ხალიბები — სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტომთა ერთი ჯგუფის სახელწოდება ანტიკური ხანის მწერლების ცნობებში. ხალიბები იხსენიებიან ძირითადად დასავლეთ-ქართული ტომების (კოლხები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მაკროკეფალები,ხალდები და სხვა) გარემოცვაში. ქსენოფონტთან და სტრაბონთან ხალიბების სინონიმად არის მიჩნეული „ხალდები“, რომლებსაც VIII საუკუნის სომხური „გეოგრაფია“ ჭანებთან აიგივებს. ამიტომ ჩვეულებრივ ხალიბებსაც დასავლურ-ქართულ ტომებად მიიჩნევენ.

ხალიბები არგონავტების მოგზაურობის აღმნიშვნელ რუკაზე.

ანტიკური ხანის ავტორები ხალიბებს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვადასხვა რაიონში ათავსებენ. ჰეროდოტეს ერთი ცნობის მიხედვით, რომლის მართებულობა სპეციალისტთა შორის დავას იწვევს, ისინი თითქოს მდინარე ჰალისის დასავლეთითაც სახლობდნენ. ზოგი ავტორის მიხედვით, ხალიბები ტრაპეზუნტის დასავლეთით ზღვისპირა ზოლში სახლობდნენ, ზოგის მიხედვით კი ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მთიანეთშიც. სტრაბონის აზრით ხალიბები ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის სამხრეთით მდებარე მთიანეთში ცხოვრობდნენ და თვით ფარნაკიაც ხალიბების მიწა-წყალზე მდებარეობდა.

ანტიკურ სამყაროში ხალიბებს თვლიდნენ რკინის გამომგონებლებად და გამოცდილ მეტალურგებად. აშკარაა ამ სახელწოდების კავშირი ბერძნულ ტერმინთან „ხალჲუფს“ (რკინა), თუმცა შესაძლებელია ეს ტერმინი კი არ მომდინარეობდეს ხალიბების სახელიდან, არამედ თვითონ სახელწოდება „ხალიბი“ იყოს განვითარებული ამ ტერმინიდან, რკინის დამუშავებით განთქმული აქაური ტომების აღსანიშნავად.

ლიტერატურა

რედაქტირება