კოლხური კულტურა
კოლხური კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს — ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი), არქეოლოგიური კულტურა. გავრცელებულია ძვ. კოლხებისა და სხვა დასავლეთის ქართული ტომების (სასპერები, ტიბარენები, მაკრონები, მოსხები, მოსინიკები და სხვა) მიწა-წყალზე (დასავლეთი საქართველო, მტკვრისა და ჭოროხის წყალგამყოფი მთიანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი და ქ. ორდუმდე). უმთავრესად ცნობილია მაღალგანვითარებული ბრინჯაოს წარმოებით და მხატვრული ხელოსნობით. აღმოჩენილია სპილენძ-ბრინჯაოს ნაკეთობათა მრავალრიცხოვანი ე. წ. მდნობელთა და ლითონის ნივთიერებით მოვაჭრეთა განძები, სამარხეული ინვენტარი და მრავალი შემთხვევითი მონაპოვარი.
სამაროვნები შესწავლილია აფხაზეთის სანაპიროზე: ეშერის, კიურდერეს, პრიმორსკოეს ქვევრსამარხ-ოსუარიუმები, მეგუძირხვის და ყულანურხვის ორმოსამარხები (მ. თრაფში), სოხუმის მთის კომპლექსები (ა. კალანდაძე), რაჭაში ბრილის ორმოსამარხები, ქვაყუთები და თავისებური კრემაციული კოლექტიური სამარხები (გ. გობეჯიშვილი). კოლხეთის დაბლობზე (პალურის, მუხურჩის, ნიგვზიანის, გორაძირის) კოლექტიური სამაროვნები მეორადი დაკრძალვით (ან კრემაციით) და სხვა. კოლექტიური სამარხები განეკუთვნება კოლხური კულტურის ბოლო საფეხურს (ძვ. წ. VIII-VI სს.). მათში კოლხური ბრინჯაოს გვერდით მრავლადაა იმპორტული ნივთები, რაც კოლხეთის ფართო საგარეო ვაჭრობაზე მიუთითებს. ამ დროს საგრძნობლად მატულობს რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დამზადება. კოლხეთში გვიან ხანამდე რკინასთან ერთად ბრინჯაოს არსებობა აიხსნება ბრინჯაოს ინდუსტრიის ღრმა ტრადიციებითა და ფერად ლითონთა მდიდარი საბადოების სიმრავლით. სპილენძის მადნის ძვ. გამონამუშევრები შესწავლილია რაჭაში (გ. გობეჯიშვილი), მიკვლეულია აფხაზეთში, სვანეთში, აჭარაში. სამოსახლო ბორცვები და ნასოფლარები ცნობილია კოლხეთის დაბლობზე. დიხაგუძუბა (ა. ჟანტურია, ნ. ხოშტარია), ნაოხვამუ (გ. ნიორაძე), დაბლაგომი (ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია), ნოსირი (დ. ქორიძე), ჭალადიდი, მუხურჩა, ნამჭედური და სხვა. მათი ზოგიერთი ფენა კოლხური კულტურის საფეხურს განეკუთვნება, შეიცავს ძალურ და თიხალესილ ნაგებობათა ნაშთებს, კერამიკას, ქვისა და ძვლის სამეურნეო იარაღსა და ხელსაწყოს, ცხოველთა ძვლებს და სხვა. ნაწარმთა ნარჩენებს, განძებისა და სამარხებისათვის დამახასიათებელი ნივთები ნამოსახლარებში იშვიათია, სამარხებში კი მცირეა ნამოსახლარისათვის ტიპური ჭურჭელი.
კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელია კოლხური ცულები, თოხები, სეგმენტური იარაღი, წალდები, ნამგლები, მოკლე შუბისპირები, ე. წ. ალისებური და მოგრძო ფოთლისებური სატევრისპირები, გორდაპირიანი და კოტებიანი ბრტყელი ცულები, მშვილდ-საკინძები, აბზინდები, სარტყლები, სამაჯურები, საკისრე, საწვივე და მასიური რგოლები, საკიდები, სიტულის ტიპის ჭურჭელი, სტატუეტები, ჩამოსასხმელი ყალიბები და სხვა. ნაკეთობანი ხშირად შემკულია გრაფიკული მოხატულობით, ზოგჯერ კი კოლხების რელიგიურ-იდეოლოგიური წამოდგენების გამომხატველი სკულპტურული გამოსახულებით. ნამოსახლარებზე აღმოჩენილია შავი, მონაცისფრო და მოწითალო თიხის ჭურჭელი. გვიანდელი ხანის ფენებსა და სამარხებში ჩნდება ყურმილიანი ხელადები, მაღალფეხიანი და ვიწროძირიანი სასმისები და სხვა.
კოლხური კულტურას გენეტიკური კავშირი აქვს წინა და მომდევნო ხანის კულტურებთან, ამიტომ, ფართო გაგებით, იგი მოიცავს უფრო დიდ პერიოდს, ვიდრე მხოლოდ კოლხური ბრინჯაოს აყვავების ხანაა. კულტურის ლოკალურ თავისებურებათა მიხედვით გამოიყოფა მსხვილი მეტალურგიური ცენტრები: აფხაზეთი, ჭოროხის აუზი, კოლხეთის დაბლობი (რიონის ჩრდილოეთით), კოლხეთის ბაღის აღმოსავლეთი (რიონის შუაწელის აუზი) და ყვირილის აუზი. არსებობს უფრო ვიწრო საწარმოო რაიონებად დაყოფის ცდაც. სამიწათმოქმედო იარაღის სიჭარბე ბარის რაიონებში გამოხატავს ამ რაიონთა მეურნეობის სპეციფიკას. კოლხური და მისი თანადროული აღმოსავლეთი ქართული კულტურა შეხვედრის ოლქებია მესხეთი და შიდა ქართლი, სადაც განძებსა და სამარხებში გვხვდება შერეული კომპლექსები. კოლხური ბრინჯაოს ცალკეული ნიმუშები აღმოჩნდა უფრო შორსაც (აღმოსავლეთი საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთი კავკასია, უკრაინა, ცენტრალური ანატოლია). კოლხური კულტურას უკავშირდება ყობანური კულტურა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კალანდაძე ა., სოხუმის მთის არქეოლოგიური ძეგლები, სოხ., 1953;
- საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
- ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965;
- ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, „ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1950, ტ. 16B;
- Иессен А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, „Известия Гос. академии истории материальной культуры“, 1935, в. 120;
- Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 1-2, Тб., 1949-1950;
- Лукин А. Л., Материалы по археологии Бзыбской Абхазии, „Труды Ордела истории первобытной культуры Гос. Эрмитажа“, 1941, т. 1;
- Техов Б. З., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1970;
- Трапш М. М., Памятники колхидской культур в селе Куланурхва Абхазской АССР, Сух., 1962;
- გოგაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 597-598.