გუდრუხის სათაოს სამაროვანი
გუდრუხის სათაოს სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდრუხის სიახლოვეს, ყოფილ სოფელსა და ახალ საავტომობილო გზას შორის. თარიღდება III-IV და XII-XIV საუკუნეებით. 1986-1989 წლებში გათხრები ჩაატარა ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.
ადგილ სათაოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილას, შემორჩენილია მცირე ეკლესიის ნანგრევები, საძირკვლის დონეზე. ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით გამოვლინდა სამარხები. გათხრილია 44 სამარხი. აქედან ოთხი III-IV საუკუნეებს განეკუთვნება, ხოლო 40 XII-XIV საუკუნეებს, გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხებში გვხვდება მიცვალებულების ინდივიდუალური და წყვილადი დამარხვა მოკრუჩხულ მდგომარეობაში, მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთისკენ, 2 სამარხი წვრილი ძელებით იყო გადახურული. აღმოჩნდა თიხის ხელადები, ბრინჯაოს საყურეები, რგოლები, საკინძეები, რკინის დანები, შუბისპირი, აბზინდები.
განვითარებული შუა საუკუნეების სამარხები, გარშემოვლებული იყო გალავნით. მისი ნაშთები საძირკვლის დონეზე შემორჩენილი იყო სამაროვნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და შედგებოდა ორპირი წყობისგან. სამარხები განლაგებული იყო მეჩხრად და ზოგ შემთხვებში ორ სართულად, დამხრობა დასავლეთიდან-აღმოსავლეთითაა. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. ინდივიდუალურ სამარხებში დაკრძალულია თითო მიცვალებული, ხოლო საოჯახოში - ოცდათოთხმეტამდე, რომელთა ძვლები მიხვეტილია აღმოსავლეთით. აღნაგობითა და საშენი მასალის მიხედვით გამოიყოფა სამარხთა ხუთი ტიპი, ორმოსამარხები, ორმოსამარხები გადახურული კლდის ფილებით, ქვისსამარხები, ამოშენებულ კედლიანი სამარხები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯორბენაძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 154.