თაგილონის განძი
თაგილონის განძი, 1. ძვ. წ. XI-X საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩნდა სოფ. თაგილონში (გალის რაიონი), მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირას. ბრინჯაოს ქვაბში ეწყო კოლხური ცულის ჩამოსასხმელი სპილენძის ორსაგდულიანი ყალიბი, მეორე ასეთივე ცულის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ბრინჯაოს დიდი სეგმენტური იარაღი, კოლხური ცული და ფირფიტის ნატეხი.
2. I-II საუკუნეების მდიდრული სამარხის ინვენტარის ნაწილი. სამარხი მამაკაცისა იყო, აღმოჩნდა შემთხვევით 1930 წელს სოფ. თაგილონის მახლობლად. აღმოჩენილი ნივთებიდან შემორჩა ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ნაწილები, მახვილის (ან სატევრის) ვადის ოქროს გარსაკრავები, რკინის ლაგამი, სარტყლის ან ცხენის ავშარის შესამკობელი ოქროს გავარსიანი მძივი, ირმის სარიტუალო ოქროს ქანდაკების თავი, ვერცხლის 14 ჭურჭელი და მათი ნატეხები (ცილინდრული, ნახევარსფერული და კვერცხისებრი სასმისები, ქუსლიანი და ორყურა თასები, ლამბაქი, ლანგრებისა და ემბლემიანი პინაკის ნატეხები და სხვა). ვერცხლის ჭურჭელი I საუკუნის რომაული პროვინციული ნაწარმია და ბოსკორეალესა და ჰილდესჰაიმის განძების ჭურჭლის მსგავსია. თაგილონის განძის ოქროს ნივთების უმრავლესობა მდიდრულადაა შემკული ცვარათი და ფერადი თვლებით. მსგავსი ოქროს ნაწარმი ცნობილია ჩრდილოეთი კავკასიისა და ყუბანისპირეთის ადრინდელი სარმატული სამარტებიდან. თაგილონის განძში აღკაზმულობისა და აბჯრის აღმოჩენა გვიჩვენებს მის სიახლოვეს სარმატულ სამყაროსთან.
სავარაუდოა, თაგილონში აღმოჩენილი სამარხი ეკუთვნის სოციალური დიფერენცირებული საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენელს და ასახავს კულტურის ელემენტთა იმ გადაადგილებასა და მჭიდრო კონტაქტებს, რაც, ანტიკური წერილობითი წყაროებით, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე I საუკუნეში ივარაუდება. ორივე განძი დაცულია ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 558.
- ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1963;
- Амиранашвили А. И., Новая находка в низовьях реки Ингура, Тфл., 1935;
- Иессен А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. академии истории материальной культуры», 1935, в. 120;