ელინიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ელინისტური ხანა)

ელინიზმი — პირობითი ცნება, რომელიც მოიცავს გარკვეულ ისტორიულ ეპოქას ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებიდან (ძვ. წ. 323 წ.) რომაელთა მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი სახელმწიფოს - პტოლემეების ეგვიპტის - დაპყრობამდე (ძვ. წ. 30 წ.).

ბერძნული ტერიტორიები არქაიკულ პერიოდში

ბერძენ-მაკედონელთა პოლიტიკური ექსპანსია ძველ საქართველოს (იბერია, კოლხეთის სამეფო) არ შეხებია. იგი დარჩა „ელინისტური ოიკუმენეს“ (ანუ ელინიზმის ეპოქის ანტიკური სამყაროს) ფარგლებს გარეთ, თუმცა ელინისტურ სამყაროსთან პოლიტიკურმა კონტაქტებმა, სავაჭრო-ეკონომიკურმა და კულტურულმა ურთიერთობამ გარკვეული გავლენა იქონია იბერიისა და კოლხეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე, პოლიტიკურ წყობაზე, კულტურასა და იდეოლოგიაზე. ქართლის სამეფოს დამაარსებელმა ფარნავაზ I-მა (ძვ. წ. III საუკუნე) სახელმწიფო ორგანიზაცია და ფინანსური კონტროლი სელევკიდური სირიის მსგავსად განაწესა: ძველი ქართლის ათასისთავი მასზე დაქვემდებარებული ფისკალური ერთეულით ელინისტური აზიის ქილიარქიებს (უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა) შეესატყვისებოდა. ელინისტურ მონარქ-დესპოტთა მსგავსად ფარნავაზმა თავი ღმერთად გამოაცახადა, მაგრამ მათგან განსხვავებით, იგი რომელიმე ბერძნულ ღვთაებას კი არ განასახიერებდა, არამედ ქართველთა უზენაეს ღვთაებას – არმაზს.

ელინიზმის ეპოქაში საქართველოზე გადიოდა ერთ–ერთი დიდი მსოფლიო სავაჭრო სატრანზიტო მაგისტრალი, რომელიც დასავლეთის ქვეყნებს აღმოსავლეთთან აკავშირებდა. ამ გზით საქართველოს სხვადასხვა ოლქში ვრცელდებოდა ბერძნული საქონელი: მხატვრული და სამეურნეო კერამიკა, ტორევტიკისა და გლიპტიკის ძეგლები, მონეტები. საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა პროცესში აქტიურად იყო ჩაბმული როგორც ბარის, ისე მთის მოსახლეობაც, რაც ხელს უწყობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ქალაქების სავაჭრო–სახელოსნო ცენტრებად დაწინაურებას, ქვეყნის ინტენსიურ ურბანიზაციას.

დემეტრიოს I ბაქტრიელის მონეტა

გარესამყაროსთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას შედეგად მოჰყვა ელინისტური სამონეტო სისტემის დანერგვა: კოლხეთში დაიწყეს - ლისიმაქეს, ხოლო იბერიაში ალექსანდრე მაკედონელის სტატერების ოქროს მინაბაძის მოჭრა. ქალქებში ფართოდ გავრცელდა ელინისტური სამშენებლო წესები და არქიტექტურული ორდენის ელემენტები, საფორტიფიკაციო სისტემა და საკულტო თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობათა ზოგიერთი ტიპი, ქვისა და ბრინჯაოს ქანდაკებები და რელიეფები, ტერაკოტული პლასტიკა. ამზადებდნენ ბერძნული ტიპის სავაჭრო-სატრანზიტო ჭურჭელს - ამფორებს, აგრეთვე სათევზე ლანგრებს, სანელსაცხებლეებს და სხვ.

ელინისტური გავლენა შეიჭრა იდეოლოგიურ სფეროშიც: გავრცელდა ბერძნული რელიგიური კულტები და რწმენა-წარმოდგენები, რაც აისახა დაკრძალვის წესებშიც (სამარხებში მონეტების ჩატანება ქვესკნელის ბებერი მენავე ქარონის „მოსასყიდად“).

ელინისტური კულტურის გავლენა საქართველოში მაინც ზედაპირული იყო. მან უპირატესად ქალაქებსა და საზოგადოების ზედაფენებში მოიკიდა ფეხი. ამასთან მახლობელი აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ელინისტური ტრადიციები შუა საუკუნეების ქართულ კულტურასა და ხელოვნებაში არ დამკვიდრებულა და არც განვითარებულა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლორთქიფანიძე ო., ურუშაძე ა., გორდეზიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 1226-129.
  • ლორთქიფანიძე ო., „ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო“, თბილისი, 1968
  • ლორთქიფანიძე ო., „ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი“, თბილისი, 1966