დედოფლის მინდორი — მინდორი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარეების აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფრონეებს შორის, სოფელ არადეთიდან დასავლეთით, 3 კილომეტრზე (42°02'48.66"ჩ. გ. 43°51'37.75" ა. გ.).

დედოფლის მინდვრის სამხრეთ ნაწილში, ე. წ. არადეთის ორგორაზე, დადასტურებულია ადრინდელი და გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინისა და ანტიკური ხანის ნამოსახლარი ფენები. 1926 წელს აქ აღმოჩნდა ანტიკური ხანის საკულტო და სხვა ნივთების განძი (ოქროს საკიდი ფირფიტები მთვარის ქალღმერთისა და სხვა გამოსახულებებით, ხარის ქანდაკება, ბეჭედი, ძვ. წ. 73 წლის რომის რესპუბლიკის დენარი, ბრინჯაოს სამსხვერპლო ნიჩბები — ბატილუმები, პატერა, რელიეფით შემკული სპილოს ძვლის კოლოფი, მინის სანელსაცხებლეები და სხვა). დედოფლის მინდორზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის 2 სამაროვანი, ანტიკური ხანის და ადრინდელი შუა საუკუნეების რამდენიმე ნამოსახლარი და სამაროვანი, მდინარე ფციდან გამოყვანილი სარწყავი რუს ნაშთები. აქვე ზედაპირზე აკრეფილია აშელისა და მუსტიეს ხანის ქვის იარაღი.

1972-1976 წლებში გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი – ი. გაგოშიძე) დედოფლის მინდვრის ცენტრში აღმოჩნდა ძვ. წ. II-I საუკუნეებში ერთიანი გეგმით აგებული გრანდიოზული სატაძრო კომპლექსი (ათეშგა[1]), რომელსაც 6 ჰა ფართობი უკავია. გაითხარა 2 ტაძარი, აღმოსავლეთი და დასავლეთი სვეტებიანი კარიბჭეები, ერთ სისტემად გაერთიანებული რამდენიმე სხვა სატაძრო ნაგებობა.

კომპლექსი ორიენტირებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. შენობები ნაგებია ალიზით რიყის ქვის საფუძველზე და დახურული ყოფილა კრამიტით. ტაძრებისა და კარიბჭეების ხის სვეტებს აგვირგვინებდა თლილი ქვის ჩუქურთმიანი კაპიტელები. კომპლექსის სამხრეთ ნაწილში მდებარე მთავარი ტაძარი (46×30 მ) ე. წ. ძველაღმოსავლური ტაძრების ტიპისა. სამხრეთისაკენ გახსნილ ვრცელ სვეტებიან პორტიკს და კვადრატულ ნაოსს (300 მ²) სამი მხრიდან დერეფნების სისტემა შემოუყვება. ჩრდილოეთიდან მიდგმულია ორსვეტიანი ღია აივანი. ნაოსის ცენტრში, 4 სვეტზე დაყრდნობილი გვირგვინის ქვეშ, მოწყობილი იყო საკურთხეველი, ტაძრის კედლები შელესილი და შიგნიდან მოხატული იყო. მცირე ტაძარიც ზოგადად ამავე ტიპისაა, ოღონდ საკურთხეველი ნაოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხესთან ყოფილა და ტაძარს კრამიტის ორფერდა სახურავი ჰქონდა. სატაძრო კომპლექსის მიდამოებში აღმოჩენილია მისი თანადროული ნასოფლარები, სადაც სავარაუდოდ ტაძრის მსახურნი სახლობდნენ. ტაძრები ხანძრის შედეგად დანგრეულა პირველ საუკუნეებში. როგორც ირკვევა, დედოფლის მინდორი ანტიკური ხანის ქართლის სამეფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმართული სატაძრო ცენტრი იყო.

კომპლექსში დიდი და მცირე ტაძრის გარდა 6 სხვა მცირე ტაძარი, კარიბჭეები, ტაძრის მსახურ-ქურუმთა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი, ყორღანული სამაროვანი და სხვადასხვა ნაგებობები შედის.

