კოლხური ცული
კოლხური ცული, გვიანდელი ბრინჯაოსა და რკინის ხანის (ძვ. წ. XV-VI სს.) კოლხური კულტურის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრული ბრინჯაოს იარაღი, რომელსაც ექვსწახნაგა ტანი და წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი აქვს. კოლხური ცულის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია მოცემული აქვთ რ. ვირხოვს, ე. შანტრს, პრასკოვია უვაროვას, ფ. პანჩარს, ოთარ ჯაფარიძეს, ე. კრუპნოვს, დ. ქორიძეს და ბ. ტეხოვს.
კოლხური ცული უნივერსალური იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად. გრაფიკული დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. კოლხურმა ცულმა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზე იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და არსებითად არ შეცვლილა. კოლხური ცული გვხვდება სამარხებში (თლი, ყობანი, პალური, მუხურჩა, ყულანურხვა, ოჟორა), განძებში (ორდუ, ბიჭვინთა, ლიხნი, ოყურეში და სხვა). სულ 100-ზე მეტი განძია. ნაწილი შემთხვევითაა აღმოჩენილი. ყველაზე ადრეული კოლხური ცულის შემცველი განძებია ურეკის, პილენკოვოს, ბიჭვინთის, გაგრის ერგესი, მახუნცეთისა და სხვა. ძვ. წ. IX საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება გრაფიკული დეკორით შემკული საომარი საკულტო კოლხური ცულებიც. დეკორი პლასტიკურ ფორმასთან ორგანულადაა შერწყმული. სხვადასხვა ზომის წახნაგზე დეკორი სიმეტრიულადაა განაწილებული და ერთ მთლიან კომპოზიციად აღიქმება. გამოსახულია ირემი, ცხენი, ძაღლი, გველი, თევზი, ბაყაყი, ფრინველი, სვასტიკა, ჯვარი, ვარსკვლავი და სხვა. ყუის თავზე ზოგჯერ მოთავსებულია სკულპტურული გამოსახულება. კოლხური ცულის გრაფიკულ დეკორში ასახულია უძველესი ქართული რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები.
გრავირებული კოლხური ცულები (ძვ. წ. IX ს.) ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად აღმოჩნდა 1869 წელს ყობანში (ჩრდილოეთი ოსეთი). აღმოჩენის ადგილის მიხედვით ეწოდა ყობანური ცული, ხოლო შესაბამის კულტურას - ყობანური კულტურა. შემდეგ წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მიკვლეულია კოლხური ცულის ყველა ფორმა (ძვ. წ. XV-VI სს.), მ. შ. ყობანში აღმოჩენილი ცულის ვარიანტიც. აღსანიშნავია, რომ კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი (თაგილონის განძი, თელოვნის განძი), 30-იან წლებში მას კოლხური ცული უწოდეს. დაადგინეს (ბ. კუფტინი, ო, ჯაფარიძე, დ. ქორიძე, თ. მიქელაძე), რომ ამ ცულების სამშობლო კოლხეთია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფანცხავა ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 598.
- მიქელაძე თ., ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II-I ათასწლეულები), თბ., 1974;
- ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965;
- „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 133-134.
- ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16B;
- Техов Б. В., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1971;
- Куфтин Б. А., К вопросу о древнейших копиях грузинской культуры на Кавказе по данным археологии, იქვე 1944, ტ. 12B;