ბეგა II სურამელი (დ. დაახლოებით 1225 ― გ. XIII საუკუნის ბოლო) — ქართველი დიდი ფეოდალი, ერისთავთერისთავი, ქართლის ერისთავი.

საქართველოს მეფეების: დავით VI ნარინის, დავით VII ულუს, დემეტრე II-ისა და დავით VIII-ის კარის მოხელე-ვეზირი, მსახურთუხუცესი, გრიგოლ სურამელის ძე. სურამელი იყო თანშეზრდილი უფლისწულ დავით რუსუდანის ძისა, რომელსაც 1242/1243 სხვა ქართველებთან ერთად გაჰყვა ურდოში (ჯერ ბათო-ყაენთან, ხოლო იქიდან - ყარაყორუმში, დიდ ყაენთან). საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ორმეფობის დროს (1247 - 1259), ბეგა თავის მამასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1259 დასავლეთ საქართველოში გაჰყვა მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებულ დავით VI-ს. 1260, მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ის დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში, შეურიგდა მონღოლებს და მიიღო ულუ დავითისაგან მამის ორივე სახელო: ქართლის ერისთავობა და მსახურთუხუცესობა. ამ სახელოებს ის ფლობდა სიკვდილამდე (შემდეგ ისინი ებოძა მის უფროს ვაჟს ჰამადას). ჟამთაღმწერლის ცნობით, მონღოლები ბეგას უწოდებდნენ "სალინ-ბეგს", ე. ი. კარგ ბეგას.

ბეგას ასული ხუაშაქი იყო ლიხთ-იმერეთის მანდატურთუხუცეს ბედიან-დადიანის მეუღლე. ხუაშაქი და მისი მეუღლე იხსენიებიან მარტვილისა და ხობის ხატების წარწერებში. ბეგას ვაჟები ჰამადა, რატი, მიქელი, დემეტრე II-ისა და დავით VIII-ის დროის აქტიური პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 9, გვ. 609, თბ., 1985