ლევან ჯანდიერი
ლევან ჯანდიერი (ჯანდიერიშვილი) (ფსევდონიმი: ჭიჩოელი) (დ. 1848 – გ. 1921) — ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1909).
ქართველ სამოციანელთა წარმომადგენელი, ილია ჭავჭავაძის წრის წევრი და უახლოესი მეგობარი, „დროშა გიორგიდ“ წოდებული სამხედრო პირის – გიორგი ჯანდიერის შვილი. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1867) მუშაობდა თელავის სამაზრო გამგეობაში შტატგარეშე მოხელედ, 1868 წლიდან – მომრიგებელ შუამავლად, 1878 წელს – სიღნაღის მაზრის უფროსის მოადგილედ, 1883 წლიდან – თიანეთის მაზრის, შემდეგ ტფილისის მაზრის უფროსად, 1905 წლიდან – ერევნის ვიცე-გუბერნატორად, შემდეგ – სოხუმის ოლქის უფროსად, 1909 წელს – თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დირექტორად. სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებდა აქტიური ეროვნულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის; მეფის მოხელეთა თვითნებობის აღსაკვეთად. მთიულები ჩამოასახლა მანგლისის მიდამოებში, სკოლა გახსნა მელაანში.
ლევან ჯანდიერის პუბლიცისტური და ისტორიული ხასიათის წერილები ქვეყნდებოდა „ცისკარში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „მოგზაურში“, „სასოფლო გაზეთში“. საყურადღებოა ნაშრომი „ლეკების აჯანყების შესახებ“ (1902), ნარკვევი – „ჯანდიერი და ჯანდიერისშვილნი“ (1902). რუსულიდან თარგმნილი და გამოცემული აქვს რამდენიმე თხზულება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მწერლობა : ლექსიკონი-ცნობარი, წგნ. I, თბ.: „განათლება“, 1984. — გვ. 445.