ჟინვალი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟინვანი)

ჟინვალი, ჟინვანიდაბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირას, საქართველოს სამხედრო გზაზე. დაბის სტატუსი აქვს 1976 წლიდან. სადაბო საკრებულოს ცენტრი (შედის ჟინვალი, სოფლები: არანისი, ბზიკურთკარი, ბოდავი, გუდრუხი, ეთვალისი, ზემო ხორხი, თვალივი, ლაუშა, მენესო, ნეძიხი, სონდისველა, სწროფავი, უბანი, ფუძნარი, ქვემო ხორხი, ჩინთი, ხარტიშო, ხირაუშა). განლაგებულია ჟინვალის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 760 მ სიმაღლეზე. დუშეთიდან 15 კმ, თბილისიდან 54 კმ.

დაბა
ჟინვალი

ჟინვალის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°06′25″ ჩ. გ. 44°46′12″ ა. გ. / 42.10694° ჩ. გ. 44.77000° ა. გ. / 42.10694; 44.77000
ამჟამინდელი სტატუსი 1976
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1828[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 346[2]
საფოსტო ინდექსი 1800[3]
ჟინვალი — საქართველო
ჟინვალი
ჟინვალი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჟინვალი
ჟინვალი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
ჟინვალი

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1828 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 3910[4]
2002 1929[4]  
2014 1828  

დაბა შეიქმნა ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყოფილი სოფელი ჟინვალი მოექცა დატბორვის ზონაში, რის გამოც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასახლდა სოფლებს არანისსა და ბიჩნიგაურთკარს შორის „ზანდუკლიანთ ნავენახარზე“ (სადაც გაშენდა დაბა ჟინვალი), მცირე ნაწილი - სოფელ ჩინთის მახლობლად, ადგილ წობენში.

ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით დაბის ტერიტორიაზე ქალაქი აღმოცენდა XII საუკუნის II ნახევარში, ხოლო დასახლებული პუნქტი გაცილებით ადრე უნდა არსებულიყო. ვახუშტის ცნობით (XVIII საუკუნე), ჟინვალი „ძველი ქალაქია“. ჟინვალის ნანგრევები XIX საუკუნის II ნახევარში აღწერა პ. იოსელიანმა. 1971 წელს ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის კომპლექსის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი), რომელმაც ფართოდ გაშლა მუშაობა დატბორვის ზონაში.

ცალკეული პერიოდების მიხედვით ჟინვალის ტერიტორიაზე გათხრილ ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს შორის საყურადღებოა: ენეოლითური ხანის ნამოსახლარები, რომელთაგან ერთი მდებარეობს სოფლის სამხრეთ ნაწილში, საქართველოს სამხედრო გზის ძველი ტრასის გასწვრივ, მეორე კი - ხერთვისში, ძველი ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. შედარებით უკეთ არის შესწავლილი პირველი, სადაც 2,5-3 მ სიღრმეზე აღმოჩნდა ერთფენიანი ნამოსახლარის ნაშთი (გ. ჩიქოვანი). ნაპოვნია ენეოლითური ხანისათვის დამახასიათებელი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხები, რიყის მოგრძო „ნატიფი“ ხელცულები (რომელთა დამუშავების ტექნიკაში იგრძნობა ნეოლითური ტრადიციების გავლენა), ობსიდიანის ანატკეცები და სხვ. განსაკუთრებით საყურადღებოა წარმართული ხატ-სალოცავი, რომელიც წყალგადამყვანი გვირაბის სათავესთან აღმოჩნდა. აქ მდგარი მცირე ეკლესიის სახელის მიხედვით გორაკს კვირაცხოველი ჰქვია. გათხრებმა (მ. ღლონტი) გვიჩვენა, რომ ფერდობის შუა ნაწილში კულტურული ფენის სისქე ზოგან 3 მ აღწევდა, ზედა ფენაში ჭარბობდა შუა ფეოდალური და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები, ხოლო ქვედაში გვხვდებოდა ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანის თიხის ნაკეთობანი. ხატ-სალოცავის ტერიტორიაზე (70×30 მ) გვხვდება კოცონთა ნაშთებიც. ხატ-სალოცავის ცენტრში იყო საგანგებოდ მოწყობილი პოდიუმიანი საკურთხეველი. მასზე აღმართული იყო თიხისაგან გამოძერწილი, რელიეფური სპირალებით შემკული ღვთაების თავის სტილიზებული გამოსახულება, რომელიც საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ქანდაკების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს.

არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ ჟინვალი შუა ბრინჯაოს ხანაშიც ინტენსიურად ყოფილა დასახლებული. საკულტო ძეგლის გათხრის დროს მცირე რაოდენობით მოპოვებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მასალაც. ჟინვალის სამაროვნის მასალა ცხადყოფს (ვ. ჩიხლაძე), რომ ახ. წ. I-VIII საუკუნეებში ჟინვალი მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. არქეოლოგიურ მასალაში გამოიყოფოდა ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი საგნები. ახ. წ. პირველი საუკუნეების ჟინვალში ქალაქური ტიპის სამოსახლოს არმოცენება მჭიდროდ არის დაკავშირებული ჟინვალზე გამავალ სავაჭრო გზებთან. კვირაცხოვლის მასალიდან (არაგვის მარცხენა ნაპირი) ჩანს, რომ I-VIII საუკუნეებში ჟინვალის ქალაქური ტიპის სამოსახლო მოიცავდა მდინარე არაგვის ორსავე ნაპირს. ჟინვალის სამაროვანზე აღმოჩენილია გვიანდელი არმაზული ხანის საკმაოდ მდიდარი ორმოსამარხები და ადრინდელი შუა საუკუნეების ქვისა და ბერტიკალურშახტიანი კატაკომბური სამარხები.

ჟინვალში მრავლადაა აღმოჩენილი განვითარებული შუა საუკუნეების ხანის ძეგლები. გამოირჩევა არაგვის მარცხენა ნაპირზე მდებარე ე. წ. ნაქალაქარი. გათხრებით დადგინდა (მ. მარგველაშვილი), რომ ნაქალაქარს ჰქონია კარიბჭიანი ზღუდე. საცხოვრებელი ნაგებობები, რელიეფის შესაბამისად, ტერასულად არის განლაგებული, ნაგებია კლდის ქვითა და დუღაბით, ზოგჯერ ტალახიცაა გამოყენებული. ტიპური კომპლექსის აუცილებელი ნაწილია საცხოვრებელი დარბაზი თავისი ერთი ან ორი დამხმარე სათავსით. თითქმის ყოველ დარბაზში არის სასურსათო ხარო, კერა, ქვევრი, ერთი ან ორი თონე, ქვის ტახტები („ხარისხები“) და სხვა ნივთები. ნაქალაქარში აღმოჩნდა ხელოსნურ წარმოებასთან დაკავშირებული მასალა (წიდები, მცირე ტიგელები, თიხის სამფეხა სადგარები, სოლების ნატეხები და სხვა), აგრეთვე 2 კერამიკული ქურა, რომელთაგან მოზრდილი XIV საუკუნეს განეკუთვნება, მომცრო - XII-XIII საუკუნეებს. ნაქალაქარში გამოიყოფა 2 ძირითადი სამშენებლო დონე. ქვედა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება, ზედა - XIV საუკუნით. ზედა დონის დიდი სამშენებლო სამუშაოები შეიძლება გიორგი ბრწყინვალის სახელს უკავშირდებოდეს. კარიბჭის სამხრეთით აღმოჩნდა (ვ. ჩიხლაძე) საქარავნო სახლის ნაშთები (80×10 მ). დასახლების აღმოსავლეთით გაითხარა ჯვარიპატიოსნის ეკლესია და სასახლის ტიპის დიდი კომპლექსი.

1971 წლიდან ნაქალაქარის ჩრდილოეთ ნაწილში ხევსურეთის გზასა და ფშავის არაგვს შორის, ითხრება განვითარებული შუა საუკუნეების შემოზღუდული ვრცელი სამაროვანი და 3 ეკლესია (ბ. ჯორბენაძე). სამაროვნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცირე წრიული ზღუდით გამოყოფილია XI-XII საუკუნეების ეკლესია, მიწისქვეშა კამაროვანი აკლდამა და რამდენიმე ათეული სამარხი. დიდი აკლდამა მიჩნეულია არაგვის ერისთავთა განსასვენებლად. დასავლეთიდან აქვს 6-საფეხურიანი ჩასასვლელი. არქეოლოგიური მასალის (მათ შორის რუსუდან დედოფლის ვერცხლის მონეტები) მიხედვით, აკლდამა აგებულია XIII საუკუნის I ნახევარში.

დიდი ეკლესიის გარშემო ორ-სამ იარუსად განლაგებული იყო ქვის ფილებით ნაგები ინდივიდუალური და კოლექტიური ქვის სამარხები, ამოშენებულკედლიანი სამარხები და მოზრდილი ცრუთაღიანი აკლდამები, რომლებიც XII-XIV საუკუნეებით თარიღდება.

ნაქალაქარის ჩრდილო-აღმოსავლეთით (1,5 კმ-ზე), არაგვის მარჯვენა ნაპირზე, გათხარეს (გ. რჩეულიშვილი) ხერთვისის კომპლექსი, სადაც გამოვლინდა ზურგიანი კოშკი, ეკლესია, მარანი, სამეურნეო სათავსები და გალავანი. ამ კომპლექსის დანიშნულება ხერთვისის ხიდის კონტროლი და ჩრდილოეთიდან ჟინვალის მიდამოების დაცვა იყო.

 
ჟინვალის წყალსაცავი.

გათხრები მიმდინარეობს ნაქალაქარის გარშემო მდებარე სოფლის ტიპის სამოსახლოებში (მღვიმე, დევებიანი, დიდრუვი, ავენისი, ბზიანის სამონასტრო კომპლექსი, გუდრუხი და სხვა). არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჩანს, რომ არაგვის ხეობის დიდ მონაკვეთზე (ფშავის არაგვზე კართანამდე, ხოლო მთიულეთის არაგვზე მენესოს ჩათვლით) გაბატონებული ყოფილა ბარის ტიპის მეურნეობა, სადაც წამყვანი ადგილი მევენახეობა-მეღვინეობას სჭერია. ამას ადასტურებს გლეხური საცხოვრისის გვერდით კარგად მოწყობილი ქვევრებიანი მარან-საწნახლების არსებობა. რუსთაველის ეპოქაში ჟინვალი წარმოადგენდა არა მარტო არაგვის საერისთავოს მესვეურს, არამედ დიდ პოლიტიკურ და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრსაც, რომელიც არეგულირებდა მთისა და ბარის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთკავშირს. მთისა და ბარის საზღვარზე, უშუალოდ არაგვის ხეობის ყელში, დიდ სავაჭრო-საქარავნო გზათა გასაყარზე აღმოცენებული ქალაქი ჟინვალი საიმედო კონტროლს უწევდა საიალაღო საძოვრებით მდიდარ „შვიდთავე მთიულეთს“, ურომლისოდაც ბარის მეცხოვრელეობა ვერ განვითარდებოდა. ფეოდალური ჟინვალის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა ნაქალაქარის თავზე წამოჭიმული ყელის ციხე, რომელსაც ხალხი თამარის ციხეს უწოდებს.

ჟინვალისა და არაგვის საერისთავოზე გამავალი გზების დაცვას ემსახურებოდა აგრეთვე სასიმაგრო ნაგებობათა მთელი სისტემა. კერძოდ, თამარის ციხის მოპირდაპირე მხარეს აღმართული წმინდა გიორგის ციხე და ამ 2 ციხის შმაერთებელი ჟინვალის უზარმაზარკოშკიანი ციხე-გალავანი.

გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმართული კოშკი აღმოსავლეთ საქართველოს გავრცელებულ ზურგიანი კოშკების ტიპს განეკუთვნება. იგი საცხოვრებელ-თავდაცვითი დანიშნულებისა იყო. მე-5 სართულზე ორივე მხარეს შვერილი აივნები ჰქონდა. შესასვლელი ჩრდილოეთით ბრტყელ მხარეს II სარტულიდან აქვს. კოშკი, ისევე როგორც სამკუთხა გალავანი, ნაგებია კირქვის დიდრონი კვადრებით და მტკიცე დუღაბით. ცისის ტერიტორიაზე გათხრილია (ზ. კალანდაძე) შუა საუკუნეების დიდი მარანი და ეკლესიის ნაშთი, რომელიც გადაუკეთებიათ გვიანდელ შუა საუკუნეებში. ზურგიანი კოშკის I სართულზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ძვირადღირებული ჭურჭლის ირანული ფაიანსის დიდძალი ნატეხები და ქვევრები.

გარდა ამ სასიმაგრო სისტემისა, ჟინვალს სამხრეთიდან იცავდა მღვიმის მთიდან არაგვისკენ დაშვებული მძლავრი კედელი,რომელშიც ჩართული იყო კარიბჭის კოშკი. ამ კოშკის ნაშთები გათხარეს 1973 წელს (ც. ლომიძე). თბილის-მცხეთიდან მიმავალი ჩრდილოეთის დიდი სავაჭრო გზის მთავარი ტრასა ჟინვალში სწორედ ამ კარიბჭით შედიოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟინვალი, არქეოლოგიური კვლევა-ძიება არაგვის ხეობაში, I, თბ., 1983;
  • რამიშვილი რ., ნაქალაქარი ჟინვალი, „ძეგლის მეგობარი“, 1978, № 47;
  • Рамишвили Р. М., Джорбенадзе В. А., Археологические исследования в зоне строительства Жинвальского гудротехнического комплекса, წგნ.: Аехеологические исслодевания на новостройках Грузинской ССР, Тб., 1976;
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2011-08-14.
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-30. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2016.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: