პიტიახში — სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე ადრინდელ სასანიანთა ირანში, ქართლის სამეფოსა (იბერია) და სომხეთში.[1][2][3]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

პიტიახში (bitaxš) სპარსული წარმოშობის სიტყვაა, მაგრამ დღემდე ამ ტერმინის, არც მისი სომხური ფორმის (bdeašx) და არა ქართული „პიტიახშის“ ეტიმოლოგია და მის მიერ აღნიშნული სახელოს ფუნქციები საბოლოოდ დადგენილი არ არის.

დიმიტრი ბაქრაძის სიტყვებით:

 
„სომხური პიტიახში, ბერძნული petiax ნიშნავს „საზღვრის მცველსა“. პატიახშებად იწოდებოდნენ გუგარის ანუ ჩვენის სომხეთის მთავარნი.“

ყველაზე ადრინდელი სპარსული წარწერების მიხედვით (262 შაპურ I-ის ტრილინგვა და ნარსის პაიკულის ბილინგვა), პიტიახშის ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა ირანის სამეფო კარის დიდმოხელეებს შორის. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პიტიახში იყო მეფისნაცვალი, ხოლო ზოგი მას პროვინციის მმართველად მიიჩნევს. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, მაგალითად, „პიტიახშის“ ტიტულით მოიხსენიებს შაჰის მიერ IV საუკუნის ქართლის გამგებლად გამოგზავნილ ირანელ მმართველს.

სომხური წყაროების მიხედვით, ბდეშხი სანაპირო ოლქის მმართველი იყო. ზოგი მეცნიერის აზრით, სომხეთში ოთხი სადეშხო იყო, მაგრამ უფრო სარწმუნო ჩანს ცნობები მხოლოდ აღძნიქისა და გუგარქის ბდეშხების შესახებ.

არმაზისხევის სამაროვანის გათხრების შედეგად გამოვლინებულ ბერძნულ-არამეულ წარწერებში (ახ. წ. I–III სს.) მოხსენიებული არიან ქართლის პიტიახშები შარაგესი, ბერსუმა, ასპარუგი, ჯავახი, პუბლიკიოს აგრიპა. აღსანიშნავია, რომ ბილინგვის არამეულ წარწერაში აგრიპა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვრად არის მოხსენიებული, ხოლო ბერძნული ტექსტში პიტიახშად.

სიმონ ჯანაშიას აზრით, რასაც სხვა მკვლევარებიც იზიარებენ, აღნიშნულ წარწერებში „პიტიახში“ ქართული „ერისთავის“ აღსანიშნავად უნდა იყოს გამოყენებული. ამ მოსაზრებით, „პიტიახშები“ ანუ „ერისთავები“ არიან ცალკეული პროვინციის გამგებლები. გიორგი მელიქიშვილის აზრით, ტერმინი „პიტიახში“, ჩანს, ქართლში „ერისთავის“ პარალელურად იხმარებოდა სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიის უმაღლესი ფენის წარმომადგენელტა აღსანიშნავად. გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ „პიტიახში“ (რომელიც ჯერ კიდევ აქემენიდთა ხანაში უნდა შემოსულიყო ირანიდან) ქართლში ეწოდებოდა მთავარსარდალსა და უმაღლეს მსაჯულს, რომელიც სტრაბონის აღწერილობაში მეფის შემდგომ მეორე პირად არის მოხსენიებული. ქართული წყაროების მიხედვით, ამ მოხელეს „სპასპეტი“ (შიდა ქართლის ერისთავი და ამასთან ყველა ერისთავთა მთავარი) ეწოდება.

თ. გამსახურდია „პიტიახშსა“ და „სპასპეტს“ შორის იგივეობას ხედავდა, რაც შეეხება ისტორიული ქვემო ქართლის მემკვიდრეობით ხელისუფალთ, რომლებიც V–VI საუკუნეებში ქართულ-სომხური წყაროებით პიტიახშის წოდებას ატარებდნენ, ფიქრობენ, რომ ეს ტიტული მათ დაუმკვიდრდათ იმ დროიდან, როდესაც ეს ოლქი ერთხანს პოლიტიკურად სომხეთში შედიოდა და მისი მმართველები პიტიახშის ანუ სომხურად ბდეშხის წოდებას ატარებდნენ.

V-VII საუკუნეებში პიტიახშობა მხოლოდ საპატიოო ტიტულია და მას რეალური შინაარსი არ ჰქონდა.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 8, გვ. 88, თბ., 1984
  • გამსახურდია თ.,„პიტიახშის ინსტიტუტის საკითხისათვის“, ჟურ. მაცნე, №. 6 თბილისი: მეცნიერება, 1970 წელი. — გვ. 49-75

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. პიტიახში — ერისთავი, ქვეყნის გარკვეული ნაწილის მმართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. — „შუშანიკის წამება“, თავი პირველი. ციტატა: „იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში ძჱ არშუშაჲსი. რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ.“ ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2020.
  2. პიტიახში — ერისთავი, ქვეყნის გარკვეული ნაწილის მმართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. — „შუშანიკის წამება“, თავი მეორე. ციტატა: „და იჯმნა მეფისაგან სპარსთაჲსა პიტიახშმან. და, ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა, ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა-ყო, რაჲთა აუწყოს და წინამიეგებნენ მას აზნაურნი და მისნი ძენი და მსახურნი მისნი, რაჲთა მათ გამო ვითარცა ერთგული სოფლად შევიდეს.“ ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2020.
  3. პიტიახში — ერისთავი, ქვეყნის გარკვეული ნაწილის მმართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. — „შუშანიკის წამება“, თავი მესამე. ციტატა: „ხოლო ეპისკოპოსი იგი სახლისაჲ, მის პიტიახშისაჲ, რომელსა სახელი ერქუა აფოც, არა მუნ იყო, არამედ კაცისა ვისამე წმიდისა ვანად მისრულ იყო კითხვად რაჲსმე სიტყჳსა. და მეცა, ხუცესი დედოფლისა შუშანიკისი, თანავჰყვანდი ეპისკოპოსსა მას. და მყის მოიწია ჩუენდა დიაკონი შინაჲთ და გჳთხრა ჩუენ ესე ყოველი: მოსლვაჲ პიტიახშისაჲ და საქმენი დედოფლისანი.“ ციტირების თარიღი: 19 ივნისი, 2020.
  4. ბახტაძე, მიხეილ (2004). ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში (ძვ. წ. აღ-ის III - ახ. წ. აღ-ის X სს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი, გვ. 44.