დედოფლის მინდორზე მოპოვებული მასალა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

დედოფლის მინდორს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

ნაგებობები

რედაქტირება

კომპლექსის ძირითად ბირთვს წარმოადგენს ცენტრალური კვადრატული ეზო. რომლის ოთხივე მხარეს, ცენტრალურ არეებში აგებულია ტაძრები და სამლოცველოები. სამხრეთის მხარეს მოთავსებულია მთავარი ტაძარი. ტაძრის მთავარი თემაა კვადრატული ოთხსვეტიანი დარბაზი, რომელსაც ახლავს, ასევე ოთხსვეტიანი კარიბჭე. დარბაზში სვეტებს შორის მოწყობილი იყო საკურთხეველი. დარბაზი დახურული ყოფილა ბანური სახურავით[3]

ცენტრალური ეზოს სამხრეთის მხარეს — ცენტრში, მთავარ ტაძარს ედგმის მცირე ზომის გახსნილი, ორსვეტიანი სამლოცველო. სვეტები აქაც ხისა ყოფილა. ცენტრალური ეზოს ჩრდილოეთ მხარეს გამართულია მცირე ტაძარი კარიბჭით, რომელიც იმეორებს სამხრეთის სამლოცველოს კარიბჭეს. ტაძარი დახურული უნდა ყოფილიყო ორქანობიანი კრამიტის სახურავით. ეზოს დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლების ცენტრში მოთავსებულია ერთნაირი ტაძრები. დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსი თარიღდება ძვ. წ. I - ახ. წ. I საუკუნეებით. იგი დაფუძნებულია აღმოსავლურ საკულტო არქიტექტურის ტრადიციებზე და დაკავშირებულია ნაყოფიერების იდეასთან, ხოლო არქიტექტურაში გამოკვეთილია "ცეცხლის ტაძრის" ელემენტები.[3]

ტემენოსი

რედაქტირება

ადგილი, სადაც ტემენოსი აღმოჩნდა, წმინდა გიორგის ნიშის სახელითაა ცნობილი. მართკუთხედის ფორმის (255X150 მ) ყველა ნაგებობა გრძივი ღერძით მიმართულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. მისი ცენტრალური ნაწილი უკავია შიდა ეზოს (105X105 მ), რომელსაც სამხრეთიდან ესაზღვრება მთავარი ტაძრის ჩრდილო კარიბჭე, ჩრდილოეთიდან – მცირე ტაძარი, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან — კარიბჭეეები.

მთავარი ტაძარი

რედაქტირება

მთავარი ტაძარი სწორკუთხა გეგმისაა (46X30 მ). მისი კედლები ნაგებია ალიზით რიყის ქვის საფუძველზე. კედლები ორი მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. შელესილია ბზენარევი თიხის ხსნარით. ტაძრის ბირთვს შეადგენს ოთხსვეტიანი კვადრატული დარბაზი აღჭურვილი ასევე ოთხსვეტიანი ფართო კარიბჭით. ტაძრის იატაკი თიხითაა მოსწორებილი.

მცირე ტაძარი

რედაქტირება

შიდა ეზოს ჩრდილოეთის მხარეს, ცენტრში დგას მცირე ტაძარი. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან, ორსვეტიანი კარიბჭიდანაა. ტაძრის ცენტრში იდგა ქვის კაპიტელით დაგვირგვინებული ერთი სვეტი. საკურთხეველი მოწყობილი იყო სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან. შემორჩენილია თიხატკეპნილი ბაქანი, მაგრამ უფრო მომცრო. ტაძარი გადახურული იყო კრამიტის ორფერდა სახურავით.

სამი ტაძარი

რედაქტირება

მცირე ტაძრის აღმოსავლეთით და დასავლეთით კედლებით ყოველმხრივ შემოზღუდული და ერთმანეთისაგან გამოყოფილი სამ-სამი ეზოა. ტემენოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სიმეტრიულად სამ-სამი კედლით გამოყოფილი სამი ნაგებობაა მოთავსებული (13X20 მ), თითოეული მათგანი შედგება კვადრატული ოთახის, ოთახის დასავლეთით მდებარე დერეფნის და სამხრეთის მხარეს ღია პორტიკისაგან. ტაძრებს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აკრავს ეზოები. ყოველი მეზობელი ტაძრის ეზო ერთმანეთთან გასასვლელითაა დაკავშირებული. ტემენოსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის სიმეტრიულია და იქაც სამი სატაძრო კომპლექსი გამოვლინდა.

