ორბელთა აჯანყება
თარიღი 1177-1178
მდებარეობა აღმოსავლეთ საქართველო
შედეგი აჯანყებულთა მარცხი
მხარეები
აჯანყებულები მეფის მომხრეები
მეთაურები
დემნა უფლისწული გიორგი III
გიორგი III-ის ფრესკა, ბეთანიის მონასტერი.

ორბელთა აჯანყება — ქართველ დიდებულ ფეოდალთა აჯანყება მეფე გიორგი III-ის წინააღმდეგ ივანე ორბელის ხელმძღვანელობით. მიმდინარეობდა 1177-1178 წლებში. აჯანყების მიზანი იყო გიორგი III-ის ძმისშვილის და ივანე ორბელის სიძის დემნა (დემეტრე) უფლისწულის გამეფება, მიზეზი — მეფის მკაცრი ცენტრალისტური პოლიტიკა, საბაბი — დემნა უფლისწულის ლეგიტიმური უფლებების დაცვა.

მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ ორბელები, ივანე ვარდანისძე, შოთა — ძე ართავაჩოს ძისა; მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი, მხარგრძელები, თორელი გამრეკელი, მემნა ჯაყელი, კაენის პატრონი ჰასანი, გრიგოლ ანელი აპირატის ძე და სხვა. შეთქმულთა ლაშქარში 3000-მდე კაცი იყო. მათ დემნა მეფედ აკურთხეს აგარის ციხეში. ფეოდალთა უმრავლესობამ მეფეს უერთგულა. განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ყივჩაღთა რაზმის უფროსმა ყუბასარმა და მეჯინიბეთუხუცესმა ჭიაბერმა. მეფის ლაშქარში იყვნენ დვალები და საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეთა მოლაშქრენი. გიორგი მეფის მოულოდნელად შეპყრობის გეგმა ჩაიშალა. მან თბილისში გამაგრება მოასწრო. ამან მემბოხეებში ყოყმანი გამოიწვია და მათ იწყეს მეფის მხარეზე გადასვლა, გიორგი III განდგომილებს დიდი პატივით იღებდა. თავდაპირველად მეფემ ამბოხებულებთან მოლაპარაკება მოინდომა, ჩანს, არ ჰქონდა გამარჯვების იმედი ან სისხლისღვრას მოერიდა, მაგრამ ივანე ორბელმა არ ისურვა. მდგომარეობის შეცვლის შემდეგ ივანე ორბელმა სამეფოს გაყოფა მოითხოვა.

მეფემ აჯანყებულებს წაართვა ციხე-სიმაგრეები და ალყა შემოარტყა ლორის ციხეს. მეამბოხეებმა დახმარებისათვის მიმართეს შაჰ-არმენსა და აზერბაიჯანის ათაბაგს, მოსალაპარაკებლად გაგზავნეს ქართლის ერისთავი ლიპარიტი, მეჯინიბეთუხუცესი ქავთარ ივანეს ძე, ანანია დვინელი. მიუხედავად იმისა, რომ ლორის ციხის ალყა რამდენიმე თვეს გაგრძელდა, აჯანყებლებს გარედან დახმარებამ ვერ მოუსწრო. აჯანყება დამარცხდა. დემნა უფლისწული ალშემორტყმული ციხიდან საბლით გადმოეშვა და პატიების სათხოვნელად მეფე-ბიძასთან გამოცხადდა. მას თვალები დასთხარეს და დაასაჭურისეს. ივანე ორბელს თვალები დასთხარეს, სიკვდილით დასაჯეს ივანეს უმცროსი ძმა ქავთარი, მისი შვილი სუმბატი, დამნაშავეთა ნაწილი საქართველოდან განდევნეს. სასჯელი მეფემ დარბაზის გადაწყვეტილებით გამოიტანა და საეკლესიო შეჩვენებით დაამტკიცა. მოღალატეთა თანამდებობანი და მამულები გიორგიმ თავის ერთგულთ დაუნაწილა.

ლიტერატურა რედაქტირება