ტიბარენები — სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კოტიორასა და პონტოს მთებს შორის მობინადრე ძველი ტომები. ბერძენ-რომაელი და ბიზანტიელი მწერლების ცნობით ტიბარენების აღმოსავლეთით მოსინიკები ცხოვრობდნენ, დასავლეთით - ხალიბები, და ლევკოსირები, სამხრეთით - მოსხები. ტიბარენების სახელწოდების რამდენიმე პარალელური ფორმაა დადასტურებული (ტიბარები, ტიბარანები, ტაბერენები). ქართველი მკვლევრები ტიბარენებს დასავლურ-ქართველურ ტომთა რიცხვს მიაკუთვნებენ. ჰეროდოტეს ცნობით, მოსხებთან, მაკრონებთან, მოსინიკებთან და მარებთან ერთად ტიბარენებს აქემენიდთა სპარსულ სამეფოს მე-19 სატრაპიაში შედიოდნენ და მათთან ერთად ყოველწლიურად იხდიდნენ 300 ტალანტს. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსე I-ის ლაშქრობაში საბერძნეთზე, ტიბარენებსა და მოსხებს წინამძღოლობდა არიომარდე. ტიბარენებს მოსხების მსგავსი სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ. ქსენოფონტის მიხედვით, რომელიც თავისი აღწერილი ამბების თვითმხილველი იყო, ტიბარენებს შავი ზღვის სანაპიროზე არცთუ ძლიერად გამაგრებული დასახლებები ჰქონიათ. ქსენოფონტი იხსენიებს აგრეთვე ტიბარენების ქვეყანაში მდებარე ელინურ ქალაქს კოტიორას, რომელიც სინოპელთა მიერ დაარსებული ახალშენი ყოფილა. ტიბარენების მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მესაქონლეობას.

ტიბარენები არგონავტების მოგზაურობის აღმნიშვნელ რუკაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხაზარაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 713.
  • ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 285.