გლიპტიკა (ძვ. ბერძნ. γλυπτός < γλύφω — „ამოვკვეთ, ამოვტეხ“) — დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების ერთ-ერთი სახე; ძვირფას და ნახევრად ძვირფას ქვებზე გამოსახულების ამოჭრის ხელოვნება. ამოკვეთილგამოსახულებიან ქვას გემა ეწოდება. გემას, რომელზედაც გამოსახულება სიღრმეშია ამოჭრილი, ინტალიო ჰქვია, რელიეფურგამოსახულებიანს კი – კამეა. გემას უძველესი დროიდან იყენებდნენ სამკაულად, ავგაროზად, საბეჭდავად. აკეთებდნენ რბილი (სტეატიდი, ჰემატიტი, სერპენტინი) ან მაგარი (სარდიონი, აქატი, ქალცედონი) ქვისაგან ხელით ან მბრუნავსაჭრისებიან მარტივ დაზგაზე. გლიპტიკა ძვ. წ. IV ათასწლეულში ჩაისახა მესოპოტამიასა და ეგვიპტეში.

საქართველოში აღმოჩენილი გლიპტიკური ძეგლების უძველესი ნიმუშები (მცხეთა, ვაჩნაძიანი) ძვ. წ. II ათასწლეულის წინააზიური ცილინდრული საბეჭდავებია. ამავე პერიოდში იწყება საბეჭდავთა ადგილობრივი წარმოებაც. ძვ. წ. XIV–VII სს-ში მზადდებოდა თიხის დიდი ზომის წრიული, ოვალური, სწორკუთხა, მაღალსახელურიანი ტლანქი საბეჭდავები, რომლებზედაც ამოკვეთილი იყო პრიმიტიულად შესრულებული გამოსახულებები – მეანდრი, სპირალი, სვასტიკა, კონცენტრული წრეები (ხოვლე, გუდაბერტყა, ყათლანიხევი, სამადლო, ჭოგნარი, ძევრი, შირაქი). ძვ. წ. IX–VI სს-ში გავრცელდა სხვადასხვა ფორმის დიდი ზომის ქვის (ქვიშაქვა, სტეატიტი, მარმარილო) საბეჭდავები. მათზე გამოსახულია ცხოველები, ფრინველები, ადამიანის ფიგურები (ხოვლე, ურბნისი, მცხეთა, ნატანები, ბორი).

ძვ. წ. V–III სს-ში გვხვდება ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო) დამზადებული თითზე სატარებელი ფარაკიანი საბეჭდავი ბეჭდები. ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე (საძეგური, ყანჩაეთი, კამარახევი, ალგეთი, ღრმახევისთავი, ყოღოთი, აბელია, ტახტიძირი) აღმოჩენილი ბეჭდები ძირითადად ადგილობრივია.

კოლხეთში (ვანი, ქობულეთ-ფიჭვნარი, გუადიხუ, ეშერა, დაფნარი) ნაპოვნ ნივთთაგან ჭარბობს ბერძნული სახელოსნოებში ნაკეთები ბეჭდები. ადგილობრივ ნახელავში (დაბლაგომი, ვანი, თაგილონი) შეიმჩნევა ბერძნული კლასიკური ხელოვნებისადმი სწრაფვა.

საქართველოში აღმოჩენილ ელინისტური ხანის მცირერიცხოვან გლიპტიკურ ძეგლებს შორის მნიშვნელოვანია პტოლემაიოსების ეგვიპტის ორი დედოფლის — ბერენიკა II-ის (ძვ. წ. IV ს. ფარაკიანი ბეჭედი, ფიჭვნარი) და არსინოა II-ის (ძვ. წ. 316–270 გრანატის ინტალიო, „დედოფლის გორა“) შესანიშნავი პორტრეტული გამოსახულებებით. ძვ. წ. ბოლო საუკუნეების საქართველოს გლიპტიკური ძეგლები გამოირჩევა ფორმისა და შინაარსის მრავალფეროვნებით. ნახელავი ძირითადად ადგილობრივია. დიდი ზომის სამკუთხა და მართკუთხა ფორმის ბრინჯაოს საბეჭდავებზე, ცხოველთა გამოსახულებებია ამოკვეთილი (როქი, ურბნისი წაღვლი, თეთრი წყარო, მონასტერი, სამთავისი, ვაჩნაძიანი, საირხე). გვხვდება მინისა და ქვის სკარაბეოიდები (სანთა, სამთავრო) და ლურჯი, გაუმჭვირი მინის ჩამოსხმული მრავალწახნაგები. ძირითადად ძვ. წ. II–I სს. არქეოლოგიურ კომპლექსებში აღმოჩენილი სერიული ნაწარმი მოწმობს, რომ მათ ავგაროზისა და სამკაულის დანიშნულება ჰქონდა.

