ვაჩნაძიანი

სოფელი საქართველოში

ვაჩნაძიანი (ყოფილი შრომა) — სოფელი საქართველოში (კახეთის მხარე), გურჯაანის მუნიციპალიტეტში (ვაჩნაძიანის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ვაჩნაძიანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ვაჩნაძიანი
კოორდინატები 41°50′45″ ჩ. გ. 45°39′28″ ა. გ. / 41.84583° ჩ. გ. 45.65778° ა. გ. / 41.84583; 45.65778
ცენტრის სიმაღლე 560
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1529[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაჩნაძიანი — საქართველო
ვაჩნაძიანი
ვაჩნაძიანი — კახეთის მხარე
ვაჩნაძიანი
ვაჩნაძიანი — გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ვაჩნაძიანი

მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 560 მ-ზე, გურჯაანიდან 18 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1529 ადამიანი.

სოფლის მიდამოებში მდებარეობს ე.წ. „დიდწრუბელას“ ბუნებრივი ტბა (ფართობი 3 ჰა). ამ ტბაში ბინადრობს „წითელ წიგნში“ შეტანილი მცირე აზიური ტრიტონი, რამდენიმე სახეობის წურბელა (აქედან მოდის ტბის სახელწოდება), წყლის კუ და სხვ.[2]

ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები თავიანთ ნაშრომებში სოფელ ვაჩნაძიანს არ მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალკე სოფელი არ იყო. იოანე ბატონიშვილის ნაშრომსა და სიგელ-გუჯარებში ნახსენებია „ვაჩნაძიანნი“, „სავაჩნაძო“, მაგრამ ეს არ არის რომელიმე დასახლებული პუნქტის სახელწოდება. ეს ვაჩნაძეების საგვარეულო ადგილ-მამულების საერთო დასახლებაა. ვაჩნაძიანი სოფელ კალაურის უბანი იყო. ჯარისათვის მაჭრის შეგროვების შესახებ, ერეკლე მეფის 1787 წლის ბრძანებაში ნათქვამია: „კალაურის სახასო საპანე ორი და ნახევარი, სავაჩნაძომ ერთობით სამი საპანე“ უნდა გამოიღონ. აქ სავაჩნაძო ტერიტორიული ერთეულია.

სოფელი ვაჩნაძიანი პირველად იხსენიება 1822 წელს თელავის მაზრის შემადგენლობაში. 1841 წელს თელავის მაზრის საპოლიციო უბანს ეკუთვნის. 1865 წელს ვაჩნაძიანში შექმნეს სასოფლო თემი (სოფლები: ვაჩნაძიანი, აკურა, ბუშატი, 1902 წლიდან ასევე ვანთა და კალაური). 1888 წელს საქართველოში საუბნო მმართველობის ხელახალ შემოღებასთან დაკავშირებით, ვაჩნაძიანი წინანდლის საპოლიციო უბანში მოექცა. სოფელში ყმა-მამულებს ფლობდნენ ვაჩნაძეები (აქედან სოფლის სახელწოდება), ჯანდიერები, ჭავჭავაძეები, ჯორჯაძეები და ანდრონიკაშვილები.

1930 წელს მაზრებად დაყოფა გაუქმდა და ვაჩნაძიანი გურჯაანის რაიონს გადაეცა. XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით სოფელს დაერქვა შრომა, 1990 წელს დაუბრუნდა ისტორიული სახელწოდება „ვაჩნაძიანი“.

კულტურული მემკვიდრეობა

რედაქტირება

ვაჩნაძიანი და მისი მიდამოები მდიდარია სხვადასხვა ეპოქის ხუროთმოძღვრული და მატერიალური კულტურის ძეგლებით.

შუა სოფელში ე. წ. „მღვრიე ხევის“ მარჯვენა მხარეს დგას წმ. გიორგის (ამიდასტურის) სამეკლესიანი ბაზილიკა. ეკლესიის ირგვლივ წინაქრისტიანული ხანის მრავალი სამარხია. მისგან სამხრეთით, დაახლ. 20 მ-ზე მიწის პირზე ძველი საძირკვლის ნაშთია. მოსახლეობა მას „სვეტიცხოველს“ უწოდებს. სოფლის შუაში მოსახლე ე. სულაძის ეზოში ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია, მას ოღლიანთ ან სულაძიანთ უსანეთს უწოდებენ.

სოფლის სამხრ-ით, თელავი–გურჯაანის გზიდან 1,5 კმ-ზე, ადგილ გუჯაურებში შემორჩენილია, ე. წ. „ვაჩნაძიანთ პალატების“ ნანგრევები. მის აღმოსავლეთით სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის მახლობლად ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია დგას (რესტავრირებულია XIX საუკუნეში თავად ლ. ჯანდიერის მიერ).

„გუჯაურებში“ გვიანდელი შუა საუკუნეების კიდევ მრავალი ძეგლია შემორჩენილი, მ. შ. რიყის ქვით ნაგები ერთნავიანი ეკლესიები: ზურიას ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია (ეს იყო სოფლის უკანასკნელი მოქმედი ეკლესია). სოფლის დასავლეთით კიდევ ერთი ეკლესიის ნანგრევია. აქვეა ადგილობრივი აზნაურის საცხოვრებელი კომპლექსის ნაშთი, რომლის ძირითადი ნაგებობებია ოთხსართულიანი კოშკი და მის გვერდით მდგომი წმ. გიორგის ერთნავიანი ეკლესია. მოპირდაპირე მხარეს ადგილ „საჯოგეში“ ე. წ. საჯოგის კოშკის ნანგრევებია, მის აღმოსავლეთით, დაახლ. 50 მ-ზე, ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევებია. კოშკები გამიჯნული არის „ბრმა ხევით“. სოფლის ჩრდილოეთით 2 კმ-ზე ადგილ „ულენჯიანში“ დიდი ლოდებით ნაშენი სამნავიანი ბაზილიკის ულენჯიანის უსანეთის ნაშთია (მის ირგვლივ მუხნარი იყო, რომელიც გაჩეხეს და ვაზი გააშენეს). სოფლის სამხრეთით, დაახლ. 8 კმ-ზე, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსია.

სოფელში მდებარეობს გიორგი მაისურაძის სახელობის სოფლის ისტორიის მუზეუმი, რომელიც 1889 წელს აშენებულ თავად ლევან ჯანდიერის სასახლეშია განთავსებული. მუზეუმის ფონდებში არის თავმოყრილი 5000-ზე მეტი სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა,[3] მ.შ. გვიანდელი ბრინჯაოს–ადრინდელი რკინის ხანის ბრინჯაოს ცული.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2014 1529 741 788

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. გურჯაანის სოფელ ვაჩნაძიანში ბუნებრივი ტბა აღმოაჩინეს - knews.ge
  3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუზეუმები - gurjaani.gov.ge