ხელსაფქვავი — მარცვლეულის დასამუშავებელი იარაღი. იგი საქართველოს ყველა კუთხეშია ცნობილი სხვადასხვა სახელითა და სხვადასხვა დანიშნულებით. ხელსაფქვავის სახელწოდებებიისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების მიხედვით ასეთია:

ხელსაფქვავის დანიშნულება იყო მარცვლეულის დანაყვა და დაქუცმაცება; მარილის, ნიორის, კორკოტის, საკვების შესაკმაზი მასალის დანაყვა; ბრინჯის, ღომის, მახა-ზანდურის ცეხვა; ხილის დანაყვა და გამოწურვა; თოფისწამლის დანაყვა; ზეთის გამოხდა.

ისტორიულად ცნობილია ხელსაფქვავის ორი ძირითადი ტიპი:

  1. მრგვალი და ბრტყელი მოყვანილობის მსუბუქი ხელსაფქვავი (რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად, მარგილიანი ანუ უთოხო და თოხიანი),
  2. მრგვალი და მაღალი კონუსური მოყვანილობის მძიმე ხელსაფქვავი.

მარგილიანი ანუ უთოხო ხელსაფქვავი ეს არის ერთმანეთზე შედგმული თითქმის ტოლისიმაღლისა და დიამეტრის ორი მრგვალი ბრტყელი ქვა. ქვებს ეწოდებათ ზედა ანუ მამალი ქვა და ქვედა ანუ დედალი ქვა.

თოხიანი ხელსაფქვავი გარეგნულად უთოხოს მსგავსია. მათ შორის არსებით განსხვავებას ქმნის ზედა ქვის ძირზე მიმაგრებული რკინის დეტალი, რომელსაც ეწოდება თოხი (თოხის სხვა დადასტურებული სახელებია არქი, ალქი, სარეკელა და ყელაგულა). თოხის სიგრძეა 15-18 სმ, სიგანე 4-6 სმ, ხოლო სისქე — 2 სმ. მისი საშუალებით ხდება ქვების ერთმანეთთან მიახლოება და დაშორება, რის შედეგადაც ხდება ფქვის რეგულირება. რაც უფრო მჭიდროდ შეეხება ქვები ერთმანეთს მით უფრო წმინდა ფქვილი მიიღება და პირიქით.

ხელსაფქვავში მარცვლის ჩასაყრელ ნახვრეტს ეწოდება ხუმური (ქვემო ქართლი) ან ოფიჩო (გურია), რომლის დიამეტრია 6-10 სმ.

არქეოლოგიური ნიმუშები

რედაქტირება

საქართველოში ხელსაფქვავების უძველესი დროიდან უწყვეტი ტრადიციების არსებობაზე მიუთითებს ყოფაში შემონახული ხელსაფქვავების ანალოგიური განათხარი ნიმუშები. უძველესი მარცვლეულის სასრესები და სანაყები მოპოვებულია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანში აღმოჩენილი იარაღი უძველესია და სამარხეული ინვენტარის მიხედვით თარიღდება ძვ. წ. XIII-IX საუკუნეებით.

ხელსაფქვავები ასევე აღმოჩენილია: მცხეთის, კოლხეთის, შიდა ქართლის, რუსთავის, უჯარმისა და სხვა ტერიტორიებზე.

განათხარი ხელსაფქვავის სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა სოფელ ჩორჯოში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), რომელიც სავარაუდოდ გვიან ბრინჯაო-რკინის ხანით თარიღდება.

განათხარი ხელსაფქვავის საინტერესო ნიმუში დაცულია ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის ღია ცის ქვეშ მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შილაკაძე მ., ხელსაფქვავი, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული ატლასი, თბ., 1985, გვ. 113-122