აკლდამა (ძვ. ებრ. aqeldam, „სისხლის ველი“) — მიცვალებულის განსასვენებელი ნაგებობა. ზოგჯერ ნაწილობრივ მიწაშია ჩაფლული. დაახლოებით იგივეა, რაც ძველი ქართული სამარხი. სიტყვა „აკლდამა“ ქართულში შემოსული უნდა იყოს IV-V საუკუნეებში ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად.

ჩვეულებრივ, შეიძლება აკლდამის გახსნა და შიგ შესვლა. მას აქვს ეზო, ზოგჯერ — კიბიანი შესასვლელი, ერთი ან რამდენიმე სენაკი, მიცვალებულის დასასვენებელი საცხედრე და საძვალე.

აკლდამას აგებდნენ მშრალი წყობით ან ქვითკირით, ქვათლილებით მოსავდნენ ან კამარით ხურავდნენ. ზოგჯერ შიგნიდან შელესილი და მოხატული ან წარწერებით შემკული იყო. აკლდამაში მარხავდნენ ერთი საგვარეულოს წარმომადგენლებს.

აკლდამის ტიპის ნაგებობებია: მავზოლეუმი, ძველი ეგვიპტური სამარხები — მასტაბა და პირამიდა, ძველბერძნული საკოფაგი, კათოლიკური ტაძრის საკურთხევლის ქვეშ მოწყობილი კრიპტი.

გათხრილი და შესწავლილია მეფეთა და დიდებულთა ბევრი უძველესი აკლდამა.

საქართველოში აღმოჩენილია ქართლის სამეფოს მმართველთა, წარჩინებულთა და მათი ოჯახის წევრთა მავზოლეუმის ტიპის აკლდამები მცხეთაში (I საუკუნე, მცხეთის აკლდამა), ბაგინეთში (II საუკუნე). გარდა ამისა, აკლდამები გათხარეს ივრის სიონში (V-VIII საუკუნეები), ხორნაბუჯის მიდამოებში (V-VIII საუკუნეები) და სხვ. აღსანიშნავია ხევსურეთში სოფელ მუცოს ქვით ნაშენი ოთხკუთხა აკლდამები, რომლის შიდა კედლებზეც ქვის თაროებია და ზედ ადამიანთა ჩონჩხები აწყვია. აგრეთვე მნიშვნელოვანია ანატორის აკლდამები შატილთან.

ხალხურ მეტყველებაში აკლდამა, უმთავრესად, ქვით ან აგურით ნაგები სამარხია ერთი ან რამდენიმე მიცვალებულის დასაკრძალად.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თედორაძე, გ., ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში, ტფილისი, 1930
  • მენთეშაშვილი ს., მიცვალებულთა დამარხვისა და სამარხეების ტერმინოლოგიისათვის, „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, 1944, 12B