ძვ. წ. მიწურულსა და განსაკუთრებით, ახ. წ. I ს-დან საქართველოში (სამთავრო, არმაზისხევი, ბაგინეთი, ზღუდერი, ურბნისი, ბორი, ჟინვალი, კლდეეთი, მოდინახე, აღაიანი, მაგრანეთი, ფიჭვნარი, კახეთის ახალდაბა), გავრცელდა მინერალისა (სარდიონი, ამეთვისტო, გრანატი, ქალცედონი, აქატი და სხვ.) და მინის რომაული გემები, რ-ებითაც ძირითადად ამკობდნენ ბეჭდებს, მედალიონებს, საყურეებს, სამაჯურებს, ქამრის ბალთებს. მ. შ. მაღალმხატვრული ნიმუშები: პრაზემის ინტალიო, რომელზედაც გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის იდეალიზებული პორტრეტი ოსტატ პლატონის ხელმოწერით (არმაზისხევი); მაღალი რელიეფით, თითქმის სკულპტურულად შესრულებული გრანატის კამეა ალექსანდრე მაკედონელის პორტრეტით (მცხეთა); მთის ინტალიო იმპ. ლუციუს სევერუსის (161– 169) შესანიშნავი რეალისტური პორტრეტით (ციხისძირი); ამეთვისტოს ინტალიო იმპერატორ კარაკალის (211–217) ექსპრესიული პორტრეტით (ურბნისი); ამეთვისტოს ინტალიო, რომელზედაც არიადნეს ბიუსტია გამოსახული (წილკანი) და სხვ. მეცნიერთა ვარაუდით, ამ პერიოდში, მცხეთაში იყო გემები: ასპარუგის საბეჭდავი ბეჭედი, სარდიონზე ამოჭრილი მისი პორტრეტითა და წარწერით; გრანატის ინტალიო ქართლის ერისთავის ზევახისა და მისი მეუღლის კარპაკის პორტრეტებით (არმაზისხევი) და სხვ.

V ს. II ნახევარში ინტენსიურად გავრცელდა სასანური ირანის გლიპტიკური ნაწარმი, ე. წ. „სასანური მონოგრამები“ და სხვ. (სამთავრო, არმაზისხევი, ურბნისი, ალევი, მაგრანეთი, კარსნისხევი, ჯინისი, კორბოული, თელოვანი, კაჭრეთი, რუსთავი). აღმოჩენილია VI–VII სს. ბიზანტიური გლიპტიკის რამდენიმე ნიმუშიც (სამთავრო, თიანეთის სიონი, მაგრანეთი).

XI–XIII სს-ში გავრცელებულია ძირითადად ადგილობრივი წარმოების ლითონის საბეჭდავები, იშვიათად – თვლიანი ბეჭდები სხვადასხვა მარტივი სახეებით: რომბი, რომბში ჩასმული წრე, ჯვარი და ექსსხვ. (თიანეთის სიონი, დმანისი, უჯარმა). ამავე ხანებში ბეჭდებზე გაჩნდა ასომთავრული წარწერები. ევროპის აღორძინების ხანისა და XVII–XIX სს. კლასიციზმის ეპოქის გლიპტიკურ ხელოვნებას საქართვ. გლიპტიკურ ძეგლებზე გავლენა არ მოუხდენია. გვიანდ. შუა საუკუნეებში საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა ფორმის საბეჭდავები: ქვის (ძირითადად სარდიონის) ინტალიოები (კათოლიკოს დომენტი II-ის საბეჭდავი, XVII ს.), უმეტესად ასომთავრული ან მხედრული წარწერებით (გიორგი XII-ის საბეჭდავი). აღსანიშნავია კათოლიკოს ანტონ I-ის ვერცხლის საბეჭდავი (XVIII ს. I ნახ.), რომლის პირამიდული ფორმა მოფიქრებულია როგორც სტილიზებული ყვავილი. ზურმუხტზე შესრულებული ასომთავრული წარწერა ასოთა უზადო მოხაზულობითა და ოსტატური შეჯგუფებით დიდ მხატვრულ ეფექტს აღწევს. XIX ს. საბეჭდავთაგან აღსანიშნავია გიორგი XII-ის შვილის, ბატონიშვილ დავითის (1767–1819 წწ.) ლოტოსის ყვავილის მოყვანილობის ლითონის მოხდენილი საბეჭდავი ასომთავრული წარწერით „დვთ“ და ვერცხლის კონუსისებრი საბეჭდავი ივანეს (ი. ჯავახიშვილის პაპა) მხედრული წარწერით „ივ. ჯ ხ.“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 44-45.
  • ბარნაველი ს., საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965;
  • ლორთქიფანიძე მ., საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები, [წგ.] 1–4, თბ., 1954–67;
  • ლორთქიფანიძე მ., ძველი საქართველოს გლიპტიკური ძეგლების კორპუსი, თბ., 1969;
  • ლორთქიფანიძე მ., კოლხეთის ძველი წელთაღრიცხვის V–III სს. საბეჭდავი ბეჭდები, თბ., 1975;
  • ლორთქიფანიძე მ., უძველესი საბეჭდავი ბეჭდები იბერიიდან და კოლხეთიდან, თბ., 1981;
  • ჯავახიშვილი ქ., ურბნისის ნაქალაქარის გლიპტიკური ძეგლები (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გემები, V), თბ., 1972;
  • Максимова М. И., Геммы из некрополя Мцхеты-Самтавро, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16 B.