კარიბჭე (20X22 მ) ორია, ისინი მდებარეობენ შიდა ეზოს აღმოსავლეთითა და დასავლეთით. თითოეული შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული ორ-ორი დიდი და მცირე პორტიკისაგან. დიდი პორტიკები ოთხსვეტიანია და გახსნილია გარეთ. მცირე პორტიკები კი ორსვეტიანია და ეზოში გადის. მცირე პორტიკების ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა სათავსებია, რომლებიც კარით უკავშირდებიან პორტიკს. გარეთა პორტიკების კაპიტელებზე ამოკვეთილია ნახევარწრიული ღეროებით ერთმანეთთან დაკავშირებული ლოტოსის სამფურცლიანი პალმეტები და მათ შორის ჩასმულია ექვსფურცლიანი ვარდულები.

ქურუმთა სამოსახლო-სამეურნეო ნაგებობები

რედაქტირება

სატაძრო კომპლექსის აღმოსავლეთით, უშუალოდ მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოვლინდა რიყის ქვით ნაგები კედლების ნაშთები, ძვ. წ. II-I საუკუნეების კერამიკული ნაწარმი და სხვ. სავარაუდოდ აქ მდებარეობდა ტაძრის ქურუმთა სამოსახლო და სამეურნეო ნაგებობები. ამავე მიმართულებით ტემენოსიდან 1 კმ მანძილზე დაბალ ბორცვზე აღმოჩნდა ელინისტური ხანის დასასრულის სასახლის ტიპის შენობის ნაშთები და ამავე ხანის სამაროვანი. ნაგებობა გადახურული იყო წითლად შეღებილი კრამიტით.

მონების დასახლებები და სამაროვნები

რედაქტირება

სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო

რედაქტირება

ტემენოსის ჩრდილო-აღმოსავლეთით 400 მ მანძილზე გამოვლინდა ძვ. წ. II-I სს. ტაძრის კუთვნილი სახელოსნოები და მონა-ხელოსანთა სამოსახლო. აქ გაითხარა ორი ქურა: ერთი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი კამაროვანი ქურა, რომელშიც აღმოჩნდა კერამიკული სადგარები და ჭურჭლის ნამტვრევები; მეორე კერამიკული სწორკუთხა ქურა, რომელსაც სავარაუდოდ კრამიტის გამოსაწვავად იყენებდნენ. ქურების სიახლოვეს მიკვლეულია თიხის კარიერი.

ნასოფლარი

რედაქტირება

სატაძრო კომპლექსის ირგვლივ მიკვლეულია რამდენიმე გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნასოფლარი და სამაროვანი. გაითხარა რიყის ქვის ნაგებ ნახევრად მიწურ შენობათა ნაშთები, ნაპოვნია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა. ნაპოვნია წითლად და შავად გამომწვარი კერამიკა, ხელსაფქვავები, კირქვის ბონომის ფრაგმენტი, წისქვილის დოლაბი, ფერადი ქვისა და მინის მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები და სხვა სამკაული. ნაპოვნია აგრეთვე ბრინჯაოს კოლხური ცული და ძვ. წ. VII-V საუკუნეების რამდენიმე სხვა არქეოლოგიური ნივთი.

ყორღანული სამაროვანი

რედაქტირება

სატაძრო კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ე.წ. დამპალას წყაროსთან, 600 მეტრზე მდებარეობს გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამაროვანი. ორ დაზიანებულ სამარხში აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულის ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

დედოფლის მინდორზე ზედაპირულად აიკრიფა და გათხრების დროს გამოვლინდა ძვ. ქვის ხანის (უპირატესად გვიანდელი აშელური და მუსტიერ) კაჟის, არგილისთისა და ბაზალტის იარაღები და ანატკეჩები, მათ შორის ორი აშელური ხელნაჯახი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაგოშიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 351.
  • გაგოშიძე ი., წარმართული ტაძარი დედოფლის მინდორზე, ძეგლის მეგობარი, გვ. 70-78, 1974, N35
  • ციციშვილი ირ., ქართული ხელოვნების ისტორია, გვ. 27-28, თბ., 1995
  • აბრამიშვილი გ., ზაქარაია პ., ციციშვილი ირ., ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია, თბ., 2000

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება