გუდრუხი
გუდრუხი — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში.
სოფელი | |
---|---|
გუდრუხი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჟინვალი |
კოორდინატები | 42°11′56″ ჩ. გ. 44°49′29″ ა. გ. / 42.19889° ჩ. გ. 44.82472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 960 მ |
მოსახლეობა | 53[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ფშავის არაგვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 960 მეტრზე, დუშეთიდან 22 კილომეტრში.
ძეგლები
რედაქტირება1981 და 1986–1988 არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რამინ რამიშვილი) სოფლის მიდამოებში შეისწავლა რამდენიმე ძეგლი. ძველი გუდრუხის თავზე, კონცხისებური ტყიანი მთის დავაკებულ ადგილზე („ადგილის დედა“), დგას X საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესია. ეკლესია გეგმით წაგრძელებული მართკუთხედია. აღმოსავლეთით, კედლების სწორკუთხედში, მოქცეული ნახევარწრიული აფსიდა აქვს. სარკმელი ორია, აღმოსავლეთით და სამხრეთით. საკურთხევლის წინ შემორჩენილია ჯვრის აღსამართავი კვარცხლბეკი. აფსიდის სამხრეთ კუთხეში არის კონქის თაღის შირიმის პროფილირებული იმპოსტი. დარბაზის გრძივ კედლებზე თითო განიერი, პილასტრია. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია კარი. კლდის ნატეხი ქვითა და დუღაბით ორპირად ამოყვანილ კედლებს შორის სიცარიელე წვრილი ქვითაა ამოვსებული. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები შირიმის ქვისაა. სამხრეთიდან ეკლესიას ეკვრის გვიანდელი ხანის გეგმით მართკუთხა უაფსიდო სათავსი, რომელსაც კარი დასავლეთიდან აქვს. ეკლესია და სათავსი შიგნიდან და გარედან შელესილი ყოფილა. ეკლესიას გარს არტყია კლდის ნატეხი ქვით ნაგები გალავანი, რომლის კარი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია.
ეკლესიის ეზოში შესწავლილია 23 ქვის სამარხი, რომლებიც ინვენტარის მიხედვით (მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, მძივები, ბეჭდები, ჯვარი, რკინის სამაჯური და სხვ.) XII–XIII საუკუნეებით თარიღდება. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია დიდი ნასოფლარის ნაგებობათა კედლების ქვედა წყობა, მათ შორის, ეკლესიის აღმოსავლეთით კლდის მოზრდილი ქვებით ნაგები საცხოვრებელი კომპლექსის 2 სათავსი. ერთ-ერთში გამოვლენილია ქვის ფილებით მოფენილი იატაკი, ხოლო მეორეში — ქვევრი, მართკუთხა ქვის კერა, კეცი, მოუჭიქავი და მრავალფერად მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნაგებობები XII–XIII საუკუნეებს მიეკუთვნება.
ნასოფლარის დასავლეთით, ადგილ სათაოზე, პატარა ეკლესიასთან გათხრილი სამარხები ორ ქრონოლოგიურ პერიოდს მიეკუთვნება. ქვედა ფენის ორ ორმოსამარხში მიცვალებულები მარცხენა გვერდზე იწვნენ მოკრუნჩხულ პოზაში, თავი დასავლეთისკენ ჰქონდათ. იქვე იყო III–IV საუკუნეების თიხის ხელადები, რკინის აბზინდები, დანები და სხვ. ზედა ფენაში გამოვლენილია ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები, ქვის სამარხები, ამოშენებულკედლებიანი სამარხები და აკლდამები. მათში მიცვალებულები დაკრძალული არიან ქრისტიანული წესით. საოჯახო სამარხებში ადრინდ. ჩონჩხები მიხვეტილია აღმოსავლეთ ნაწილში. სამარხებში აღმოჩენილი თიხის სასმისები, ბრინჯაოს სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, ჯვრები, მინისა და რკინის სამაჯურები და სხვ. XI–XIII საუკუნეებით თარიღდება.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 65[2] |
2014 | 53 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 295.;
- ჯორბენაძე ბ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 193.;
- Рамишвили Р. М., Гогочури Г. К., Джорбенадзе В. А. и др., Исследования в горных районах Восточной Грузии, კრ.: Археологические открытия 1986 года, М., 1988.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.