის დიდებულთა მხარდაჭერით (ტბელები), გადაწყვიტა, თავი ქართლის მეფედ გამოეცხადებინა. 929 წელს, გიორგიმ, მოიმხრო ტაო-კლარჯეთის მმართველი ბაგრატიონები, კახეთის ქორეპისკოპოსი ფადლა II და მოადგა უფლისციხეს, ალყაში მოაქცია ის და სასტიკად დასაჯა მოღალატე ვაჟი, ხოლო ტბელები სომხეთში (ვასპურაკანში) გადაასახლა. ქართლის ახალი ერისთავი, გიორგის მეორე ვაჟი, ლეონი გახდა. ქართლში პოზიციების გასამყარებლად გიორგიმ, საკუთარი ქალიშვილი გურანდუხტი ქართველთა სამეფოს მეფისწულს, გურგენს მიათხოვა. გიორგის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზთა ტახტზე მისი ძე ლეონი ავიდა, რომელმაც ქართლის ერისთავობა ტბელებს უბოძა.
აფხაზთა მეფე, დემეტრე III-ის მმართველობის პერიოდში, ქართლს ივანე მარუშისძე განაგებდა. ამ პერიოდს უკავშირდება ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება და ქიშპი ქართლის გამგებლობისათვის „ქართლის უფლებთან“ - ტბელებთან და კახეთის ქორეპისკოპოსთან. ფეოდალურმა ანარქიამ განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო თეოდოს III უსინათლოს (975-978 წწ.) მეფობის დროს. ამით ისარგებლა კახეთის საქორეპისკოპოსომ და დაიწყო ქართლისათვის ბრძოლა. ამ ქაოსიდან გამოსასვლელად ივანე მარუშისძემ დავით III ტაოელს მიმართა, დავითი 975 წელს, ქართლისაკენ გამოემართა. კახეთის ქორეპისკოპოსი კვირიკე II, რომელსაც უფლისციხესთვის ალყა ჰქონდა შემორტყმული, დავითთან ბრძოლას მოერიდა და კახეთს გაბრუნდა. ივანე მარუშისძემ უფლისციხე დავითს გადასცა, დავითმა ქართლის დიდაზნაურებს ბაგრატისადმი მორჩილება უბრძანა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო თანაგამგებლად მამამისი გურგენი დაუნიშნა. ქართლის დიდაზნაურთა გარკვეული ნაწილისათვის არსებული პოლიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კახელები დაიხმარეს, ბაგრატი მშობლებთან ერთად დაატყვევეს და კახეთში გადაიყვანეს. დავით III-ის აქტიური ჩარევის შედეგად ტყვეები გაათავისუფლეს, ხოლო უფლისციხე და ქართლი საგამგებლოდ ბაგრატის დედას - გურანდუხტს გადაეცა.
978 წელს, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს დიდაზნაურთა ნაწილის თხოვნით ქუთაისში აფხაზთა სამეფოს ტახტს იკავებს. 980 წელს ბაგრატი დასავლეთ საქართველოდან ქართლში გადმოდის, რადგან აქ გურანდუხტ დედოფლის ხელისუფლება ნომინალურია, რეალურად კი მას ქართლის დიდი აზნაურები ტბელები, ძამელები, ფხვნელები, ფავნელები და კორინთლები განაგებენ. ბაგრატის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ქავთარ ტბელი უდგას, რომლის საგვარეულოც ამ დროს შიდა ქართლის ერისთავობაზე აცხადებს პრეტენზიას. მოღრისთან ბრძოლაში ბაგრატმა გაიმარჯვა და დედისაგან უფლისციხე ჩაიბარა. დანიშნა თუ არა ვინმე ბაგრატმა ქართლის ერისთავის თანამდებობაზე, უცნობია.
