არმაზისხევი
არმაზისხევი — ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, მცხეთის დასავლეთით, არმაზისხევისა და მდინარე მტკვრის შესართავთან. მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და, საერთოდ, არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს.
არმაზისხევში არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ხევის თავზე ციხეა. „დიდი მცხეთის“ ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარზეა შექმნილი, საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება. არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები 1937-1946 წლებში ჩატარდა. აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს-ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი, კრიმიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი, გვიანდელი ანტიკური და ფეოდალური ხანის ქვის სამარხები. აგრეთვე ერისთავთა სასახლის კომპლექსის ნანგრევები, არმაზისხევის აბანო, წყალსადენის ნაშთევბი, კერამიკური სახელოსნო და მარანი.
განსაკუთრებით მდიდრული იყო ერისთავთა სამარხები (II-III საუკუნეები). სამარხული მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, შუბლსამკაულები (დიადემები), ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკლაურები და სხვა ოქროს ნივთები შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, საფირონის, ამეთვისტოს, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ლაჟვარდის ონიქსის, ალმასის და სხვა ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი თვლებით. მათზე ხშირად გამოსახულება და წარწერაა ამოკვეთილი. ვერცხლის ნივთთაგან გამოირჩევა სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით და მამაკაცის მკერდზეა ქანდაკებით შემკული თასები, სხვადასხვა ფორმის საღვინეები და სხვა. გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და არამეულმა წარწერებმა (არმაზის ბილინგვა და სხვა წარწერები) სიახლე შეიტანეს ანტიკური ხანის საქართველოს ისტორიაში.
ცნობილი გახდნენ იბერთა დიდი მეფე ქსეფარნუგი, ზევახ (ჯავახ) უფალი, ასპარუგი, ჯავახ მცირე, სერაფიტა, ბერსუმა პიტიახში, კარპაკი და სხვანი. შეიქმნა საფუძველი საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური წყობისა და ქართული დამწერლობის წარმოშობის ახლებური გაშუქებისათვის.
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია და სავალე მუზეუმია შექმნილი.
არმაზისხევს 2014 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- აფაქიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 235-239.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი;
- კახა ხიმშიაშვილი (1992) არმაზისხევის ანტიკური ხანის ნაგებობანი გამოქვეყნებულია: ლიტერატურა და ხელოვნება, #1–2, 1992, გვერდები 101–109
- არმაზისხევი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №295, 2014 წლის 14 აპრილი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისათვის „დედაენა - ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდი“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის შესახებ