მცხეთის აკლდამა — გვიანდელი ანტიკური ხანის არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი. აღმოჩენილია მცხეთის რკინიგზის სადგურთან, მთა ქართლის ჩრდ. ციცაბო კლდის ძირას. გაითხარა 1951 წელს. ერთსენაკიანი, სწორკუთხა ნაგებობაა. აგებულია ქვატეხილით.

მცხეთის აკლდამა
კამერა

შიდა პირი კედლებისა, ნახევრად წრიული თაღი, იატაკი და გარეთა აღმოსავლეთის ფასადი მოპირკეთებულია თლილი ქვიშაქვის ფილებით. შიგნიდან შელესილია მოვარდისფრო ჰიდრავლიკური ბათქაშით. ორფერდა სახურავი აქვს. გადახურულია მცხეთური ბრტყელი, გვერდებაკეცილი და ღარისებრი ქიმიანი კრამიტით. კარი ამოქოლილი იყო მასიური ლოდით. მცხეთის აკლდამა მსგავსებას ავლენს ხმელთაშუა ზღვის აღმ. და ჩრდ. შავი ზღვისპირეთის საკულტო ძეგლებთან. იგი დგას 1,6-2 მ. სიმაღლის გალავნით შემოზღუდულ ეზოში, რომლის ჩრდ.- აღმ. კუთხეში ცხენი აღმოჩნდა ჩაფლული. მცხეთის აკლდამაში ასევე აღმოჩენილი იქნა ქალისა და ბავშვის ძვლები, ხის სარკოფაგის ფიცრებისა და ლითონის ნაწილები. იქვე იყო მძარცველებს გადარჩენილი მდიდრული სამარხეული ნივთები: მათ შორის, ნახევრად ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს აბზინდა.

მცხეთის აკლდამას 2014 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი[1].

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება