ღრმახევისთავი
ღრმახევისთავი — არქეოლოგიური ძეგლი დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ვარდისუბანთან. ადგილ ღრმახევისთავზე მეფრინველეობის ფაბრიკის მშენებლობის დროს აღმოჩნდა მრავალფენოვანი არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მშენებარე ფაბრიკის მთელ ტერიტორიას მოიცავდა. ძეგლი შეისწავლეს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქეოლოგიურმა ექპედიციებმა. გამოვლინდა ადრებრინჯაოსა და გვინბინჯაო-ადრერკინის ხანის ნასახლარი სამაროვნები, აქემენიდური პერიოდის სამარხები და შუა საუკუნეების ნაგებობათა ნაშთები.
მტკვარ-არაქსის კულტრის შემცველი ფენა საგრძნობლად არის დაზიანებული და დანგრეული როგორც გვიანი ხანის ნასახლარის, ასევე მშენებლობის მიერ. გაიწმინდა თიხატკეპნილი იატაკებისა და კერათა ფრაგმენტები, აღმოჩნდა მცენარეულმინარევიანი ბათქაშის ნატეხები. გაითხარა 100-ზე მეტი ორმო, სხვადასხვა ზომის: 0,5 მ სიმაღლიდან 2,5 მ სიმაღლემდე; ზოგი მათგანი ცილინდრული მოყვანილობისა იყო, ზოგიც პირშევიწროებული და ფართოძირიანი. ხშირად ორმოთა თავზე ქვაყრილი იყო მოწყობილი, ხოლო რამდენიმე ორმო ბრტყელი ფილაქვებით იყო გადახურული. ორმოები სავსე იყო ნაცარ-ნახშირიანი ფენითა და კერამიკული მასალის ნამტვრევებით. აქვე იყო ბათქაშის ნატეხები ხის ანაბეჭდით, სადგრის ნატეხები, ობსიდიანისა და კაჟის ისრისპირები და ნამგლის ჩასართები, ხელსაფქვავის ნატეხები, ცხოველთა ძვლები. ორ შემთხვევაში ორმო სამარხად იყო გამოყენებული.
დიდძალი არქეოლოგიური მასალის შესწავლის შედეგად შესაძლებელი გახდა სამ ქრონოლოგიურ საფეხურად დაყოფა: ადრეული, სადაც მტკვარ-არაქსის კულტურის საწყისი პერიოდისათვის დამახასიათებელი კერამიკის გვერდით არსებობს კეცში მცენარეულმინარევიანი თიხის ჭურჭელი. ეს უკანასკნელი ღია ჩალისფერია და ცუდად გამომწვარი, ზედაპირი ანგობირებულია, ანგობი ადვილად იტკიცევბა. უმეტესი მათგანი დიდი ზომისაა და ცილინდრული ფორმის. ჰგავს თრელისა და თეთრიწყაროს ა ფენის მასალებს. მცენარეული მინარევის გარეშე დამზადებული კერამიკა უფრო მრავლადაა და მორუხო-მოყავისფროა, გაპრიალებული ზედაპირით, კეცში ურევია ქვიშა, ქარსი, ფორმათა მრავალფეროვნება არ შეიმჩნევა. კერამიკა ძირითადად სადაა.
მეორე საფეხურში ექცევა ის ორმოები, რომელთა მასალას აქვს შავი გაპრიალებული ზედაპირი, მოვარდისფრო ან მოყავისფრო შიდაპირი, ორი და სამფეროვანი კეცი. ჭურჭლის ფორმა მრავალფეროვანია. არის ორი და სამყურა ქილები, ცილინდრული ფორმის ჭურჭელი, ბადიები, სასმისები, უფრო ხშირად გვხვდება რელიეფური შემკულობა, სპირალური ორნამენტი. საერთოდ აღარ არის ბზენარევი ქსოვილიანი და ღია ფერის ანგობირებული კერამიკა.
ღრმახვისთავზე გაითხარა მტკვარ-არაქსის კულტურის დროის ხუთი ორმოსამარხი და ორი აკლდამა. ორმოსამარხები ინდივიდუალურია, მცირე ქვაყრილით. მიცვალებული დაკრძალულუა გვერდზე ხელფეხმოკეცილი. ორ შემთხვევაში სამარხი ორმოში იყო გამართული. სამარხები მასალით ღარიბია, მხოლოდ რამდენიმე ჭურჭელი იყო ჩატანებული.
აკლდამები ნაგებია ყორულად ამოყვანილი ნაგლეჯი ქვის კედლებით და ქვის ლოდებით არის გადახურული, რომელთა ზემოთ მცირე ქვაყრილია. სამარხები მიმართულია სამხრეთიდან ჩრდილოეთით, შესასვლელი მოწყობილი აქვს სამხრეთის მხრიდან. ერთი აკლდამა საკმაოდ იყო დაზიანებული მშენებლობის მიერ, ხოლო მეორე ხელუხლებელი აღმოჩნდა. მისი ზომებია 3მ X 1,8 მ X 1მ. ქვაყრილის ქვეშ, სახურავ ლოდზე, ეწყო მსხვილფეხა საქონლის ორი თავის ქალა და კიდურების ძვლები. სამარხში აღმოჩნდა 5 მიცვალებული. ოთხი ჩონჩხი მიხვეტილი იყო სამარხის დასავლეთ კედელთან, ხოლო ერთი იწვა ცენტრში, თავით სამხრეთით, მარცხენა გვერდზე კიდურებშემოხრილი. აქვე აღმოჩნდა თიხის ოთხი ჭურჭელი. როგორც სამარხის ნაგებობა, ისე მასში აღმოჩენილი მასალა ზუსტი ასლია სამშვილდის აკლდამებისა. იგი ორმოების მეორე ჯგუფს უნდა ეკუთვნოდეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქეოლოგია, ტ. II, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1992, გვ. 158-159.
- აბრამიშვილი რ., გიგუაშვილი გ., კახიანი კ., ღრმახევისთავის არქეოლოგიური ძეგლები, გამომცემლობა „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია“, თბ., 1980, გვ. 7-83.