საქართველოს სამეფო
რედაქტირებაXI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ქართლის ერისთავი არის ივანე აბაზისძე (აბაზისძეთა გვარი ტბელების განშტოება იყო). აბასძეთა დახლი დაუპირისპირდა ბაგრატ IV-ს და ამ ბრძოლაში დაკარგა ქართლის ერისთავობა. XII საუკუნეში ქართლის ერისთავობა მიიღეს ორბელებმა, ხოლო, ორბელთა აჯანყების შემდეგ (1177) გიორგი II-მ ქართლის ერისთავობა გადასცა სურამელთა საგვარეულოს, რომელიც ამ ხელის მფლობელად ჩანს XIV საუკუნის დასაწყისამდე. წყაროებში უკანასკნელ ქართლის ერისთავად იხსენიება ამადა სურამელი, მაგრამ „ძეგლი ერისთავთას“ ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელშიც მოთხრობილია გიორგი VII-ის დვალებთან შებრძოლების ამბავი (1403), ნახსენებია ვინმე ერისთავი სურამელი, რომელიც წინამძღოლობდა არაგვის ხეობის მთიულებს „დარიალამდის“. რადგან „სურამელი“ ქართლის ერისთავთა ტრადიციული საგვარეულო სახელია, ამ ცნობაზე დაყრდნობით, მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს ქართლის საერისთავოს არსებობას XV ს-მდე, თუმცა, „სურამელი“ ამ დროისათვის უკვე სხვა საგვარეულოებშიც ჩნდება საკუთარ სახელად და მისი მოხსენიება წყაროში ქართლის ერისთავთა არსებობის მტკიცე საბუთად ვერ გამოდგება. ქართლის ერისთავი, მხოლოდ როგორც თანამადებობა, XV ს-ის მეორე ნახევარში ორიოდ საბუთის მოხელეთა ჩამონათვალში ისევ მოიხსენიება.
მონღოლთა შემოსევების შემდეგ ქართლის საერისთავოს გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.).
ქართლის ერისთავები
რედაქტირებაქართლის ერისთავები | |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სახელი | წლები | შენიშვნები | |||||||
ივანე ტბელი | 904/914–923 | ||||||||
კონსტანტინე ანჩაბაძე | 923–926 | ||||||||
ლეონ ანჩაბაძე | 927–957 | ||||||||
პატრიკ ტბელი | 957–960 | ||||||||
ივანე ტბელი | 960–967 | ||||||||
ივანე მარუშისძე | 978 წლამდე | ||||||||
ბაგრატ ბაგრატიონი | 975–978 | ||||||||
გურანდუხტი | 978–980 | ||||||||
იოანე ბაკურ ყანჩაელის ძე | 980 წლის მერე | ||||||||
ივანე აბაზასძე | 1020-იანები–1045 | ||||||||
ლიპარიტ IV ბაღვაში | 1045-1048, 1051-1057 | ||||||||
ივანე ბაღვაში | 1057–1073 | ||||||||
ლიპარიტ ორბელი | 1160-იანი–1177 | ||||||||
რატი I სურამელი | 1177–1185; 1187–1210 | ||||||||
აბულასანი | 1185–1187 | ||||||||
რატი I სურამელი | 1187–1210 | ||||||||
სულა სურამელი | 1210–1125 | ||||||||
გრიგოლ სურამელი | 1125–1260-იანები | ||||||||
ბეგა II სურამელი | 1260–1290-იანები | ||||||||
ჰამადა სურამელი | 1290-იანები |
სქოლიო
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლეონტი მროველი – „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.) გვ. 25.
- ჯუანშერი – „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.) გვ. 241
- „მატიანე ქართლისაჲ“, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით (ტომი I, 1955.) გვ. 267, 268, 272-275
- შოშიაშვილი, ნ. (1980). „ქართული წარწერების კორპუსი: ლაპიდარული წარწერები: I“, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო V-X სს.. თბილისი: მეცნიერება, გვ. 176, 142, 193.
- დოლიძე, ი. (1965). „ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - საერო საკანონმდებლო ძეგლები (X-XIX სს.)“, „ძეგლი ერისთავთა“. თბილისი, გვ. 117.
- ლორთქიფანიძე, მარიამ (1973). ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა , საქართველოს ისტორიის ნარკვევები (სინ). თბილისი, გვ. 521.
- ენუქიძე, თინათინ; ლომინაძე, ბაბილინა (2013). რედ. მზია სურგულაძე: „ქართული ისტორიული საბუთები“ - XIV-XV საუკუნეები. თბილისი, გვ. 116, 178.
- ნინიძე (1989). XIV საუკუნის დამდეგის საქართველოს ისტორიის რამდენიმე ისტორიულ-ქრონოლოგიური საკითხი, თსუ შრომები, N 283, 1989. გვ. 44.
- არახამია, გონელი (1988). ძველი ქართული საგვარეულო მატიანეები. თბილისი: მეცნიერება, გვ. 132-133.
- ბახტაძე, მიხეილ (2003). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბილისი: არტანუჯი, გვ. 131-132, 134-135, 173.. ISBN 9992899158.